ავტორი:

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის მოთხოვნა ნიკა მელიას: "დაუყოვნებლივ იქნას მოწვეული პოლიტსაბჭოს სხდომა და დადგინდეს არჩევნების თარიღი"

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის მოთხოვნა ნიკა მელიას: "დაუყოვნებლივ იქნას მოწვეული პოლიტსაბჭოს სხდომა და დადგინდეს არჩევნების თარიღი"

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას მოთხოვნით მიმართავენ, დაუყოვნებლივ მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა და პარტიის თავმჯდომარის არჩევნების კონკრეტული თარიღი დადგინდეს. აღნიშნულის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, "ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებისთვის ამ პროცესის გაჭიანურება სასარგებლო არ იქნება.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის განახლების პროცესი მიმდინარეობს. დაგეგმილია ენმ-ს ახალი თავმჯდომარის არჩევა. შესაბამისად, ამ მიზნით შექმნილი იყო ენმ-ს თავმჯდომარის არჩევის საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფმა გუშინ უკვე დაასრულა სხდომა, მომზადებულია დოკუმენტი, წესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების დარეგულირება, იმავდროულად შერჩეულია ელექტრონული საარჩევნო პლატფორმები, რომელთა დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

პროცესის დაყოვნება, გადადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნება პარტიისთვის, ეს პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. მნიშვნელოვანია განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები. ამისთვის მივმართავთ დღეს, პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა, განისაზღვროს და დადგინდეს ეს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება.

პარტიის ინტერესებისთვის სასარგებლო არ იქნება ამ პროცესის გაჭიანურება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნას მიღებული. ჩვენ ველით შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ, პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, ვინაიდან არჩევნებმა, ახალმა თავმჯდომარემ უნდა გააერთიანოს პარტია, მთლიანად პარტიის შემადგენლობა და აქტივი უნდა განაწყოს ახალი ბრძოლისა და გამოწვევებისთვის“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა პარტიის წევრთა ნაწილის მოსაზრებაზე, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხი არ მოგვარდება, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები უნდა გადაიდოს.

"მოლოდინი, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ბევრად უფრო აქტიური იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას საკითხებთან მიმართებაში, 12- პუნქტიანი გეგმის შესრულებისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, ჩვენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ვიყოთ ერთიანი, მოვახდინოთ პარტიის შიგნით ახალი ლეგიტიმაცია და შემდგომ დავიწყოთ პოლიტიკური პროცესების აქტიური მართვა. ამისთვის საჭიროა პარტიის გაძლიერება, ახალი ლეგიტიმაციის მიღება და ახალი გამოწვევების წინაშე წარდგომა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.