ავტორი:

პირველი ელდა და ახალი სტატუსი - მე  C ჰეპატიტი მაქვს! - უსიამოვნო ფიქრები, ეჭვები,  სტიგმა და... ხსნა

პირველი ელდა და ახალი სტატუსი - მე  C ჰეპატიტი მაქვს! - უსიამოვნო ფიქრები, ეჭვები,  სტიგმა და... ხსნა

C ჰეპატიტმა წლების განმავლობაში საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. საბედნიეროდ, 2015 წლიდან ამერიკული კომპანია "გილიარდის“ თანადგომით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. ამ პროგრამით საქართველოს მოქალაქეებს უფასო სკრინინგისა და ძვირად ღირებული უახლესი მედიკამენტებით უფასოდ მკურნალობის საშუალება მიეცათ. ელიმინაციის პროგრამით ბევრმა ისარგებლა, მაგრამ ქალაქად თუ სოფლად მაინც ბევრი ადამიანია, ვინც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის - გულგრილობის ან "მე საიდან უნდა მქონდეს“ პრინციპით, სკრინინგს თავს არიდებს და საკუთარი სტატუსის დასაზუსტებლად არ მიდის, არადა უხილავი ვირუსი ვერც იგებ, ისე შემოდის ჩვენს ორგანიზმში და ყოველგვარი გამოვლინებების გარეშე, ნელ-ნელა აზიანებს ღვიძლს, შემდეგ სხვა ორგანოებს და ხშირად ციროზამდე და კიბომდეც კი მივყავართ. ექიმების გარდა, საინფორმაციო კუთხით ვირუსთან ბრძოლაში ჩაერთნენ ისინი, ვინც C ჰეპატიტის გამო ჯოჯოხეთი გაიარეს და მაინც დაამარცხეს ვირუსი. პაციენტთა ორგანიზაციები ამჯერად თქვენთვის იბრძვიან, განკურნებული პაციენტები ცდილობენ, თქვენ მაინც გაგიადვილონ ვირუსთან დროულად გამკლავება. არ გჯერათ? მაშინ ბოლომდე მომისმინეთ და მიხვდებით, რატომ გიზიარებთ ამბავს, რომელიც ჩემს უახლოეს მეგობარს - ტასოს გადახდა თავს.

  • პირველი ელდა და ახალი სტატუსი - მე C ჰეპატიტი მაქვს!

ჩემი მეგობარი ტასო ყოველთვის ძალიან ენერგიული და დაუღალავი იყო, სულ ვარჯიშობდა, მოგზაურობდა, ფეხითაც დადიოდა, ავადაც თითქმის არასდროს გამხდარა, შესაბამისად, ექიმებსაც იშვიათად სტუმრობდა. 2013 წელს ბავშვობის მეგობარი დაეღუპა და, სავარაუდოდ, ნერვიულობის გამო, ფეხზე უზარმაზარი სისხლჩაქცევა გაუჩნდა. ახლობლებმა სასწრაფოდ სისხლის ანალიზი გადაამოწმებინეს. ყველა მაჩვენებელი წესრიგში ჰქონდა, გარდა თრომბოციტებისა და ლეიკოციტებისა - ორივე ნორმის ზღვარს საკმაოდ ჩამორჩებოდა. ტასოს მაშინღა გაახსენდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ნელ-ნელა, სწორედ ეს მაჩვენებლები ჩამოდიოდა ნორმაზე დაბლა. ოჯახის ექიმი ამშვიდებდა, გადაღლილი ხარ და იმუნიტეტი დაგისუსტდაო. ბოლო ანალიზის პასუხები თავის ექიმ მეგობარს გაუზიარა, ეს უკანასკნელი კი შეშფოთდა, თავის ენდოკრინოლოგ და ჰეპატოლოგ მეგობრებთან კონსულტაცია გაიარა და ტასოს სასწრაფოდ ღვიძლის ფუნქციები გადაამოწმებინა... აქედან დაიწყო ყველაფერი - ნორმის ზღვარს გვარიანად გადაცილებული ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლის გამო, სასწრაფოდ C და B ჰეპატიტების ტესტი გააკეთებინეს. B-მ უარყოფითი შედეგი უჩვენა, C-მ - დადებითი, ამიტომ მაშინვე B ჰეპატიტის აცრა გაიკეთა, C-ჰეპატიტიანის სტატუსი კი ელდა აღმოჩნდა, რადგან არც ტასომ და არც მისი მეგობრების უმეტესობამ ხეირიანად არაფერი იცოდა ვირუსული ჰეპატიტის გავრცელებისა და მისი გადადების გზების შესახებ. ტასო იმავე მეგობარმა თავის ინფექციონისტ მეგობართან - თამარ რუხაძესთან მიიყვანა. შემდეგი კვლევა ვირუსის გენოტიპისა და რაოდენობის დადგენას ითვალისწინებდა. თამარი ნატრობდა, ეგებ გადავრჩეთ და I გენოტიპი არ იყოს, რადგან ყველაზე რთული სამკურნალოაო. ლაბორატორიიდან გამოსულმა ტასომ ფურცელს შიშით დახედა და... ეს უკვე მეორე ელდა იყო - სწორედ I გენოტიპი აღმოაჩნდა. ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ არ უტირია. კვლევები გრძელდებოდა და ანალიზებიდან ერთი სიკეთე მაინც გამოჩნდა - მართალია, ღვიძლი ძალიან დაზიანებული იყო, რაც ვირუსის ხანგრძლივობაზე მეტყველებდა, მაგრამ უთხრეს, საბედნიეროდ, ვირუსი ცოტაა, რაც ნიშნავს, რომ ნელა მრავლდებაო. იმხანად საქართველოში ამ ვირუსის სამკურნალოდ ერთადერთი მეთოდი არსებობდა, ისიც - ინიექციით გასაკეთებელი ინტერფერონი და რიბავერინის აბი. ექიმმა შეამზადა, რომ ეს მკურნალობა ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად ძალიან არყევდა ადამიანის ჯანმრთელობას და არც დადებითი შედეგი იყო გარანტირებული.

