თბილისის მერი კახა კალაძე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მისი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და "ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
როგორც კალაძე სოციალურ ქსელში წერს, პროცესის მოგება ვინმეს გამარჯვებად არ მიაჩნია და "რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან".
"ტვ პირველის" საქმესთან დაკავშირებით პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან.
მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია.ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება.
ყველაზე მეტად ეს გაზარალებთ თქვენ, ქართულ მედიას, რადგან, ის რაც გადის ტელეეთერებით ან იწერება საინფორმაციო საშუალებებში, პირდაპირ შეეხება თოთოეულ თქვენგანს. საბოლოოდ კი, მედიის ენით გადმოცემული აგრესია და სიძულვილი ილექება საზოგადოებაში.ამდენად, მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ეს პრეცედენტი იყოს ბოლო, პატივი ვცეთ მაყურებელს, მკითხველს, მსმენელს და არ მოვატყუოთ ის.
რაც შეეხება უშუალოდ „ტვ პირველს“, რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ არხი შეცვლის პოლიტიკას და აღარ იქნება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის რუპორი, მათი დაკვეთების შემსრულებელი. არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ სხვა დროს აღარ მოგვიწევს სასამართლოში შეხვედრა.
ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საჯარო უარყოფას მათ მიერ გავრცელებული ტყუილის" - წერს კალაძე.
საქმე რამდენიმე თვის წინ მომხარ ფაქტს ეხებოდა, თბილისის მერის წარმომადგენელის თქმით, 2022 წლის 5 ივნისს ტელეწამყვანმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, "TV პირველსა" და ნინო (მაია) მამულაშვილს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის სახით 15 ათასი ლარის ანაზღაურება; სასამართლო საქმეზე ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარიდან 450 ლარის ანაზღაურება, 2550 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში; გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.
კახა კალაძე სასამართლოს სთხოვდა, რომ მოპასუხე მხარეებისთვის მორალური ზიანის 100 ათასი ლარის გადახდა დაეკისრებინა და ასევე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაევალებინა.