ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ზამთრის (დეკემბერ-თებერვლის) ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ზამთრის (დეკემბერ-თებერვლის) ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” ზამთრის ნომერი #5 (126), რომელშიც წაიკითხავთ:

“ფანჯარა” ორი ათასი წლის მიღმა

შთამბეჭდავი პორტრეტი ჩვენი ჟურნალის ყდაზე არ გახლავთ რომელიმე კლასიკოსი მხატვრის ნამუშევარი და არც მეტ-ნაკლებად ცნობილი ისტორიული პირია გამოსახული. ეგვიპტეში, ფაიუმში, ახ.წ. I-III საუკუნეებში შექმნილი ფერწერული პორტრეტები პირველად 1615 წელს იპოვეს. ისინი იტალიელმა მოგზაურმა პიეტრო დელა ვალემ აღწერა. ფაიუმის პორტრეტებმა, რომელიც ერთგვარი “ფანჯარაა” ორი ათასი წლის მიღმა, გავლენა მოახდინა ადრექრისტიანულ ხატწერაზე. მათ ხატწერის წინამორბედებსაც უწოდებენ. პორტრეტებს აქვთ ბუნებრივზე დიდი თვალები. ძველეგვიპტელთა რწმენით, ადამიანის გაფრენილი სული უკან თვალებიდან ბრუნდება. თვალები “სულის კარიბჭეა”, ხოლო მათი დაფარვა საშინელ შურისძიებად მიიჩნეოდა. დღეს სულ 900-მდე ასეთი პორტრეტია ცნობილი, ისინი მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების ექსპოზიციის აუცილებელი ნაწილია.

რა ხდებოდა ხრუშჩოვის მმართველობის მიწურულ

სსრ კავშირის ლიდერად აღზევებული ნიკიტა ხრუშჩოვი არ სწყალობდა საქართველოსა და ქართველ ერს... თავისი მმართველობის დასასრულს ხრუშჩოვი შეეცადა, აფხაზეთის ასსრ გამოეყვანა საქართველოს შემადგენლობიდან და რუსეთისთვის შეეერთებინა. ამ სურვილს სსრ კავშირის ხელისუფლების სათავეში მოკალათებული რუსი შოვინისტები ფარულად ყოველთვის ელოლიავებოდნენ, ხოლო დროდადრო აშკარადაც გამოხატავდნენ. 1963 წლის აგვისტოში ეს კიდევ ერთხელ გამჟღავნდა. იმხანად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის თანამდებობაზე მომუშავე დევი სტურუა იგონებდა: “მჟავანაძემ დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი. მის კაბინეტში აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ ბღაჟბა იჯდა. მჟავანაძემ რუსულად მიმართა: - აბა, გაიმეორე ის, რა მომიყევი.

აქ მომყავს თითქმის უცვლელად მიხეილ ბღაჟბას ნაამბობი:

- ამას წინათ ხრუშჩოვმა დამპატიჟა სადილად ბიჭვინთის აგარაკზე. კარგად რომ შექეიფიანდა, უეცრად მკითხა, წაიკითხე თუ არა “პრავდაში” დაბეჭდილი ანგარიში უცხოელ სტუმართან ჩემი შეხვედრის თაობაზეო. არა-მეთქი, გამოვუტყდი. ხრუშჩოვმა თანაშემწეს “პრავდის” ნომერი მოატანინა და მიმანიშნა ხსენებულ ინფორმაციაზე. მე ის უცებ გადავიკითხე.

- რა წერია, სად მივიღე სტუმარი? - იკითხა ხრუშჩოვმა და თვითონვე უპასუხა: აქ, აი, ამ ოთახში. გაზეთში კი რა წერია? - სოჭის რაიონშიო, მიმიხვდი?

- ვერა-მეთქი, - ვუპასუხე.

- რა მიხვედრა უნდა? - გაბრაზდა ხრუშჩოვი, - სად მივიღე სტუმარი? - ბიჭვინთაში. ინფორმაციაში კი წერია - “სოჭის რაიონშიო”. ახლა კი წადი და მოხსენებითი ბარათი გაამზადე ჩემს სახელზე.

ახლაღა მივხვდი, ხრუშჩოვი მავალებდა მოხსენებითი ბარათის წარდგენას აფხაზეთის კრასნოდარის მხარესთან მიერთების თაობაზე. მე, რა თქმა უნდა, ამის გაკეთებას არ ვაპირებ, ვინაიდან ეს აფხაზი ხალხისთვის სიკვდილის ტოლფასია.

- რომ დაგაძალონ? - ვკითხე მე.

- არავითარ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებ.

- ვინმე ესწრებოდა ამ საუბარს?

- ხრუშჩოვის მეუღლე და მისი თანაშემწეები - ლებედევი და შევჩენკო.

- ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახეთ, - დაასკვნა მჟავანაძემ, - თუ დაწოლა გაძლიერდა, იმწამსვე შეგვატყობინეთ...”