  • ბრძოლა სიცოცხლისთვის - მეგობრობის ფასი და ადამიანების სიკეთე

ყველაფერთან ერთად, ანალიზებიც და მკურნალობაც უძვირესი იყო, რასაც ტასო კი არა, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ შეწვდებოდა. ეს ამბავი მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა იცოდა და ოღონდ ტასო კარგად ყოფილიყო, ყველა შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. თვითონ მზად იყო, სახლი გაეყიდა, მაგრამ მკურნალობას ის თანხა არც ეყოფოდა. ტასოს ერთ-ერთი მეგობრის საფრანგეთში მცხოვრებმა მეგობრებმა შესთავაზეს, ეგებ ჩვენამდე ჩამოხვიდე და აქ მოვიფიქრებთ, რა შეიძლება გაგიკეთოთო. ტასო გაოცებული იყო, ფაქტობრივად, უბრალოდ ნაცნობებმა ამგვარი გულისხმიერება გამოიჩინეს, ასე შეწუხდნენ მისი მდგომარეობით (დღეს ეს ადამიანები ტასოს უძვირფასესი მეგობრები არიან). საფრანგეთში წასვლა მაინც ვერ გაბედა და ექიმის რჩევით, ორგანიზაციებისთვის თანხის სათხოვნელად მისვლა ამჯობინა. თანამდებობაზე მყოფ ბავშვობის მეგობართან უნდოდა მისვლა, მაგრამ მოერიდა და მასთან შუამდგომლობა სთხოვა თავის უახლოეს მეგობარს, რომლისთვისაც ასევე დიდი განცდა იყო ტასოს ამბავი. აღარც დაფიქრებულა, მოკლედ მოუჭრა, არავის არაფერს ვთხოვ, მე მოგცემ სამკურნალო ფულსო. ის-ის იყო, ტასოს მკურნალობა უნდა დაეწყო, რომ თავისივე ექიმმა, სიფრთხილიდან გამომდინარე, სისხლის კიდევ ერთი ანალიზის გადამოწმება სთხოვა, ისეთის, რაც პროტოკოლით არ იყო გათვალისწინებული და აუტოიმუნურ დაავადებებს უკავშირდებოდა. წავიდა, გადაიმოწმა და 2 კვირაში პასუხი მოვიდა - ღვიძლის მემბრანის მიმართ ანსტისხეულები ძალიან მომატებული იყო. ესეც მორიგი ელდა იყო, რადგან დაეჭვდნენ, C-ს პარალელურად აუტოიმუნური ჰეპატიტიც არ გქონდესო. ამგვარი თანხვედრა უიშვიათესი ყოფილა, მაგრამ თუ მაინც ასე აღმოჩნდებოდა, ინტერფერონით მკურნალობას შეეძლო შოკი და ლეტალური შედეგიც კი გამოეწვია.

ცნობილმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ ტასოს გამო 3 კონსილიუმი მოიწვია, მაგრამ მაინც ვერ გაბედეს მკურნალობის დაწყება. საბოლოოდ ურჩიეს, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, ვინმე, დოქტორ მანსთან გადაემოწმებინა ორი ჰეპატიტის შესაძლო თანაარსებობის ამბავი და მკურნალობის შესაძლებლობა. რაკი ვერ მკურნალობდა და უნდა გამგზავრებულიყო, იმავე მეგობარმა დააფინანსა, სხვა მეგობრებიც დაეხმარნენ და ტასო ჰანოვერში გაემგზავრა, თან გაჰყვა გერმანულის მცოდნე მეგობარი, რომელმაც მის გამო თვეების ბავშვი დატოვა შინ. ტასოს გერმანელმა ექიმმაც იგივე უთხრა: ვირუსი ცოტა გაქვს, ნელა მრავლდება და ამიტომ, ორგანიზმს ხელს თუ შეუწყობ, არაფერი გაგირთულდება. მალე ამერიკაში C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი, ეფექტიანი მედიკამენტის - ჰარვონის გამოცდა დასრულდება და ერთ წელიწადში შემოიტანენ ევროპაში, მაგრამ ძალიან ძვირად ღირებული არის და თქვენ, ალბათ, ვერ გაწვდებით საზღვარგარეთ მის ყიდვასო. ტასო თბილისში დაბრუნდა და ლოდინის მეტი არაფერი დარჩენოდა, თუმცა არც უიმედობის განცდა გასჩენია - უფალს მიენდო და ცხოვრებას ახალი სტატუსით, მაგრამ - ჩვეული რიტმით განაგრძობდა. საბედნიეროდ, სწორედ მაშინ დაპატიჟეს უკრაინელმა მეგობრებმა კიევში და ეს მოგზაურობა, ულამაზესი წმინდა ადგილების მოლოცვა და კიეველ მეგობრებთან გატარებული დღეები კიდევ ერთი უებარი წამალი აღმოჩნდა მისთვის. ზოგადად, ის წელი ტასოსთვის სასწაულების წელი იყო. მართალია, ინტერფერონით მკურნალობა გამოირიცხა, მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობდა უფლის წყალობას - რომ იტყვიან, გზები იხსნებოდა და გაუჩენელი ჩნდებოდა. ტასოსთვის მისი მოძღვარი - დეკანოზი გიორგი ლოცულობდა; დაუგეგმავ მოგზაურობებშიც მოუხდა წასვლა - მოულოდნელად მისი მეგობარი უკრაინელები ჩამოვიდნენ თბილისში, რასაც მათთან ერთად ნანატრი ლომისის მონასტრის პირველად მოლოცვა და ბერ კახაბერთან შეხვედრა მოჰყვა; იმავე უკრაინელების მოძღვრის, დეკანოზ ვახტანგის კურთხევით, საქართველოს წმინდა ადგილები მოინახულა; სწორედ მაშინ გადაეყარა სტუდენტობის დროინდელ ახლობელს, რომელმაც კვებითი დანამატებით ორგანიზმის გაძლიერება შესთავაზა და ასე გაგრძელდა ცხოვრებაც - იმედით და მეგობრებით სავსე. ნაკლებად იხსენებდა ვირუსს და მეტად - კარგ ამბებს, თუმცა...

