ავტორი:

რატომ ხვდება ბაზარზე ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სათამაშოები და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

რატომ ხვდება ბაზარზე ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სათამაშოები და რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

სათამაშოების ხარისხის კონტროლი საქართველოში წლებია, გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხზე მედია პერიოდულად ამახვილებს ყურადღებას და კანონმდებლობაც გამკაცრდა, ბაზარზე მაინც ხვდება ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პროდუქცია, რომლის ხარისხის შესახებ მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში, ინფორმაცია არ მიეწოდება.

კონტროლის რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს სათამაშოების უსაფრთხოების შესამოწმებლად, რამდენად ეფექტიანია ის და არიან თუ არა მშობლები ინფორმირებულები საშიში პროდუქციის შესახებ?

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, 2020 წლის 20 იანვარს დამტკიცდა მთავრობის N47 დადგენილება სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, რომლის თანახმად, სათამაშოები უნდა შემოწმდეს როგორც დოკუმენტურად, ისე ვიზუალურად და ლაბორატორიულად. რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდა და საბოლოო სახით 2021 წლის ივლისში ამოქმედდა.

რეგლამენტის თანახმად, სათამაშოების ბაზრის მარეგულირებლის ფუნქციას ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ასრულებს. ამასთან, პროდუქციის ხარისხის კონტროლის პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია შემოსავლების სამსახურს, რომელიც საბაჟოზე აკონტროლებს დოკუმენტაციას, ეჭვისა და რისკების არსებობის შემთხვევაში კი ზედამხედველ ორგანოსთან კოორდინაციით დამატებით ღონისძიებებს ატარებს. საჭიროების შემთხვევაში კი საეჭვო სათამაშოების ნიმუშები ლაბორატორიულად მოწმდება.

კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ მომხმარებლებს კიდევ უფრო დიდი ბერკეტი მიეცათ, მაღაზიებში მოითხოვონ პროდუქტის ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, ისინი სათამაშოზე დატანილი მონაცემებითაც ამოიცნობენ, ხარისხიან პროდუქტთან აქვთ საქმე თუ გაყალბებულთან.

იცავს თუ არა ბიზნეს სექტორი რეგულაციას?

რა შედეგები მოჰყვა კანონის გამკაცრებას, როგორ აკონტროლებენ ხარისხს ქსელური მაღაზიები და რა უკუკავშირი აქვთ მომხმარებლებისგან, ამის შესახებ „პეპელასა“ და “XS სათამაშოების“ წარმომადგენლებს ვესაუბრეთ.

როგორც „პეპელაში“ განმარტავენ, მიუხედავად კანონის ამოქმედებისა, ბაზარზე მაინც ხვდება დიდი რაოდენობით უხარისხო და მავნე ნივთიერებების შემცველი პროდუქცია, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება.

„პეპელაში“ წარმოდგენილი პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ყველა მათგანს მოჰყვება შესაბამისი სერთიფიკატი, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ პროდუქტს გავლილი აქვს ლაბორატორიული შემოწმება და ტესტრეპორტი. ჩვენ მომხმარებელს მუდმივ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას პროდუქციის ხარისხისა და წარმომავლობის შესახებ. მშობელი პრიორიტეტად სათამაშოს უსაფრთხოებასა და პროდუქტის უვნებლობას აყენებს, თუმცა ბაზარი ძირითადად, გაჯერებულია ისეთი სათამაშოებით, რომელსაც ხარისხის კონტროლი გავლილი არ აქვს. აქედან გამომდინარე, თავი უნდა შევიკავოთ პროდუქციის ისეთ ადგილებში შეძენისგან, სადაც ვერც ავთენტურობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გვთავაზობენ და პროდუქტზე დატანილ ანოტაციაშიც არასრული და არაზუსტი ინფორმაციაა მითითებული. ასეთი ადგილები კი საკმაოდ მრავლადაა“, - განმარტავს „პეპელას“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გუსა დედანაშვილი.

მისივე თქმით, „პეპელას“ ჯერ კიდევ რეგულაციების გამკაცრებამდე ჰქონდა ამოქმედებული მკაცრი კონტროლის მექანიზმი, რომელიც პროდუქციის მხოლოდ ოფიციალური მწარმოებლისგან შეძენას გულისხმობდა.

