ავტორი:

"როცა ოჯახში პრობლემები გვქონდა, დედამ ჩუმად გააფორმა საბუთები და ამერიკაში წავიდა" - დათო დარჩია ცნობილ მამობილზე, მძიმე წლებზე, კარიერასა და შვილებზე, რომლებიც მის სფეროს გაყვნენ

"როცა ოჯახში პრობლემები გვქონდა, დედამ ჩუმად გააფორმა საბუთები და ამერიკაში წავიდა" - დათო დარჩია ცნობილ მამობილზე, მძიმე წლებზე, კარიერასა და შვილებზე, რომლებიც მის სფეროს გაყვნენ

"რუსთაველის თეატრი ჩემი სახლია, მის სცენაზე ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში", - გვითხრა მსახიობმა დათო დარჩიამ, რომელიც თავის ცხოვრებასა და ხელოვნებაზე საუბრობს:

- თეატრისადმი სიყვარული ბავშვობიდან გამიჩნდა: ჩემი ბიოლოგიური მამა, ვაჟა დარჩია პროფესიით მსახიობი იყო. მართალია, სცენაზე ცოტა ხანს თამაშობდა და მერე სულ სხვა სფეროში გადაინაცვლა, მაგრამ ეს მისი პროფესია გახლდათ. ხშირად ვხუმრობ, "ჩისტაკროვნი" გურული ვარ-მეთქი, რადგან დედაჩემიც გურულია, გვარად სიხარულიძე. დედა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ და როცა 8 წლის ვიყავი, დედამ მეორე ოჯახი შექმნა. ის ცოლად მსახიობ გურამ ფირცხალავას გაჰყვა. მამობილს ჩემთან ძალიან მეგობრული, უფრო მეტიც - ძმაკაცური ურთიერთობა ჰქონდა. მისი წყალობით, ყველაზე ცნობილი, პოპულარული მსახიობების გარემოცვაში ვიზრდებოდი და მეორე კლასიდან ვიცოდი, რომ მსახიობი გავხდებოდი.

გურამ ფირცხალავა და თანგული სიხარულიძე (დათო დარჩიას დედა)

- ოჯახში თუ გიწონებდნენ ამ არჩევანს?

- ჩემი არჩევანი არც დედას გაუპროტესტებია და არც გურამს, პირიქით, ის ყველანაირად ხელს მიწყობდა. 20 წლის ვიყავი, როცა ერთად ვითამაშეთ ფილმში "წარსულის აჩრდილები" და საერთო საქმემ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. "წარსულის აჩრდილებში" ისეთ ცნობილ მსახიობებთან მომიწია ურთიერთობა, როგორებიც იყვნენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, გივი ბერიკაშვილი, გივი ჩუგუაშვილი, იმედა კახიანი, გია ლეჟავა, გია ბურჯანაძე, ზურაბ ყიფშიძე და სხვები... ამ ფილმის გადაღებები 1991 წელს დაიწყო, მაშინ საბჭოთა კავშირი ახალი დანგრეული იყო და ფილმებს ჯერ კიდევ იღებდნენ. ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებული გახლდათ, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო და ის ძველი წყობა საბოლოოდ დაინგრა.

- 1990-იანი წლები უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე უარყოფითად აისახა. თქვენ როგორ გაიარეთ ის ურთულესი წლები?

- ის წლები ჩემთვისაც ურთულესი იყო, მაგრამ ისევ საქმე დამეხმარა: "წარსულის აჩრდილებს" რომ ვიღებდით, ქვეყანაში უკვე არეულობა გახლდათ, მერე აფხაზეთის ომი დაიწყო და ჩემი ტოლები ომში მიდიოდნენ, იპარებოდნენ. ეს ფილმი ჩემთვის იმდენს ნიშნავდა, რომ მთლიანად მასზე და ჩემს პროფესიაზე ვიყავი გადართული. ამ ფილმმა და ქართული სცენის ვარსკვლავებთან მუშაობამ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. ფილმს სამი წლის განმავლობაში იღებდნენ, გადაღებები 1994 წელს დასრულდა. იმ სამი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი: ვიცოდი, რომ ვარსკვლავებთან ერთად უნდა მეთამაშა, რომ ეს ჩემი პირველი როლი იყო და როგორმე მაყურებლისთვის თავი უნდა დამემახსოვრებინა. არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხე, მაგრამ დღემდე მახსოვს, ჩემს როლს რა გულმოდგინედ ვეკიდებოდი.

- თქვენი საყვარელი როლიც ეს არის?

- მართალია, "წარსულის აჩრდილებში" რომ დამამტკიცეს, მხოლოდ 20 წლის ვიყავი და ეს ჩემი დებიუტი იყო, მაგრამ გამორჩეული და საყვარელი როლები მაინც არ მაქვს. სულ პატარა, ეპიზოდური როლიც რომ იყოს, მასში მთელ ჩემს ძალასა და ენერგიას ვდებ. ამიტომ ყველა როლი ერთნაირად მიყვარს, რომელიც მითამაშია, "წარსულის აჩრდილებიდან" დღემდე.

- როგორ გაიხსენებთ თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის წლებს?