დამოუკიდებელი უკრაინის სათავეებთან - ორი გზა პირველი უკრაინული აღორძინებისთვის

1917 წლის თებერვალში რუსეთში ცარიზმი დაემხო, კიევში შეიქმნა ცენტრალური რადა. დაიწყო პირველი უკრაინული აღორძინება, რომელიც უკავშირდება მიხაილო გრუშევსკის, ვლადიმირ ვინიჩენკოსა და სიმონ პეტლიურას სახელებს. ამ სამეულის დამსახურებაა, რომ უამრავმა უკრაინელმა ოფიცერმა, რომელსაც მშობლიური ენა კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდა, გაიხსენა, რომ უკრაინელია... “იქ, სადაც ორი უკრაინელია, უკვე სამი ჰეტმანი არსებობს” - ასეთი უკრაინული ანდაზაც არსებობს.

მიხაილო გრუშევსკი დიდი უკრაინელი ისტორიკოსი და მწერალია. ის დაიბადა ქალაქ ხელმში (პოლონეთი), სწავლობდა თბილისში, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, უმაღლესი განათლება კი კიევში მიიღო. სწორედ გრუშევსკის სახელთანაა დაკავშირებული უკრაინული ისტორიოგრაფიული სკოლის შექმნა. მისი წვლილი ისეთივეა, როგორიც ჩვენთან ივანე ჯავახიშვილისა. უდიდესი ფიგურა იყო ვლადიმირ ვინიჩენკოც. მის სახელს უკავშირდება როგორც უკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შექმნა, ასევე უკრაინული ლიტერატურის ევროპულ სიმაღლემდე აყვანაც. ვინიჩენკოს რომანები მრავალ ენაზე ითარგმნა. ევროპელი კრიტიკოსები მას კნუტ ჰამსუნის ან გაბრიელე დ’ანუნციოს გვერდით აყენებდნენ. სიმონ ვასილიევიჩ პეტლიურას სახელიც ფართოდ იყო ცნობილი. ის მონაწილეობდა როგორც უკრაინის რევოლუციური, ისე სოციალ-დემოკრატიული პარტიების შექმნაში. სახელი გაითქვა, როგორც თეატრალურმა კრიტიკოსმა და ჟურნალისტმა. სამივე პიროვნება ცნობილი უკრაინელი მოღვაწე იყო... დიდი მეცნიერი გრუშევსკი და დიდი მწერალი ვინიჩენკო სუსტი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ. მათ ვერც ერთმანეთთან გამოძებნეს საერთო ენა და ვერც ქმედითი პროგრამა შეიმუშავეს. საბედისწერო შეცდომა იყო ბოლშევიზმისადმი გულმოწყალება. ყველაზე მძიმე შეცდომა კი სამხედრო აღმშენებლობისადმი დამოკიდებულება იყო. გრუშევსკიცა და ვინიჩენკოც დაჯერებული პაციფისტები იყვნენ. მათ გულწრფელად ეგონათ, რომ უკრაინას არმია არ სჭირდებოდა; საკმარისია მილიცია, რომ წესრიგი იქნას დაცულიო...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • პოლემიკა. წიწამურის ტრაგედიის ერთი გამოცანა
  • დავიწყებული სახელები. პეტრე შარიას დღიურები. ნაწილი II
  • ქართველები წმინდა მიწაზე. სალადინის სიგელი და ქართველთა უფლებები ქრისტეს საფლავის ტაძარში
  • ექვთიმე თაყაიშვილის ნაკვალევზე. სამეგრელოს ექსპედიციის დღიურები
  • ახალი ამბები. იერუსალიმის პატრიარქის უცნობი წერილი ქეთევან ჟურულისადმი
  • პირველი პირები თბილისში. მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტი საქართველოში
  • წარჩინებული საგვარეულოები. შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული თავად ჩოლოყაშვილთა ფერწერული პორტრეტები
  • ევროპის ისტორიიდან. “მუდამ გამარჯვებულის მხარეს” / ნაპოლეონის პოლიციის მინისტრი ჟოზეფ ფუშე - ნიჭიერი ქამელეონი. ნაწილი II (დასასრული)
  • სამეფო ფოსტა. ჰოდა, სოსო ჟორდანიას მიმოწერა დედოფალთან. ნაწილი II (დასასრული)
  • მსოფლიოში ცნობილი ციხე-დარბაზები. ფრედერიკსბორგი / სკანდინავიური რენესანსის შედევრი სამეფო ნადირობებისთვის შეიქმნა

P.S. ჟურნალი “ისტორიანი”, როგორც მკითხველისთვის ცნობილია, გადასულია სეზონურად გამოცემაზე - იბეჭდება გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ნომრები. წინამდებარე ჟურნალი ზამთრის გახლავთ. შესაბამისად, მომდევნო ნომერი იქნება გაზაფხულის და მკითხველი მას 2023 წლის 1 მარტს იხილავს.