ავტორი:

"წლების წინ საქართველოდან დროებით წამოვედი და ისე მოხდა, რომ დიდხანს დავრჩი" - კახელი ქალის წარმატებული საქმიანობა იტალიაში: როგორ გახდა "ქვევრის გოგო" სომელიე?

"წლების წინ საქართველოდან დროებით წამოვედი და ისე მოხდა, რომ დიდხანს დავრჩი" - კახელი ქალის წარმატებული საქმიანობა იტალიაში: როგორ გახდა "ქვევრის გოგო" სომელიე?

რომის სომელიეთა ასოციაციის წევრი თამარ ჭიჭიბოშვილი იტალიაში ცხოვრობს. წარმოშობით კახეთიდან, სოფელ ახალსოფლიდან გახლავთ. "ქვევრის გოგო" - ასე შეარქვეს ვაზისა და თავისი საქმის სიყვარულის გამო. 2018 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას, არაერთი დეგუსტაციის ორგანიზატორი, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო დეგუსტაციის თანაორგანიზატორია, თანამშრომლობს ერთ-ერთ მსხვილ ივენთ-კომპანიასთან, ასევე წარმოადგენს ქართული ღვინის იმპორტიორ კომპანიას იტალიის ყველა რეგიონში.

დიდხანს ვისაუბრეთ ემიგრაციის სირთულეებზე, იტალიაში მიღწეულ წარმატებებზე, სამომავლო გეგმებზე და რთული არ იყო ინტერვიუს ჩაწერისას იმის შემჩნევა, რომ თამარს ფიქრიც, სიტყვაც და საქმეც - ყველაფერი სამშობლოს საკეთილდღეოდ და სასიკეთოდ მიუმართავს.

- დავიბადე და გავიზარდე კახეთში, ყვარელში, სოფელ ახალსოფელში და ყოველთვის, როდესაც მაქვს ამის შესაძლებლობა, ხაზს ვუსვამ ჩემს წარმომავლობას. პირველი პედაგოგიური უნივერსიტეტის შემდეგ ეკონომიკური ფაკულტეტიც დავამთავრე და ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დავსაქმდი. 2012 წელს წამოვედი იტალიაში, ჩემს დასთან. დროებით ჩამოვედი, მაგრამ ისე მოხდა, რომ დიდხანს დავრჩი. რთული იყო ინტეგრაცია. ბევრჯერ მიფიქრია, დღესვე ვიყიდი ბილეთს და წავალ-მეთქი. როდესაც საბუთის გაკეთება შევძელი, გადავწყვიტე, თავის დამკვიდრება მეცადა და მესწავლა, წარმატებისთვის რომ მიმეღწია. თუ ვინმეს გავიცნობდი, ყოველთვის ვცდილობდი, მისთვის ბევრი რამ მეთქვა საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ, ამით ძალიან ვამაყობდი. სხვათა შორის, მეკითხებოდნენ, როგორ, ღვინის სამშობლო საქართველოაო? ეს ძალიან მწყინდა და ყოველთვის ვცდილობდი, რამე ისეთი გამეკეთებინა, რითიც ვიამაყებდი, ჩემს ქვეყანას გავაცნობდი აქაურებს.

- ვაზისა და ღვინის მიმართ ასეთი ინტერესი და სიყვარული ალბათ, ოჯახიდან მოდის, არა?

- რა თქმა უნდა, ბავშვობიდან ჩემთვის უცხო არ იყო ვაზის მოვლა, ღვინის დაყენების პროცესი. მახსოვს, როგორ უფრთხილდებოდა და ეფერებოდა მამაჩემი ქვევრებს. სულ ამბობდა, თუ ოჯახში სითბო და სიყვარული იქნება, მაშინ ღვინოც კარგი დადგებაო. წლების შემდეგ ოჯახმა პაპაჩემის დანატოვარი ვენახი მაჩუქა, რომელიც უკვე 80 წლისაა. დედა მეუბნება, ვაზი უკვე ძალიან ძველია და ახალი გავაშენოთო, მაგრამ არ ვაჩეხინებ. რაღაცნაირად მიჯაჭვული ხდები ვენახზე, მაგნიტივით გიზიდავს. რომ ჩამოვდივარ, პირველად ვენახში გავრბივარ. ადრე ჰობი რომ მეგონა, ეს ყოფილა ჩემი საქმე. ასეა, როდესაც გატაცება და საქმე ერთმანეთთან ჰარმონიაშია, მაშინ პოულობ საკუთარ თავს.