  • უსიამოვნო ფიქრები, ეჭვები, სტიგმა და... ხსნა

დასაწყისში ხშირად აეკვიატებოდა ხოლმე ფიქრი, რომ ახლობლებს მასთან ერთად სადმე გამგზავრების ეშინოდათ, ცხადია იმიტომ, რომ C ჰეპატიტი მართლაც გადამდები იყო, ოღონდ იმდენად კარგად გაერკვა ამ ვირუსის ბუნებაში, ზუსტად იცოდა, რომ იგი სისხლით გადადიოდა და არა - ხელის ჩამორთმევით ან გადაკოცნით. თვითონ კი იცოდა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ ასევე ფიქრობდა იმ ადამიანების ნაწილი, ვისთანაც ურთიერთობდა. ამიტომ კომპლექსი ტასოსაც აწუხებდა. თავის მეგობრებს სულ ეხვეწებოდა, წადით და შეიმოწმეთ, გაქვთ თუ არა ვირუსი, რადგან სირაქლემის პოზიცია ვერაფერში გამოგადგებათო. მართალიც იყო, მაგრამ უმეტესობა თავს იკავებდა და ვფიქრობ, სტიგმის პრობლემაც იყო და შიშიც, რომ შეიძლებოდა C ჰეპატიტი აღმოჩენოდათ... რასაც მოჰყვებოდა დაუსრულებელი კთხვები: საიდან? როგორ? ტასოსაც დიდხანს აწვალებდა ეს კითხვები, ტანჯავდა კიდეც, მაგრამ ბოლოს მიხვდა, ვერაფერს დააზუსტებდა, რადგან როგორც სხვები, ისიც დადიოდა სტომატოლოგთან, დადიოდა სალონში, უნებლიეთ სამზარეულოში თითს იჭრიდა, და მართალია, ოპერაცია არასდროს გაუკეთებია, ესეც საკმარისი ჩამონათვალი იყო ვარაუდებისთვის. როდესაც ვირუსი აღმოაჩნდა და გაურკვევლობაში იყო, საჯაროდ გამხელა გაუჭირდა, ისევე, როგორც უმრავლესობას - იმ პერიოდში. მხოლოდ ვიწრო წრეს გაანდო და მათ შორის თავის მეგობარს და კოლეგას - ირაკლი იმნაიშვილს, ადამიანს, ვინც საქართველოში პირველმა განაცხადა საჯაროდ თავის C ჰეპატიტზე. მერე, ნელ-ნელა, ამ საკითხებს ჩაუღრმავდა, შეისწავლა და თვეების განმავლობაში, ირაკლის თხოვნით, C ჰეპატიტის მქონე პაციენტებს თავად უტარებდა საინფორმაციო ტრენინგებს. სწორედ იქ, უცნობ ადამიანებთან, თამამად საუბრობდა თავის დაავადებაზე და მათაც ურჩევდა, არ შერცხვენოდათ თავისი სტატუსის, ჯანსაღად ეცხოვრათ, იმედი არ დაეკარგათ და ებრძოლათ ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადარჩენისთვის. ეს ტრენინგები მასაც ეხმარებოდა და მის აუდიტორიასაც, მალე კი ყველაზე დიდი სასწაული მოხდა - ტასოსაც და, ზოგადად, საქართველოს ყველა მოქალაქეს მხსნელად ელიმინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა მოევლინა. რთული დიაგნოზიდან გამომდინარე, ამ პროგრამის ერთ-ერთი პირველი პაციენტიც სწორედ ჩემი ტასო იყო. ჰარვონი C ჰეპატიტის სწორედ ყველაზე რთული - I გენოტიპისთვის შეუქმნიათ ამერიკელებს, ამიტომ 6-თვიანმა კურსმა ტასოს ვირუსი იოლად გააქრო. მას შემდეგ წლები გავიდა, ჩემი მეგობარი ჩვეულებრივ, ჯანსაღ ცხოვრებას განაგრძობს და მუდმივად ამოწმებს ღვიძლის მდგომარეობას. შედეგი? - ღვიძლის დაზიანების ხარისხი F4-დან F2-მდე ჩამოვიდა, აუტოიმუნური კვლევაც ჩაიტარა და... ყველაფერი ნორმაშია. ეს კი ნიშნავს, რომ ღვიძლმა აღდგენა დაიწყო!

  • ჩემს სტატიაში ერთი ადამიანის შესახებ გიამბეთ, ზოგადად, სტატისტიკა კი ასეთია:

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში სკრინინგი ჩაიტარა 1, 413, 442-მა ადამიანმა, რაც საქართველოს მოსახლეობის 63%-ს შეადგენს; 75, 000-მდე ადამიანმა იმკურნალა და სრულად განიკურნა. მართალია, დღეს C ჰეპატიტზე უამრავი ინფორმაცია არსებობს, ფაქტია, რომ ადამიანების დიდი ნაწილი მაინც თავს იკავებს სკრინინგისგან, შესაბამისად, არც თავისი სტატუსი იცის და შეიძლება, შემთხვევით საკუთარი ოჯახის წევრებიც კი დააზარალოს. ამის თავიდან ასაცილებლად მარტივი გზა არსებობს - გაიგოთ, გაქვთ თუ არა C ვირუსი.

იცოდეთ, C ჰეპატიტი არ იცდის! ელიმინაციის პროგრამა 2025 წელს დასრულდება, ამიტომ თუკი ჯერ არ გაგირკვევიათ, ხართ თუ არა ვირუსის მატარებელი, ნუ გადადებთ და მიაკითხეთ კლინიკებს - თბილისის მასშტაბით 11 სამკურნალო დაწესებულებაა, სადაც C ჰეპატიტის დიაგნოსტიკას და მკურნალობას უფასოდ ჩაგიტარებენ; ასევე, პაციენტთა ორგანიზაციების თაოსნობით მობილური ლაბორატორიები ჩადიან საქართველოს რეგიონებში და მოსახლეობას იქვე უტარებენ სკრინინგს. ვფიქრობ, რომ არჩევანს საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობის სასიკეთოდ გააკეთებთ!

ავტორი: ირმა ხარშილაძე