„მიუხედავად ყალბსა და ორიგინალს შორის არსებული განმასხვავებელი ნიშნებისა, მშობელს რიგ შემთხვევაში, მათი ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს. მაგალითისთვის, ბავშვის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა ისეთი მწარმოებლების პროდუქცია, როგორიცაა „ჰასბრო“, „კლემენტონი“, „“, „ჰოთ ვილსი“ და „ლეგო“, რომელიც ოფიციალურად შემოდის ჩვენთან. მაღალი მოთხოვნის გამო, ხშირად სწორედ მათი გაყალბებული ვერსიები ხვდება ბაზარზე“, - განმარტა კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

გაყალბებული პროდუქტები უმეტესად ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს რომლებიც შესაძლოა ბავშვებში ბევრი პრობლემის გამომწვევი აღმოჩნდეს.

„მძიმე მეტალებით დაბინძურებული პროდუქტი შეიძლება ლამაზ თაროებზე შემოწყობილიც კი დახვდეთ. რეალურად, თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც სათამაშოს უვნებლობაში დაგარწმუნებთ, ეჭვის შემთხვევაში კი ბაზარზე რეგულირების სააგენტოს მიმართეთ,“ - აღნიშნა გუსა დედანაშვილმა.

როგორ უნდა შეარჩიონ მშობლებმა უსაფრთხო სათამაშო?

“XS სათამაშოებში“ განმარტავენ, რომ არსებობს ორიგინალი და გაყალბებული სათამაშოების განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც ვიზუალური დაკვირვებით მარტივად მისახვედრია:

  • აუცილებელია, დავაკვირდეთ შეფუთვას, მასზე დატანილ წარწერასა და ლოგოს. გაყალბებულ პროდუქტზე მაგალითად, ლოგო შეიძლება საეჭვოდ გამოიყურებოდეს;

  • პროდუქტის შესახებ ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზეც;
  • ყველა ორიგინალი სათამაშო არის მაღალი ტექნოლოგიით დამუშავებული და ხარისხი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს;

  • საეჭვოა რბილი ან მყარი პლასტმასის უჩვეულო სუნი, რომელიც მის უხარისხობაში დაგარწმუნებთ

ფოტოზე მარცხნივ ორიგინალი, მარჯვნივ - მისი ფალსიფიცირებული ვერსია.

“XS სათამაშოების“ მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ბექა ბერიანიძის ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით პროდუქტზე ნიშნებს, რომელიც სათამაშოს უსაფრთხოების მანიშნებელია, მაგრამ ასეთი ნიშანი შეიძლება გაყალბებულ სათამაშოზეც შეგხვდეთ. ასეთ პროდუქტს არანაირი ლაბორატორიული კვლევა არ აქვს გავლილი და სხვა ყალბი სათამაშოების მსგავსად ფალსიფიცირებულია.

სათამაშოების ქსელურ მაღაზიებში განმარტავენ, რომ დაინტერესებულ მომხმარებელს როგორც „პეპელას“, ისე „XS სათამაშოების“ წარმომადგენლები პირად შეტყობინებაში უგზავნიან პროდუქციის ავთენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. მათი წარდგენა ასევე, მაღაზიებშიც შესაძლებელია. ამასთან, ყველა ახალი პროდუქტი, რაც მათ ქსელში შედის, თაროზე მოხვედრამდე ლაბორატორიულ შემოწმებას გადის.

„მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს დეტალური ინფორმაცია, როგორ განასხვაოს ორიგინალი და ყალბი სათამაშო ერთმანეთისგან, ბოლო პერიოდში შეინიშნება ტენდენცია, რომ სულ უფრო მეტი მყიდველი გვთხოვს უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რაც მისასალმებელია. ვფიქრობ, რომ თუ კანონმდებლობის აღსრულებაც უკეთ მოხდება და მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად იქნება ინფორმირებული კონტროლის მექანიზმებზე, უკეთ გავუფრთხილდებით ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“, - აღნიშნეს „XS სათამაშოებში“.