ავტორი:

"სახლი უზარმაზარი კრედიტით ვიყიდე, წლები ქირით ვცხოვრობდი... გულშემატკივარმა იცის, რომ ჩემს შესახებ სიცრუე გამოქვეყნდა" - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე მასზე აგორებულ სკანდალზე?

"სახლი უზარმაზარი კრედიტით ვიყიდე, წლები ქირით ვცხოვრობდი... გულშემატკივარმა იცის, რომ ჩემს შესახებ სიცრუე გამოქვეყნდა" - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე მასზე აგორებულ სკანდალზე?

"ღამის შოუს ბენდის" ერთ-ერთი წევრი ბაბი კირკიტაძე რამდენიმე კვირის წინ სკანდალში გაეხვა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ კასპის მერიამ ბაბი კირკიტაძეს 12 000 ლარი ჩაურიცხა. მერიის ფინანსური სამსახურის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მომღერალმა აღნიშნული თანხა ტელეკომპანია "იმედის" "ღამის შოუს ბენდის" მომსახურების გამო მიიღო... 23 ოქტომბერს ბენდმა კასპში "კასპობასთან" დაკავშირებით იმღერა, რისთვისაც მერიისგან 12 ათასი ლარი მიიღო.

რამდენიმე დღეში ასევე ცნობილი გახდა, რომ "ღამის შოუს ბენდი" ქარელში, 5 ნოემბერს "ქარელობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებულ კონცერტზე ბიუჯეტისგან 17 000 ლარს მიიღებდა. "ღამის შოუს" ბენდი ტელეკომპანია "იმედს“ აფორმებს მუსიკალურად. მისი სოლისტი ბაბი კირკიტაძე "პოსტ ტვ-ის“ ერთ-ერთი წამყვანია. ბენდს ხშირად იწვევენ ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში კონცერტების ჩასატარებლად. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მომხდარის გამო, კირკიტაძე ამბობს, რომ თუ ცნობილი ხარ, ყველას ვერ ეყვარები, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით გულშემატკივრობის გამო, ტალახსაც აიტანს...

მომღერლის თქმით, მისი ოჯახი წლები ცხოვრობდა ქირით და ცოტა ხნის წინ, ბინა კრედიტით შეიძინა...

- ცოტა ხნის წინ, ახალ სახლში გადახვედით, ამით ალბათ თქვენი ცხოვრების დიდი ოცნება აისრულეთ.

- აბსოლუტურად ჩვეულებრივი სამოთახიანი ბინაა, რომელიც ოცნებაზე მეტად საჭიროებას წარმოადგენდა ჩემთვის. ჩემს ოჯახს თბილისში სახლი არ ჰქონდა და წლების განმავლობაში ქირით ვცხოვრობდით. ქირაში გადახდილი ფული გადაყრილია. ძალიან გვინდოდა სახლი გვქონოდა, სადაც მთელი ოჯახი ერთად ვიცხოვრებდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლი უზარმაზარი კრედიტით არის ნაყიდი, მაინც ბედნიერები ვართ, რადგან ვიცით, რომ ყოველთვე გადახდილი თანხა, ჰაერში არ იკარგება. დედაჩემი ისეთი გახარებულია, რომ მარტო ამიტომ ღირდა ეს ნაბიჯი გადაგვედგა. ამ სახლმა ჩვენს ოჯახში ძალიან დიდი სიმშვიდე შემოიტანა და ეს უკვე დიდი ბედნიერებაა.

- გავრცელდა ინფორმაცია სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული კონცერტების თქვენთვის გადმორიცხული ძალიან მაღალი ჰონორარების შესახებ. საუბარია ათასობით ლარზე, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რას ეტყოდით საზოგადოებას, რას უპასუხებდით ამ სკანდალს?

- სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე კომენტარი არც მაშინ გამიკეთებია. ერთადერთი კომენტარი ბენდის სახელით გავაკეთე. და იქ დავასრულეთ ყველაფერი. ამაზე ყურადღების მიქცევა დროის ფუჭი კარგვაა. ჩვენმა გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ ის რაც გამოქვეყნდა, იყო სიცრუე. ერთადერთი ზუსტად ვიცი, რომ „ღამის შოუს ბენდი“ აბსოლუტური გულწრფელი სიყვარულით ვაკეთებთ ყველაფერს.

ჩავდივართ უმარვა ქალაქში, ვატარებთ კონცერტებს და დიდ სიხარულს ვჩუქნით ხალხს. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ გვესროლოს ტალახი, ავიტანთ, რადგან გვიღირს, იმ ათასობით ადამიანის გახარება, რომელთაც ჩვენი სიმღერებით ვანიჭებთ სიამოვნებას. საერთოდ როდესაც ცნობილი სახე ხარ, იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ სულ კარგს ვერ იტყვიან...