ავტორი:

"ისეთ მდგომარეობაშია, ეს მძიმე სანახავია... მეეჭვება პრეზიდენტმა რამე გააკეთოს. ჩემზე ახლოს ზურაბიშვილს აქ არავინ იცნობს, 2 წელი მისი ადვოკატი ვიყავი..." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი?

"ისეთ მდგომარეობაშია, ეს მძიმე სანახავია... მეეჭვება პრეზიდენტმა რამე გააკეთოს. ჩემზე ახლოს ზურაბიშვილს აქ არავინ იცნობს, 2 წელი მისი ადვოკატი ვიყავი..." - რას აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი?

დღეს ცენტრმა "ემპათიამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც "ემპათიაში“ აღნიშნავენ, "აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ექსპრეზიდენტის კომა და სიკვდილი“.

დღესვე, დილით, სააკაშვილის ადვოკატებმა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართეს და წარადგინეს დოკუმენტაცია, რომელიც 16 ტომისგან და ერთი მეხსიერების ბარათისგან შედგება, რომელზეც ჩაწერილია ფოტოები, თუ როგორ გამოიყურება სააკაშვილი. დოკუმენტებში წერია, რომ სააკაშვილს 20 დაავადება აქვს, რომელთა უმეტესობა მას პატიმრობის შემდგომ განუვითარდა და მისი ციხეში ყოფნა სიკვდილის ტოლფასია.

"ქართული ოცნება“ და კონკრეტულად ირაკლი კობახიძე უნდობლობას უცხადებს "ემპათიის“ დასკვნას და ამბობს, რომ ცენტრი მიკერძოებულია და დაკავშირებულია "ნაციონალურ მოძრაობასთან“. "ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ რაღაც თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და, საბოლოო ჯამში, უზრუნველყონ სააკაშვილის რაღაც ფორმით გათავისუფლება იმისათვის, რომ ქვეყანაში არიონ ვითარება. ეს, ბუნებრივია, არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ვერავითარი ლობისტური კამპანიით ვერ დაარწმუნებენ საზოგადოებას იმაში, რომ 1. ეს ადამიანი არ არის დამნაშავე 2. რომ მისი გათავისუფლება არის მიზანშეწონილი“, - ამბობს კობახიძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აღმოჩენილი მძიმე დაავადებების გამო პატიმრის სრულად გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა ალტერნატივის სახით სასამართლოს სთავაზობს სასჯელის გადავადებასაც. სასამართლო პროცესები მაქსიმუმ 10 დღეში უნდა დაიწყოს. როგორც შალვა ხაჭაპურიძე აანონსებს, სასამართლო პროცესი ისტორიული და ძალზე ხმაურიანი იქნება, რომლის მიმდინარეობისასაც ბევრ რამეს აეხდება ფარდა.

"ჩვენ ვითხოვთ მიშას სასჯელისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილი დიაგნოზები, შედის იმ ბრძანების ჩამონათვალში, რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ და რომლებიც ითვლება მძიმე და განუკურნებელ დაავადებებად. მისგან განკურნების არანაირი პერსპექტივა არ არსებობს. თუმცა სასამართლოს ვთავაზობთ ალტერნატივასაც - იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გამოიყენებს 284-ე მუხლს (სასჯელის გადავადებას) მაშინ გამოიყენოს 283-ე (სასჯელის მოხდისგან დროებით გათავისუფლება).

ჩვენ წარვადგინეთ 15 ტომი, აქ არის ექსპერტიზის დასკვნა, მასზე დართული მასალები და ადვოკატების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები (6 ტომი). რაც შეეხება მეხსიერების ბარათს, მასზე აღბეჭდილია ექსპერტების მიერ კველევის პროცესში სააკაშვილისთვის გადაღებული ფოტოები. დასაკითხია 17 ექსპერტი, ასევე სხვა მოწმეებიც. ასევე მოვითხოვეთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის სამსახურის უფროსის დაკითხვა (რომელიც თავის დროზე გორის ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო), "ვივამედის“ ექიმების, ასევე ნინო ნადირაძის დაკითხვაც (დაახლოებით 25 მოწმეა, რომელთა დაკითხვასაც ვითხოვთ). სასამართლო თუ ინტენსიურად იმუშავებს, ყველაფერი 4-5 პროცესში დამთავრდება და სასურველია, ამ პროცესების მიყოლებით ჩატარდება“.

