ავტორი:

"ღმერთმა ნუ ქნას, ლეტალური შედეგი რომ დადგეს, კობახიძემ შეიძლება თქვას, სააკაშვილს თვითონ ჰქონდა დაგეგმილი, განგებ გააკეთაო" - მანჯგალაძე

"ღმერთმა ნუ ქნას, ლეტალური შედეგი რომ დადგეს, კობახიძემ შეიძლება თქვას, სააკაშვილს თვითონ ჰქონდა დაგეგმილი, განგებ გააკეთაო" - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის შეფასებით, პოლიტიკურად „ქართული ოცნებისთვის“ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომეტებული საფრთხის წყაროა, რის გამოც ხელისუფლება მას უსწორდება და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე უარს ეუბნება.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი, არამედ საუბარია იმაზე, საქართველო, როგორც სახელმწიფო შედგება თუ არა.

"ის ტრადიცია, რომ მომდევნო ხელისუფალი კლავს ან ანადგურებს წინა ხელისუფლებას, საქართველომ უნდა დაასრულოს. ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სჭირდება. ახლა საქართველოს სჭირდება ერთიანობა ეროვნული მიზნისკენ, რასაც ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამი მდგენელია: სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური, რომელიც სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. პოლიტიკურად ყველამ ვიცით, რომ „ქართული ოცნებისთვის“ სააკაშვილი მომეტებული საფრთხის წყაროა, ასე ხედავს „ქართული ოცნება“ და ამიტომაც უსწორდება მას“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, რა სიმულაციაზე საუბრობს ხელისუფლება, როდესაც ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ერთი კილომეტრით გადაადგილებაც კი რისკის შემცველია.

როგორც პაატა მანჯგალაძე აცხადებს, ხელისუფლების ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად ისე დაასუსტოს, რომ ქმედითუუნარო გახდეს.

"რომ ვთქვა, პირდაპირ სიკვდილი უნდათ და მერე ხალხის ქუჩაში აზვირთება, ასე ბრიყვებიც არიან მგონია, მაგრამ ჯანმრთელობა დაუზიანდეს იმ დონეზე, რომ ქმედითუუნარო გახდეს, ჩემი დაკვირვებით, ეს არის „ქართული ოცნების“ ამოცანა, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური გახდეს და სააკაშვილი მომეტებული საფრთხის წყარო აღარ არსებობდეს. მეორე ვერსია არის ის, სააკაშვილი რომ გახდეს მძიმედ ან ღმერთმა ნუ ქნას, ლეტალური შედეგი დადგეს, კობახიძე შეიძლება გამოვიდეს და თქვას, ეს სააკაშვილს თვითონ ჰქონდა დაგეგმილი და განგებ გააკეთაო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი განმარტებით, ყოველდღე უსმენს ირაკლი კობახიძის „უტიფარ“ განცხადებებს, რომელსაც ამ საკითხზე არანაირი „ემოცია და შუბლის ძარღვი არ გააჩნია“.

„გეგონება ჩუმი თანხმობა არის გაცემული ამ ყველაფერზე, რომ ნელი სიკვდილით, პირდაპირ ვიტყვი, მძიმეა ნამდვილად, მაგრამ თავისი სახელი დავარქვათ, განეიტრალდეს სააკაშვილი ნელ-ნელა. ჩუმი თანხმობა მიცემული აქვს „ქართული ოცნების“ უმრავლესობას. რად უღირთ ეს ან თავისი შვილებისთვის ან მომავლისთვის, რომ ადამიანის სისხლის ფასად შეიძლება სკამი შეინარჩუნო, ამით მერე ხელფასი აიღო და პური აჭამო შენს შვილს. მართლა სვავებივით არიან. „ქოცის“ ღალატში დარწმუნებული ვარ, მაგრამ არც კობახიძე და არც ღარიბაშვილი არ მინდა იგივე მდგომარეობაში ვნახო, როგორც ახლა სააკაშვილი არის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.