ავტორი:

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები თსუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები თსუ-ის სტუდენტებს შეხვდნენ

28 ნოემბერს თსუ-ს მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზში გაიმართა კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ წიგნების პრეზენტაცია, რომელზეც ავტორებმა სტუდენტებს თავიანთ ნამუშევრებთან და წერის პროცესთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

2022 წლის კონკურსის გამარჯვებულები არიან ირაკლი არიშვილი - „დასაწყისის დასასრული“, ოლანი ბიწაძე - „მანიტუ“ და ანუკი შატაკიშვილი - „წუთით კოსმოსში“. სამივე ავტორმა ჟიურისა და მკითხველს ორიგინალური და საინტერესო ტექსტებით დაამახსოვრეს თავი. მათი წიგნები სექტემბრის თვეში გამოიცა და წიგნის მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია.

შეხვედრის შემდეგ ავტორებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. მათი თქმით, სტუდენტები დაინტერესებულები იყვნენ ისეთი თემებით, თუ როგორ უნდა შეიქმნას საინტერესო ტექსტი, როგორ შეიძინონ თავდაჯერებულობა და მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში და როგორ მიხვდნენ, ღირს თუ არა ნამუშევარი გამოსაქვეყნებლად.

ამასთან, სამივე ავტორი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის მსგავსი შეხვედრების გამართვა, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო სივრცეებში, უმნიშვნელოვანესია:

ანუკი შატაკიშვილი, „წუთით კოსმოსში“: „ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რადგან პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, აუდიტორიისგან მიგვეღო უკუკავშირი. ძალიან საინტერესო იყო მოსაზრებების გაზიარება თითქმის ჩვენი თაობის ადამიანებთან, მათი მოსაზრებების მოსმენა. დაგვისვეს ბევრი კითხვა, მაგალითად, ერთ-ერთმა გოგონამ მკითხა, რომ „მე ვწერ, მაგრამ სულ მინდება, რომ წავშალო და როგორ შეიძლება, რომ ეს გადავლახო ჩემს თავთან, როგორ შეიძლება, რომ უფრო თავდაჯერებული გავხდეო“, რაზეც ვიმსჯელეთ. ეს შეხვედრა განსხვავებული და ძალიან ნაყოფიერი იყო იმ მხრივ, რომ დისკუსიის შესაძლებლობა გვქონდა“.

ირაკლი არიშვილი, „დასაწყისის დასასრული“: „ყოველი პრეზენტაცია არის რაღაც ახალი და საინტერესო, იმიტომ რომ ვცდილობ, წინა პრეზენტაციისგან განსხვავებულად ვისაუბრო. ვფიქრობ, თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრამაც განსხვავებულად ჩაიარა, იყო ბევრი უცნობი სახე და მათი დაინტერესება და ყურადღება ძალიან საინტერესო იყო.

ჩემი აზრით, ასეთი შეხვედრების გამართვა თანამედროვე ავტორების პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომელიც მუდამ გასდევს ახალ თაობას: ბევრისგან მსმენია, რჩევა ახალი ქართველი მწერლის შესახებ, რომ ნუ წაიკითხავ, ბანალური იქნება. მგონია, რომ ეს წრე უნდა გავარღვიოთ და რეალურად უნდა დავანახოთ ყველას, რომ ყველა მწერალს თავისი ნიშა აქვს, არის განსხვავებული, აქვს საკუთარი წერის სტილი და ისტორიები. ვფიქრობ, რომ მკითხველთან უშუალო კომუნიკაცია გვეხმარება, მათ ჩვენი ინდივიდუალიზმი გავაცნოთ და დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ ახალი ადამიანები და გვსურს, ჩვენ სიტყვა ვთქვათ ჩვენი გზითა და ფორმით“.

ოლანი ბიწაძე, „მანიტუ“: „ეს პრეზენტაცია ჩემთვის რამდენიმე კუთხით იყო მნიშვნელოვანი, თუნდაც იმ მხრივ, რომ მეც ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, აქ ვსწავლობ სამაგისტრო პროგრამაზე და განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ სივრცეში შეხვედრა და მოსაზრებების მოსმენა.

ერთია, როცა წიგნი წიგნად არსებობს და მიდის მკითხველამდე და მეორეა, როცა შენ, ავტორი შუამავლის როლს თამაშობ შენსა და მკითხველს შორის. შთაბეჭდილებების მოსმენა, შეფასება, ეს ცოცხალი პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ავტორისთვის“.

აღსანიშნავია, რომ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებულები რეგიონებშიც იწყებენ ტურნეს, სადაც მკითხველს თავიანთ წიგნებს წარუდგენენ და მათ კითხვებს უპასუხებენ.

R