ავტორი:

იწვევს თუ არა ბევრი მარილის მოხმარება გულის დაავადებას? - ყველაფერი, რაც გულის უკმარისობაზე უნდა იცოდეთ

იწვევს თუ არა ბევრი მარილის მოხმარება გულის დაავადებას? - ყველაფერი, რაც გულის უკმარისობაზე უნდა იცოდეთ

საქართველოში გულის უკმარისობა დაახლოებით 70 ათას ადამიანს, 100 000 მოსახლეზე 150 მათგანს აქვს. ოფიციალური მონაცემებით, ევროპაში მოზრდილი მოსახლეობის 1-2% გულის უკმარისობით დაავადებულია, თუმცა ეს მონაცემები მხოლოდ დიაგნოსტირებულ ნაწილს გულისხმობს. არადიაგნოსტირებული შემთხვევების გათვალისწინებით გულის უკმარისობის მქონე პაციენტთა რეალური რაოდენობა უფრო მაღალი იქნება. გულის უკმარისობის შემთხვევები ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, 55 წლამდე ასაკის ადამიანთა 1% და 70 წელზე მეტი ასაკის თითქმის 10% არის გულის უკმარისობით დაავადებული.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი რამაზ ბათავანი განმარტავს, რომ გულის უკმარისობის განვითარების რისკს წარმოადგენს: ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბად მიღება, კარდიოტოქსიური პრეპარატების მიღება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, კორონარული არტერიების დაავადება. დაავადებაზე უფრო დეტალურად თავად რამაზ ბათავანი გვესაუბრება.

რას ნიშნავს გულის უკმარისობა?

გულის უკმარისობა არ არის ცალკე აღებული პათოლოგიური დიაგნოზი, არამედ ის წარმოადგენს სინდრომს, რომელსაც გააჩნია მრავალი გამომწვევი მიზეზი. გულის უკმარისობა არის ისეთი პათოლოგია, როდესაც სტრუქტურული ან/და ფუნქციური დარღვევების გამო, გული დატვირთვის ან/და მოსვენების დროს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმის მომარაგებას სისხლის საჭირო რაოდენობით. მას ახასიათებს: ქოშინი, ტერფების შეშუპება და დაღლილობა. გულის სტრუქტურულ და ფუნქციურ პათოლოგიას კი ახლავს სხვა ნიშნები: საუღლე ვენური წნევა იმატებს, ფილტვებში მოისმინება სველი ხიხინი. ამ დროს ასევე იზრდება გულშიდა წნევა.

რა იწვევს გულის უკმარისობას? მართალია, თუ არა რომ ბევრი მარილის მოხმარება დაავადების მაპროვოცირებელია?

გულის უკმარისობას ბევრი მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს როგორც თვითონ გულის სტრუქტურული დაზიანება, ასევე სხვა სისტემების პათოლოგიები, რომლებიც მეორადად გულის უკმარისობას იწვევენ. გულის უკმარისობის მიზეზებია: გულის იშემიური დაავადება ანუ გულის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების შევიწროება, არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა), გულის სარქვლების დაზიანება, არითმიები, კარდიომიოპათიები (ვირუსული ინფექციების ან კარდიოტოქსიური პრეპარატებით ან ტოქსინებით გამოწვეული), ინფექციები.

ბევრი მარილის მოხმარება დაავადების გამწვავებას უწყობს ხელს. დღეში 5 გრამზე მეტი მარილის მიღება არ არის რეკომენდებული.

როგორ ვითარდება დაავადება? სწრაფად ხდება მისი პროგრესირება თუ ნელ-ნელა ვითარდება?

გულის უკმარისობა მიმდინარეობის თვალსაზრისით არის როგორც ქრონიკული, ასევე მწვავე. ქრონიკული გულის უკმარისობის დროს დაავადების ნიშნები თანდათანობით გამოვლინდება, ხოლო მწვავე უკმარისობა ერთბაშად იწყება და პაციენტს გადაუდებელ დახმარება სჭირდება.

რა სიმპტომებით ვლინდება დაავადება?

გულის უკმარისობის ნიშნებია: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ქოშინი მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ქვემო კიდურების შეშუპება, მშრალი ხველა, გულისცემის გახშირება.

როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

თუ პაციენტს დაეწყო ადვილად დაღლა, გულისცემის გახშირება, ქოშინი, რაც მის ყოველდღიური ფიზიკური აქტივობას ზღუდავს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. გარდა ამისა ჰაერის უკმარისობის გაუარესება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო წამოჯდომისას მისი გაუმჯობესება მიუთითებს გულის უკმარისობის არსებობაზე. ამ სიმპტომების გამოჩენისთანავე ექიმთან ვიზიტი და დროული მკურნალობის დაწყება აუცილებელია.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება? რა მონაცემები ფასდება დიაგნოსტირების დროს?

გულის უკმარისობის დიაგნოსტირება ხდება დაავადების ანამნეზის, ფიზიკური გასინჯვის, ელექტროკარდიოგრაფიის, ექოკარდიოგრაფიისა და ლაბორატორიული ანალიზების მონაცემებით. ექოკარდიოგრაფიით ხდება გულის კუნთის კუმშვადი ფუნქციის, გულის პარკუჭების მოცულობისა და სარქვლების ნაკლოვანების ან პირიქით შევიწროების დადგენა. გულის უკმარისობის დიაგნოსტიკაში ასევე მნიშვნელოვანია ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, მათ შორის, გულის უკმარისობის მარკერების განსაზღვრა. გულის უკმარისობის მიზეზის დასადგენად ზოგიერთ პაციენტთან საჭირო ხდება დამატებითი კვლევების ჩატარება.

როგორია გულის უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომლებსაც „ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს სთავაზობს?

გულის უკმარისობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ „ნიუ ჰოსპიტალსს“ თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს. მკურნალობა ხდება მსოფლიოში აღიარებული სამედიცინო გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დიაგნოსტირება და მკურნალობა ტარდება მაღალ პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის მიერ. სამკურნალოდ ძირითადად მოწოდებულია მედიკამენტური საშუალებები, გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება ე. წ. გულის დამხმარე მოწყობილობები, როდესაც საქმე გვაქვს გულის უკმარისობის გამომწვევ სარქვლოვან ან სისხლძარღვოვან დაზიანებასთან, მიმართავენ ქირურგიულ ან/და ინტერვენციულ ჩარევას.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაავადებას, თუ მას დროულად არ ვუმკურნალებთ?

ზოგჯერ გულის უკმარისობის სიმპტომებს პაციენტები მიაწერენ ასაკის მატებას და ექიმთან დაგვიანებით მიდიან. დროული მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფილტვების შეშუპება, სითხის ჩადგომა პლევრის ღრუში, თირკმლების უკმარისობა, ასციტი, ქვემო კიდურების შეშუპება, სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად ჩნდება ტროფიკული წყლულები, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი ინფიცირება. გულის უკმარისობის დამძიმების პარალელურად პაციენტების სიცოცხლის ხარისხი მკვეთრად უარესდება, იზღუდება მათი ყოველდღიური აქტივობა, ეწყებათ დეპრესია. შორს წასული გულის უკმარისობის დროს შეიძლება დაისვას გულის გადანერგვის საკითხი.

მკურნალობის შემდეგ ცხოვრებას პაციენტები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ თუ კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა უწევთ ხანგრძლივად, მთელი ცხოვრების მანძილზე?

პირველ რიგში, უნდა დაიცვან ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მოერიდონ თამბაქოს მოხმარებას და ალკოჰოლის მიღებას, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები დროულად და რეგულარულად უნდა მიიღონ. შეძლებისდაგვარად აიცილონ თავიდან სტრესული მდგომარეობები და ის მიზეზები, რომლებიც ამწვავებენ გულის უკმარისობას. პერიოდულად მკურნალ ექიმთან კონსულტაციის საშუალებით უნდა მოხდეს დანიშნული მედიკამენტების დოზის კორექცია.

ზოგადად, დაავადების საპრევენციოდ რეკომენდებულია პაციენტებმა დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს სწორ კვებას, რეგულარულ და ზომიერ ფიზიკური აქტივობას, სხეულის წონის კონტროლს.

R