ხშირად ვიმეორებთ ამ ტერმინს - "გლობალური ომის პარტია", რადგან დავალება მოდის ერთი მიმართულებიდან, ჩაიშლება მერე აქაურ "ომის პარტიაში", გარეთ მათ ლობისტებში და საქართველოს და ბიძინა ივანიშვილს უტევენ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ბრიუსელში გამართულ კონფერენციას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინაში ომს და რუს ოლიგარქებს ეძღვნებოდა და საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე.
მისი თქმით, კონფერენციის ორგანიზატორი იყო გონჩარენკო, რომელიც როგორც მდინარაძე აცხადებს, "რამდენიმე წლის წინ "გეორგიევსკის ლენტით" დარბოდა".
"მუდმივად გვამუნათებენ როგორ ვიკადრეთ, რომ ამ ხალხს ომი უნდა საქართველოში და მეორე ფრონტის გახსნა, მთავარი ორგანიზატორი ამ კონფერენციის არის გონჩარენკო, რომელიც რამდენიმე წლის წინ "გეორგიევსკის ლენტით" დარბოდა და მკერდს უმშვენებდა, მოგვიწოდებდა სოხუმში და აფხაზეთში შეგვესეირნა და სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამ მოცემულობას, უტევენ საქართველოს და ბიძინა ივანიშვილს. თუ ვინმე იფიქრებს, რომ ამ ყველაფერში კავშირი არ არის, ეს უცნაური იქნება და სუბიექტური იქნება, ასე ვერ იფიქრებს ვერც ერთი ნორმალური ადამიანი, რადგან თუ ადამიანი მოგიწოდებს, წადი იბრძოლე, მეორე ფრონტის ხაზი გახადე საქართველო და მერე შეუტევს ბიძინა ივანიშვილს, რაღაც ელემენტარული კავშირი უნდა დაინახო, ეს არის ლოგიკა.
ჩვენ შემთხვევით არ ვიძახით და ხშირად ვიმეორებთ ამ ტერმინს - "გლობალური ომის პარტია", დავალება მოდის ერთი მიმართულებიდან, ჩაიშლება მერე აქაურ "ომის პარტიაში", გარეთ მათ ლობისტებში, დავალების მიმცემები ერთმანეთს აზრებს უზიარებენ, იქ გონჩარენკო, აქ ვიღაც ქართული სახელით და გვარით ომის მოსურნე და შესაბამისად საქართველოს მტერი და უტევენ ხან ბიძინა ივანიშვილს, ხან ომი უნდათ, მშვიდობას უტევენ, ხან ეკლესიას შეუტევენ, მარტივად დალაგებული პრიმიტიული სქემაა, რომელიც არ ჭრის ქართულ საზოგადოებაზე,"- განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის თქმით, ოპოზიციას სიტყვა მშვიდობაც კი აღიზიანებს და შემდეგ სწყინთ, რატომ ეძახიან მათ ომის პარტიას.
„შეიძლება დააყენონ საკითხი, რომ ავკრძალოთ ნაწარმოები "ომი და მშვიდობა", თან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი იყო ტოლსტოიო იტყვიან და თან სიტყვა "მშვიდობაა" ნახსენებიო, შემდეგ შეიძლება "მზიურზე" თქვან, ასეთი ანსამბლი იყო წარსულში ძალიან კარგი, რომელზეც თქვეს, რომ ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნებაო, შეიძლება თქვან, რომ მისი გახსენება როგორ შეიძლება, თუ ომი აღარ იქნება, ასეთ სიგიჟეში არიან წასულები, ასეთ უტოპიაში,"- განაცხადა მდინარაძემ.