იტალიაში ყოფნისას ოჯახიდან ვაგზავნინებდი ღვინოს და ნაცნობებს ვასინჯებდი. არავინ მიჯერებდა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. ბოლოს გადავწყვიტე, აკადემიაში მესწავლა. ვიფიქრე, იქ მაინც ეცოდინებოდათ ღვინის წარმომავლობის შესახებ. აღმოვაჩინე რომის სომელიეთა ასოციაციის აკადემია და დავრეგისტრირდი. სხვათა შორის, ჩემამდე ამ აკადემიაში ქართველს არასდროს უსწავლია. პირველივე ლექციაზე პროფესორმა ასეთი კითხვა დასვა: სად დაიბადა ღვინო? მე თავი დავხარე, ჩუმად ვიყავი, რადგან რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ მითხრეს, ღვინის სამშობლო საქართველო არ არისო. აუდიტორიაში 40 ადამიანი იჯდა და ვიფიქრე, ვიღაც მაინც იტყოდა. ერთმა საბერძნეთი დაასახელა, მეორემ - საფრანგეთი, მესამემ - იტალია. არა, მანდ არ დაიბადა, გეშლებათ, ღვინო დაიბადა ერთ-ერთ ძალიან, ძალიან პატარა ქვეყანაშიო, - პროფესორის ამ სიტყვებზე თავი ავწიე და დავინახე, რომ ეკრანი საქართველოზე გაჩერდა (ამ დროს დიდ ეკრანზე ტრიალებდა სხვადასხვა ქვეყნის რუკა). ცრემლები წამომივიდა. ლექტორი მომიბრუნდა და მკითხა, საქართველოდან ხართო? პირველ მერხთან ვიჯექი და ემოციები ალბათ შემამჩნია. მაშინ ვთქვი, რომ ზუსტად იქ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. შეიძლება ვიღაცისთვის ეს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ ჩემთვის უდიდესი წარმატება იყო. მას შემდეგ კურსზე ყველასგან დიდ პატივისცემას ვგრძნობდი - როდესაც ღვინის შესახებ ყველა დეტალს სწავლობ და იციან, რომ იმ ქვეყნიდან ხარ, რომელიც ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს, ეს ძალზე მნიშვნელოვანია. აკადემიის დასრულების შემდეგ მთხოვეს, მათთან დავრჩენილიყავი. დღესდღეობით ვარ მოქმედი სომელიე ასოციაციაში.

- გარდა ამისა, როგორც ვიცი, რომში ახალგახსნილი ქართული რესტორნის სომელიეც ხართ.

- სომელიეც ვარ და მენეჯერიც. 2 თვეც არ არის, რაც გაიხსნა პირველი ქართული რესტორანი რომში, ძალიან ლამაზ ადგილას, ძველი გარბატელას ზონაში. რესტორანი ტურისტულ ქუჩაზეა. არ მეგონა, თუ აქაურებიც შემოვიდოდნენ და დააგემოვნებდნენ ქართულ სამზარეულოს. ხშირად გვსტუმრობენ, თუ რამე სმენიათ ჩვენს ქვეყანაზე, ისტორიაზე, გვიყვებიან. თქვენ წარმოიდგინეთ, შევარდნაძეც კი გაიხსენეს. ძალიან მოსწონთ ჩვენი სამზარეულო. ვცდილობთ, ყველაფერი ქართული შევთავაზოთ, მაგრამ ნაკლებად ცხარე და მწარე. ყველაზე მეტად მოსწონთ ჩაქაფული, ხაჭაპური და ხინკალი, თან ვასწავლით, ტრადიციულად როგორ იჭმება. გოგონები უხსნიან სტუმრებს, როგორ მიირთვან და ისინიც ძალიან მხიარულობენ ხელით ჭამის მასტერკლასზე. გვიხარია და ამაყები ვართ, რომ გვაქვს შანსი, ამ რესტორანში ჩვენი ქვეყანა სხვა კუთხითაც წარმოვაჩინოთ - ყველა შემომსვლელს ვუყვები საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ, რისთვისაც მინდა, მადლობა ვუთხრა რესტორნის მეპატრონე ალისია არხოსაშვილს. "ქართული რესტორანი" - ამ წარწერას რომ ხედავენ და შემოდიან, ბევრს ამერიკის ჯორჯია ჰგონია. ჩვენ რომ ვუყვებით საქართველოზე, მერე ინტერესდებიან და კითხულობენ, რისი ნახვა ჯობს, თუკი საქართველოს ესტუმრებიან. რა თქმა უნდა, რჩევებს ვაძლევ.

