ავტორი:

როგორ დავიცვათ კანი სიცივეში გამოშრობისგან? - დერმატოლოგის პრაქტიკული რჩევები

როგორ დავიცვათ კანი სიცივეში გამოშრობისგან? - დერმატოლოგის პრაქტიკული რჩევები

ზამთრის სიცივე კანისთვის განსაკუთრებული გამოცდაა. თუ ზაფხულში მზის ულტრაიისფერ სხივებს უნდა ვერიდოთ, ზამთარში დაბალი ტემპერატურა, ყინვა, ქარი, წვიმა კანს არანაკლებ სტრესს აყენებს. ტემპერატურის კლების დროს კანის ტენიანობა მცირდება, ის შრება და სხვადასხვა მექანიკური დაზიანების რისკიც მატულობს. სწორედ ამიტომ სჭირდება კანს ზამთარში განსაკუთრებული დაცვა. ხშირად ამბობენ, რომ ამ დროს მეტი წყალი უნდა მიიღოთ და კანის ტენიანობაც მოიმატებს, თუმცა ეს საკმარისი არაა და კანს უფრო მეტი ყურადღება, მეტი მოვლა სჭირდება.

როგორ უნდა მოვუაროთ კანს ზამთარში, როგორ უნდა შევცვალოთ რუტინა და რა პროცედურების ჩატარებაა რეკომენდებული ცივ სეზონზე - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე „თოდუას კლინიკის“ დერმატოლოგი თამთა ბაკურაძე გვპასუხობს.

რა ცვლილებებს განიცდის ზამთარში კანი?

ზამთარში ადამიანის ნორმალურ ტემპერატურასთან შედარებით გარემო ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, რაც კანზე დიდ ზემოქმედებას ახდენს. ზოგადად, კანს აქვს დამცველობითი ფუნქცია, რომლის სრულყოფილად შესასრულებლადაც ნორმალური ტემპერატურა სჭირდება. სიცივე იწვევს კანის მექანიკურ გაღიზიანებას, სიწითლეს, სიმშრალეს, ქრონიკული დაავადებების გამწვავებას, ალერგიული და ვირუსული დაავადებების პროვოცირებას. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ სიცივე მნიშვნელოვნად ამცირებს კანის დამცველობით, ბარიერულ ფუნქციას.

ზოგადად, კანს მოვლა ნებისმიერ სეზონზე სჭირდება, თუმცა ზამთარში მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.

როგორ უნდა მოვუაროთ კანს ზამთარში? რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ კანის მოვლის რუტინაში?

ზამთარში კანის მოვლის რუტინის შეცვლაა საჭირო. კანის დაცვა და დატენიანება უნდა გააძლიერონ არა მხოლოდ კანის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა, არამედ ყველამ. კანის ქრონიკული დაავადებებია: ეგზემა, ნეიროდერმიტი, ქსეროზი და სხვა.

დამატენიანებელი კრემი უნდა წაისვათ სახლიდან სიცივეში გასვლამდე 30-40 წუთით ადრე. თუ ამ შუალედს არ დაიცავთ და სახლიდან გასვლის მომენტში წაისვამთ დამცავ და დამატენიანებელ საშუალებას, შეიძლება დადებითის ნაცვლად უარყოფითი შედეგიც კი მიიღოთ.

დამატენიანებელი კრემის შერჩევა უნდა მოხდეს როგორც ზოგადად კანის ტიპისა და ინგრედიენტების, ისე სეზონის მიხედვით. ზამთარში გამოსაყენებელი კრემი შედარებით უფრო ინტენსიური უნდა იყოს, ზაფხულის კი - მსუბუქი. არ უნდა დაგავიწყდეთ მზისგან დამცავიც, რომელიც ნებისმიერ სეზონზე უნდა გამოიყენოთ. თუ ზაფხულში 50-70 SPF კრემების გამოყენებაა რეკომენდებული, ზამთარში - 20-30 SPF საკმარისია.

ზამთარში ხშირია სიცივის ალერგია. ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ?

სიცივის ალერგია არის კანის რეაქცია გარემო პირობებზე. ის ძირითადად სხეულის დაუფარავ ზონებზე ვლინდება და გამოიხატება სიწითლით, გამონაყარითა და ქავილით. ხშირ შემთხვევაში, სითბოში შესვლის შემდეგ ჩივილები თავისით ალაგდება ხოლმე. მიუხედავად ამისა ეს პრობლემა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ და აუცილებლად მიმართოთ სპეციალისტს, რადგან ის დროთა განმავლობაში შეიძლება გართულდეს. გართულებულ ეტაპზე ხშირად ხდება კიდურების შეშუპებაც.

მნიშვნელოვანია, რომ სიცივეში გასვლის დროს ღია ზონები მაქსიმალურად დაიფაროს. რეკომენდებულია ქუდის, შარფის, ხელთათმანების გამოყენება.

კანის მოვლა ბევრისთვის მხოლოდ სახის კანთან ასოცირდება. რამდენად მნიშვნელოვანია კანის მთლიან სხეულზე დატენიანება და დაცვა?

ეს დიდი შეცდომაა, კანის მოვლა აუცილებლად მთლიან სხეულზეა საჭირო. სხეულზე გამომშრალი და გაღიზიანებული კანი ისევე შეიძლება გახდეს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზი, როგორც სახეზე. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კანის მოვლაზე, მის დატენიანებასა და დაცვაზე, აუცილებლად მთელ კანს ვგულისხმობთ. ამ დროს არ უნდა გამოგვრჩეს ტუჩებიც, რომლის სათანადოდ დატენიანებაც არანაკლებად მნიშვნელოვანია.

ზამთარში რამდენად რეკომენდებულია დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება? ის კანის დამატებით გამოშრობას ხომ არ იწვევს?

დამცავი და დამატენიანებელი კრემების წასმის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხარისხიანი დეკორატიული კოსმეტიკა. ის არანაირ დამატებით პრობლემებს არ გამოიწვევს, თუმცა აუცილებელია, რომ დეკორატიული კოსმეტიკის ჩამობანის წესები ზუსტად დაიცვათ და კანი სათანადოდ გაისუფთაოთ.

რომელი კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებაა რეკომენდებული ზამთარში?

ზამთარში უფრო ხშირად ლაქების საწინააღმდეგო მკურნალობას მიმართავენ. კარგი სეზონია პილინგის ჩასატარებლად როგორც სახლში, ისე ესთეტიკურ ცენტრებში. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ ამ დროს მზისგან დამცავი კრემების გამოყენება არ დაგვავიწყდეს.

რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვება კანის გამოშრობისგან დაცვაში?

კვება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერ სეზონზე. ამ მხრივ ზამთარში არაფერი იცვლება. მნიშვნელოვანია როგორც ჯანსაღი კვება, ისე დღის განმავლობაში საჭირო სითხის მიღება.