ავტორი:

"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, გაამართლონ უკრაინაში დაწყებული დასავლეთის მიერ დაფინანსებული კამპანია" - რუსეთის საგარეო უწყება გერმანიის მიერ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებაზე

"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, გაამართლონ უკრაინაში დაწყებული დასავლეთის მიერ დაფინანსებული კამპანია" - რუსეთის საგარეო უწყება გერმანიის მიერ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა, ანტირუსული პროვოკაციაა.

"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, გაამართლონ უკრაინაში დაწყებული დასავლეთის მიერ დაფინანსებული კამპანია - რუსეთის დემონიზაციისა და ეთნიკური უკრაინელების რუსების წინააღმდეგ განწყობის მიზნით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ამ გზით გერმანელები ცდილობენ, საკუთარი ისტორია გადაწერონ.

"გერმანელები ცდილობენ, გადაწერონ თავიანთი ისტორია. გადაფარონ საკუთარი დანაშაული და დაბინდონ მოგონება მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის უპრეცედენტო ხასიათთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება გერმანიის პარლამენტს რასიზმის ფაშისტური იდეოლოგიის აღორძინებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

"ისინი ასევე ცდილობენ, თავი გაითავისუფლონ იმ პასუხისმგებლობისგან, რაც ომის დანაშაულებების ჩადენის გამო ეკისრებათ“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, გერმანიამ ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. 30 ნოემბერს გერმანულმა ბუნდესტაგმა შესაბამისი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც "სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, "მწვანეების“, "თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“, ისევე როგორც ოპოზიციური "ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის დეპუტატების მიერ იყო მომზადებული.