- გამოდის, პიარს უკეთებთ არა მარტო ღვინოს, არამედ ქვეყანასაც.

- ასე გამოდის. 5 წლის წინ ღვინის პოპულარიზაციით დავიწყე და ბევრს მოვანდომე უკვე საქართველოში ჩამოსვლა. ამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ღონისძიებებში ვმონაწილეობდი. არის ერთ-ერთი იტალიური კომპანია, რომელთანაც უკვე 4 წელზე მეტია ვთანამშრომლობ და თუკი რაიმე ღონისძიება იყო დაგეგმილი იტალიის მასშტაბით, ვმონაწილეობდი. შარშან 12 მცირე მარანი იყო წარმოდგენილი ფესტივალზე, წელს - 18. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი პოპულარიზაციის მიმართულებით, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ ქართულ ღვინოს დიდი მომავალი აქვს.

ახლახან კიდევ ერთი აღიარების მომსწრენი გავხდით - იტალიაში, ქალაქ მერანოს ცენტრში დაიდგა ქართული ქვევრი, რომელზეც დატანილია, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და ასევე ის, რომ 8000 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოა ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა. მონუმენტის გახსნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში მოხდა...

რომის სომელიეთა ასოციაციის აკადემიაში საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ გამოცდაზე არასდროს ყოფილა კითხვა, შარშან შეიტანეს საგამოცდო საკითხებში და მე იმდენად კარგად მეწერა პასუხი, რომ მარტო ამაში ავიღე 10 ქულა. ეტყობა, მაშინ მიხვდნენ, რომ მათზე მეტი ვიცოდი ქართული ღვინის შესახებ. სხვათა შორის, გამოცდაზეც მივიტანე ქართული ღვინო, რომელიც 40-მა სომელიემ დააგემოვნა.

როდესაც ჰოლანდიურ კომპანიას იტალიურ ბაზარზე შემოსვლა სურდა, მაშინ ივენთების ერთ-ერთ ცნობილ კომპანიასთან ერთად ჩავატარე ღონისძიება, რომელსაც 280 ადამიანი დაესწრო, მათ შორის - იტალიელი მეღვინე იოშკო გრავნერი. წლების განმავლობაში ის ღვინოს ქართული ტექნოლოგიით, ქვევრში ამზადებს. საქართველოდან ჩამოიტანა ქვევრები და ღვინოს აქ, იტალიაში აყენებს. ეს ღონისძიება პრესაშიც გაშუქდა, სათაურით "საქართველო რომში". ამ ღონისძიებას, ისევე როგორც ჩემს სხვა პროექტებს, ესწრებოდა ჩვენი ელჩი, ბატონი კონსტანტინე სურგულაძე, მრჩევლებთან ერთად, ასევე, ვატიკანის ელჩი, ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი, და მინდა ვთქვა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მათი ასეთი მხარდაჭერა...

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მრევლიდან რამდენიმე ემიგრანტმა, მამა იოანეს კურთხევით, ჩამოვაყალიბეთ საზოგადოება "აკიდო", რომელიც ხელს უწყობს ქართველ ემიგრანტებს, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაში. დაახლოებით ერთი კვირის წინ გვქონდა სემინარი ქართული ღვინის შესახებ. უმეტესობა იტალიურ ოჯახებში მუშაობს და მინდა ჩვენი ქვეყნის, ღვინის პოპულარიზაცია გასწიონ, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ.

- სომელიე - რას გვეტყვით ამ პროფესიის შესახებ?

- თავდაპირველად სომელიე მეგონა ის, ვინც ჭიქაში ღვინოს ასხამდა. რეალურად, რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა. ნიადაგის ტიპებიდან დაწყებული, ღვინის ტექნოლოგიით დამთავრებული - ყველაფერს ვსწავლობთ. შევისწავლეთ იტალიური, ფრანგული, ესპანური და ქართული ღვინის ტექნოლოგია. გასვლითი ტურებიც გვქონდა მარნებში, ვესწრებოდით სხვადასხვა პროცედურას, რაც ძალზე საინტერესო იყო...წაიკითეთ სრულად