- ჩემი სტუდენტობის წლები განსაკუთრებით კარგად მახსენდება. თეატრალურ ინსტიტუტში 1986 წელს ჩავაბარე. ერთი წელი გამიცდა, რადგან სკოლაში მასწავლებელთან კონფლიქტი მომივიდა და ატესტატი არ მომცეს, მაგრამ ის ერთი წელიც თეატრში გავატარე, კერძოდ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც სცენის მემანქანე ვიყავი. მეორე წელს უკვე თეატრალურ ინსტიტუტში მოვხვდი, სადაც ფანტასტიკური გარემო დამხვდა: ეს არა მხოლოდ სასწავლებელი - ერთი didi ოჯახი იყო. ძალიან მაგარ ჯგუფში მოვხვდი, ჩამოთვლაც მიჭირს, იმდენი ნიჭიერი ადამიანი სწავლობდა ჩემს კურსზე: ნიკო გომელაური, მალხაზ აბულაძე, მანანა კოზაკოვა და სხვები... გამორჩეული ჯგუფი გვქონდა და ასევე, გამორჩეული პედაგოგი გვყავდა - რეზო მირცხულავა, რომელმაც ჩემი პროფესია კიდევ უფრო შემაყვარა. თეატრალურის ბუფეტიც კი თბილად მახსენდება, რადგან იქ ვიკრიბებოდით, ჩაის ან ყავას ვსვამდით და ვსაუბრობდით. იქვე, თეატრალურში გავიცანი ჩემი ყოფილი მეუღლე - ვიქტორია ბუხნიკაშვილი.

- როდის დაქორწინდით?

- "წარსულის აჩრდილები" ჯერ კიდევ არ იყო გამოსული, როცა ვიქტორია ცოლად მოვიყვანე და ორი არაჩვეულებრივი შვილი გვეყოლა - გუგა და ელენე. გუგას დაბადებას ერთი საინტერესო ისტორია უძღოდა წინ: თეატრში შევედი, რობერტ სტურუა სუფრასთან იჯდა და მიირთმევდა. მივახარე, ჩემი მეუღლე ორსულად არის-მეთქი. - ბიჭი გაჩნდება, მე მოვნათლავ და 21-ე საუკუნის დიდი რეჟისორი იქნებაო, - მითხრა. ამას წინათ ვუთხარი: ბატონო რობერტ, თქვენი ნათქვამი ნაწილობრივ ასრულდა-მეთქი. - ვნახოთ, ვნახოთო, - მიპასუხა.

სხვათა შორის, გუგამ მოულოდნელად გადაწყვიტა რეჟისორობა. ახლა გერმანიაში უნდა სასწავლებლად წასვლა. რაღაცნაირი იმედი მაქვს, რომ ბატონი რობერტის ნათქვამი ასრულდება. მეორე შვილმა - ელენემ მსახიობობა აირჩია, თეატრალური უკვე დაამთავრა, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთ თეატრში არ თამაშობს. მომავალში ვნახოთ...

დათო დარჩია შვილებთან ერთად

- ესე იგი, ორივემ თქვენი სფერო აირჩია. მათ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდით?

- როცა ელენემ თავისი ჩანაფიქრი გაგვიმხილა, მაშინვე ვუთხარი: კარგად დაფიქრდი-მეთქი, რადგან ქალმა, ოჯახთან ერთად, ორმაგი შრომა უნდა გასწიოს, რომ ამ პროფესიაში წარმატებას მიაღწიოს. ვნახოთ, რას შეძლებენ ჩემი შვილები. ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან და ყველაფერი წინ აქვთ. ცხადია, ყველა მამა ნერვიულობს, როცა შვილი ასეთ რთულ გზას ირჩევს, მაგრამ ჩემს გულში ვნატრობ, მათზე კი არ თქვან, რომ დათო დარჩიას შვილები არიან, მირჩევნია, პირიქით იყოს! როგორც გითხარით, თავიდან ორივე გავაფრთხილე, რადგან ეს ურთულესი გზაა. ბევრი მსახიობი ვიცი, რომელსაც წლების განმავლობაში არ უთამაშია, რაც ყველაზე ნიჭიერი ადამიანისთვისაც კი დამღუპველია.

- რატომ?

- როდესაც მსახიობს დიდი პაუზა აქვს, შეიძლება მერე ვეღარც ითამაშოს, რაც ნიჭიერი ადამიანისთვის შესაძლოა კატასტროფად იქცეს. მსახიობისთვის, რაც უნდა ნიჭიერი იყოს, სცენაზე დგომა მაინც აუცილებელია. ადრე თეატრში თუ არ თამაშობდი, კინოში გიღებდნენ. საბჭოთა კავშირის დროს, კინოსტუდია "ქართული ფილმი" მესამე ადგილზე იყო "მოსფილმისა" და "ლენფილმის" შემდეგ. წარმოიდგინეთ, რამდენი სამუშაო ჰქონდათ ქართველ მსახიობებს, ამდენი ვარსკვლავი შემთხვევით კი არ გვყოლია! სამწუხაროდ, თანამედროვე მსახიობებს ამის ფუფუნება არა აქვთ.

- საბედნიეროდ, თქვენ გაგიმართლათ და რუსთაველის თეატრში ვარსკვლავებთან ერთად თამაშობდით...

- გეთანხმებით. რუსთაველის თეატრის სცენაზე უკვე 30 წელია ვდგავარ და ეს თეატრი ჩემს ოჯახად მიმაჩნია. 30 წელია, ამ თეატრს ვემსახურები და ის გამორჩეულად მიყვარს! ნათქვამია: სტუმრად კარგია, მაგრამ შინ ყოფნას არაფერი ჯობსო - ასეა ჩემთვის რუსთაველის თეატრი. უცხოეთშიც მითამაშია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც, მაგრამ აქ რომ ჩამოვდივართ, ყველა ერთად ვაღიარებთ, რომ ეს ჩვენი სახლია, რომ რუსთაველის თეატრის სცენა უნიკალური და განუმეორებელია...წაიკითხეთ სრულად