ავტორი:

დრამატული მოვლენები E ჯგუფში: გერმანია ჩარჩა, მისი გულშემატკივრების რისხვა კი ესპანეთს დაატყდა - "ესპანეთმა რაც ქნა, გასაგებია... ეს უკან დაუბრუნდებათ"

დრამატული მოვლენები E ჯგუფში: გერმანია ჩარჩა, მისი გულშემატკივრების რისხვა კი ესპანეთს დაატყდა - "ესპანეთმა რაც ქნა, გასაგებია... ეს უკან დაუბრუნდებათ"

2022 წლის 1-ლ აპრილს კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

გერმანიის ნაკრები, ჰანს-დიტერ ფლიკის თავკაცობით პირველი სერიოზული გამოწვევის მოლოდინში იყო. ჰანსს მშვენიერი განწყობა ჰქონდა, სულ რაღაც ორი წლის წინ, მიუნხენის "ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის თასი და ბუნდესლიგა მოიგო.

გერმანელები ესპანეთთან, კოსტა-რიკასთან და იაპონიასთან E ჯგუფში მოხვდნენ.

თითქოს ჰორიზონტზე არანაირი შტორმი არ ჩანდა, ფლიკის ნაკრებს 1/8 ფინალურ ეტაპზე გასვლის ყველა შანსი ჰქონდა, წაბორძიკების გარეშე, ლიდერადაც კი.

თუმცა ლიდერად გასვლის იმედი ჯერ იაპონიის ნაკრებმა შეარყია. იაპონელებთან გერმანელები, როგორც მოსალოდნელი იყო, დომინირებდნენ, სულ რაღაც 8 წუთი მოეშვნენ და გოლები გაუშვეს. როგორც გუშინ აღმოჩნდა, ზუსტად ის 8 წუთი იყო ფლეი-ოფში ვერმოხვედრის ფასი.

ესპანელებთან ფრემ გულშემატკივარს იმედი დაუბრუნა. რა თქმა უნდა, ჩავარდნები იყო, მაგრამ გუნდი ბევრად დამაჯერებლად და დისციპლინირებულად გამოიყურებოდა. მატჩის შემდეგ, რუდიგერმა მადრიდის "რეალში“ თანაგუნდელს, დანი კარვახალს სთხოვა, რომ იაპონიისთვის აუცილებლად მოეგოთ. დანიმ განაცხადა, - ესპანეთის მოგებაში ეჭვი ისედაც არავის ეპარებაო. თუმცა...

გუნდებს შორის ქულები ისე განაწილდა, რომ ყველაფერი მესამე ტურში უნდა გარკვეულიყო. ოთხივე ნაკრებს გასვლის შანსი ჰქონდა. ფლიკის ბიჭებს არა მხოლოდ უნდა დაემარცხებინათ კოსტა-რიკა, არამედ ესპანელების მოგებისთვისაც უნდა ეგულშემატკივრათ.

პირველივე წუთებიდან გერმანიამ სამხრეთ ამერიკელების საჯარიმო დაიპყრო. მეტოქეს ბურთი ფიზიკურად არ მისდიოდა, ხოლო როცა მაინც მოხდებოდა გამონაკლისი და ბურთს დაეუფლებოდნენ, მალევე კარგავდნენ. კეილორ ნავასი საიმედოდ იცავდა კარს, თუმცა შეხვედრის მე-10 წუთზე გნაბრისგან მაინც გაუშვა გოლი. ამ მოცემულობით, გერმანია ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა, რადგან პარალელურ მატჩში მე-11 წუთზე, მორატამ გაუტანა იაპონელებს. გერმანიისთვის ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა.

პირველი ტაიმი წყნარად მიილია.

თუმცა მეორე ნახევარში ნამდვილი სიგიჟეები დაიწყო, თანაც ორივე შეხვედრაში.

განახლებიდან 3 წუთში იაპონიამ ანგარიში გაათანაბრა. ასეთ შემთხვევაში გერმანია 1/8 ფინალის მიღმა რჩებოდა. მომდევნო სამ წუთში ტანაკამ ესპანელებს მეორე გოლი გაუტანა და იაპონია ჯგუფში პირველ ადგილზე დააწინაურა.