ადვოკატების თქმით, სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო არ დაესწრება პროცესს, თუმცა ისინი მოითხოვენ, ერთხელ მაინც მოხდეს მისი დისტანციურად ჩართვა სასამართლო დარბაზში იმისთვის, რომ ყველამ ნახოს, თუ როგორ გამოიყურება ახლა სააკაშვილი.

"ემპათიის“ დასკვნა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს სააკაშვილის სასჯელისგან სრულად გათავისუფლება. მას აქვს ის დაავადებები, რომლებიც ხვდება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ სპეციალური ბრძანების ჩამონათვალში. რაღაც დაავადებები ექვემდებარება მკურნალობას, რაღაც - არა, თუმცა დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ მისი მკურნალობა საქართველოში გამორიცხულია.

სიმულიანტობსო, რომ გაიძახიან, მიხეილ სააკაშვილს თუ კვალიფიციური დახმარება უტარდება და ყველაფერი კარგად აქვს, მაშინ, რატომ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები? რატომ სთავაზობს რატი ბრეგაძე ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩართოს? კარგი მკურნალობა თუ უტარდება, რატომ მძიმდება ყოველდღიურად პაციენტის მდგომარეობა? რატი ბრეგაძის ეს განცხადება იმის აღიარება იყო, რომ თვითონაც მშვენივრად იციან, რომ მდგომარეობა მძიმეა, სააკაშვილი უმძიმესი ავადმყოფია. მეორეც, იმ ექიმებს აქ ხომ არ დაასახლებ? სკრინინგ ცენტრს აქ ხომ არ გადმოიტანენ თავისი პერსონალით? ვერც კობახიძის და ვერც სხვა პოლიტიკოსების გაკეთებულ განცხადებებზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, 30 წელია პოლიტიკოსებს ვუსმენთ და რა მდგომარეობაშია ქვეყანა, კი ვხედავთ. რა ვიცი, ჩვენ სამართალზე ვმუშაობთ და გვაცალონ მუშაობა. მათ არა ერთხელ მოვუწოდე, გაანებეთ ამ განცხადებებს თავი-მეთქი და რა ვქნა, პირს ვერავის ამოვუკერავთ და თუ ასე სიამოვნებთ, აკეთონ ეს განცხადებები.

პრეზიდენტს რაც შეეეხება, ჩვენ არ დაგვიყენებია შეწყალების საკითხი, თვითონ შემოიჭრა ამ საქმეში და რადგან შემოიჭრა, ვიფიქრეთ, იქნებ რაღაც ქნას, მაგრამ მეეჭვება, რამე გააკეთოს. მმართველი პარტიის წინააღმდეგ არ წავა, სულაც ჰიტლერიც რომ იყოს სახელმწიფოს სათავეში. ჩემზე ახლოს ზურაბიშვილს საქართველოში არავინ იცნობს, შიგნიდან ვიცნობ ( ნეტა, არ ვიცნობდე) - 2 წელი მისი ადვოკატი ვიყავი... რა საქმეზე ვიცავდი, ამაზე ვერ ვილაპარაკებ, ვინაიდან ის ჩემი ყოფილი კლიენტია და არ მივცემ თავს ამის უფლებას".

ადვოკატი გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოლოს გუშინ ნახა და ისიც - გათიშულ მდგომარეობაში.

"მიშას ფოტო პირადად არ მაქვს, რომ გიჩვენოთ, როგორ გამოიყურება, ეს მძიმე სანახავია... როცა მასთან შევდივართ, ჩვენ მკაცრად გვამოწმებენ, არც ტელეფონის შეტანა შეგვიძლია, არც მას აძლევენ დარეკვის უფლებას... ის ბოლოს გუშინ ვნახე, გათიშულ მდგომარეობაშია... მიშა პერიოდულად იღებს საკვებს, პატარა ულუფას, თუმცა ძალიან ძნელად და რასაც ჭამს, უკან აბრუნებს. ჩვენ თუ სამართლიანი სასამართლოს უფლებას არ წაგვართმევენ, მაშინ მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ გათავისუფლდეს, ან გადაუვადდეს სასჯელი და იმკურნალოს, სადაც უნდა. ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება, თუ ისე არ დამთავრდა ყველაფერი, რისთვისაც ვიღწვით“, - გვეუბნება შალვა ხაჭაპურიძე.

იხილეთ ასევე: