ავტორი:

"ის ლობისტური კომპანიები მოიკითხონ, რომლებიც ივანიშვილის კაპიტალს იცავენ - საქართველოს ელჩი აშშ-ში პირადად არის ამით დაკავებული" - დეკანოიძე

"ის ლობისტური კომპანიები მოიკითხონ, რომლებიც ივანიშვილის კაპიტალს იცავენ - საქართველოს ელჩი აშშ-ში პირადად არის ამით დაკავებული" - დეკანოიძე

ის ლობისტური კომპანიები მოიკითხონ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს იცავენ, საქართველოს ელჩი აშშ-ში პირადად არის ამით დაკავებული, ამიტომ სკანდალს იქ ნუ ხედავენ, სადაც არ არის, დაინახონ იქ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიძლება მალე გარდაიცვალოს, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ სააკაშვილის ოჯახმა დაიქირავა ლობისტური კომპანია, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებისთვის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის საერთაშორისო საზოგადოებაში კამპანიას აწარმოებს.

დეკანოიძის თქმით, ამაში არაფერი მიუღებელი არ არის.

"ოჯახისთვის პირველ რიგში არის მისი სიცოცხლე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათთვის არის შვილი, მამა და რა თქმა უნდა, ეს საკითხი გასულია მათთვის ყოველგვარი პოლიტიკური ჭრილიდან.

თვითონ მოიკითხონ ბიძინა ივანიშვილის ლობისტური კომპანიები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კაპიტალს იცავენ, საქართველოს ელჩი აშშ- ში პირადად არის ამით დაკავებული, ამიტომ სკანდალს იქ ნუ ხედავენ, სადაც არ არის, დაინახონ იქ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიძლება მალე გარდაიცვალოს!"- განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, დეკანოიძე აცხადებს, რომ ცენტრ "ემპათიის" დასკვნა არის ძალიან მძიმე და საჭიროა, ექიმებს ყველამ დაუჯეროს. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, მალე მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

"ძალიან მძიმე დასკვნაა, მე არ ვარ ექიმი ნამდვილად, მაგრამ რაც მე ვიცი და არამხოლოდ ეს დასკვნა, მაქვს საშუალება სხვა დიაგნოზებიც ვიცოდე და ეს არის უმძიმესი, ექიმებს უნდა დავუჯეროთ, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებლობა შეიძლება ძალიან მალე დადგეს. მოვუწოდებ ყველა ადამიანს, გაანალიზონ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, არა მათი პიროვნული პოლიტიკური შურისძიება, არამედ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა. სასამართლოში შევიდა შუამდგომლობა, გაცილებით მეტი დეტალი გახდება საჯარო, მე მთელი ამ დილის განმავლობაში, რაც ეს დასკვნა გახდა საჯარო, ვესაუბრები ჩვენს პარტნიორებს, მივაწოდეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, ვაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას და მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ გადავარჩინოთ ეს ადამიანი,"- განაცხადა დეკანოიძემ.