58-ე წუთზე, ელცინ ტეჰადამ დამატებაზე ნოიერს ბურთი შეუგდო. 1:1. გერმანელებს სასწრაფოდ სჭირდებოდათ გოლი. მუსიალამ და რუდიგერმა ნავასის კარის მიმართულებით არაერთხელ გაისროლეს, თუმცა უშედეგოდ. 70-ე წუთზე კი სენსაცია მოხდა, კოსტა-რიკამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 2:1.

ზუსტად სამი წუთის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში იაპონია და კოსტა-რიკა გადიოდნენ, ხოლო ესპანეთი და გერმანია სახლში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.

შედეგით გამწარებულმა "ჩელსის“ გერმანელმა ნახევარმცველმა კაი ჰავერცმა 12 წუთში ნავასის კარი ორჯერ დალაშქრა. თუმცა ეს საკმარისი აღარ იყო. პარალელურ მატჩში, ესპანეთი საერთოდ მიილია, თითქოს გოლის გატანის უნარი სრულად დაკარგეს.

გერმანიის გულშემატკივრები, მათ შორის საქართველოშიც, ესპანეთის თამაშით აღშფოთებულები არიან. ბევრი ამტკიცებს, რომ ამ გუნდმა სპეციალურად არ მოინდომა, მიზანმიმართულად ჩატოვა გერმანია ჯგუფში და ასე ძლიერი მეტოქე მოიშორა თავიდან...

"ესპანეთმა რაც ქნა, გასაგებია და ეჭვი მაქვს, ეს უკან დაუბრუნდებათ. მაგრამ გერმანიამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი, რადგანაც არ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე მოდუნება არცერთ მეტოქესთან და როცა თამაში 1:0 მიგყავს, მასხარაობა არ უნდა დაიწყო (რუდიგერის მომენტს ვგულისხმობ იაპონიასთან). თუმცა, გერმანიის პრობლემები ალბათ ამით არ მთავრდება. თაობათა ცვლის კრიზისს საშველი არ დაადგა", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, რომლსაც რთულია არ დაეთანხმო.

მატჩის 89-ე წუთზე გერმანიამ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი უკანასკნელი გოლი გაიტანა და კოსტა-რიკას 4:2 სძლია.

ესპანეთმა ანგარიშის გათანაბრება ვერაფრის დიდებით მოახერხა. გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ჩარჩა. კაი ჰავერცი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, თუმცა დააკვირდით მის გამომეტყველებას. მისი ემოციები ყველა გერმანელის შეგრძნებას განასახიერებდა.

არადა, ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ. კოსტა-რიკელებიც მძიმე დღეში იყვნენ. თითქოს მოიპოვეს საოცნებო 1/8 ფინალის საგზური, ასე ახლოს იყვნენ, მაგრამ...

რა თქმა უნდა, გერმანელების გამოსვლამ გულშემატკივარს გული დასწყვიტა, თუმცა იმედიანადაც განაწყო.

სამარცხვინო 2018 წლის შემდეგ, კატარში მეტ-ნაკლებად სიტუაცია უკეთესი იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელების შეთამაშება შესაძლებელია, რასაც ფლიკი აუცილებლად შეეცდება. 2024 წელს გერმანია ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, მწვრთნელს კი დიდი დრო აქვს, რომ შეცდომებზე იმუშავოს და ძლიერი ნაკრები შექმნას.

ნებისმიერ შემთხვევაში, E ჯგუფი ყველაზე მოულოდნელი, დაძაბული და ბრძოლით სავსე აღმოჩნდა.

1-ლ დეკემბერს, თამაშები გაიმართა F ჯგუფშიც, რომლის შედეგადაც პლეი-ოფში მაროკო და ხორვატია გავიდნენ.

ბოლო ტურში მაროკომ კანადას 2:1 სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1986 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეორედ იასპარეზებს პლეი-ოფში. ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ ბელგიას კი ხორვატიასთან ფრით დაკმაყოფილება (0:0) და ტურნირის დატოვება მოუწია.

მერვედფინალში იაპონია ხორვატიას, ხოლო ესპანეთი მაროკოს შეხვდება.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე