ავტორი:

ვინ იყო პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალი

ვინ იყო პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალი

"ხელოვნებისათვის მარტო დროს გასატარებლად არ მოუკიდნია ხელი"

საქართველოში პირველი ქალი უმაღლესი პროფესიული განათლებით მუსიკის სფეროში, კომპოზიტორი, პიანისტი, კონცერტმაისტერი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ბარბარე მიხეილის ასული ამირეჯიბი (ამირაჯიბი) გახლდათ, რომელიც 1873 წლის 11 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მამამისი მიხეილ ამირეჯიბი კავალერიის გენერალი იყო, დედა სოფიო - პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. ოჯახში ბარბარეს გარდა იზრდებოდა უფროსი და-ძმა - კონსტანტინე და ანასტასია. პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალის ცხოვრება, შემოქმედება და მოღვაწეობა საფუძვლიანად შეისწავლა და გამოიკვლია კომპოზიტორმა ლელა მაქარაშვილმა. წერილში გაეცნობით ბარბარე ამირეჯიბის შესახებ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს.

ბარბარე ამირეჯიბის შესახებ ქართული მუსიკის ენციკლოპედიურ ლექსიკონში მხოლოდ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები არსებობს. ლელა მაქარაშვილმა მასალის მოძიება მუზეუმებსა და არქივებში დაიწყო. ეროვნული ბიბლიოთეკის "ივერიელის" ფოტოარქივში ამირეჯიბთა საოჯახო ფოტომასალას გაეცნო, რამაც ხელი შეუწყო ეპოვა და დაჰკავშირებოდა კომპოზიტორის ოჯახის შთამომავლებს - თამარ, ირინე და ქეთევან ამირეჯიბებს და კომპოზიტორის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიეღო. ქალბატონმა ლელამ მოინახულა კრილოვის ქუჩაზე ამირეჯიბების თბილისური ბინა, რომელსაც იმდროინდელი აურა აქვს შენარჩუნებული. ჩანს, რა გარემოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კომპოზიტორი. ამ ბინაში ჯერ კიდევ საუკუნის წინ ეწყობოდა სალონური კონცერტები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, საუბრობდნენ ხელოვნებასა და იმ დროისათვის აქტუალურ თემებზე.

ოჯახში დაცულია კომპოზიტორის სანოტო მასალა, მათ შორის ხელნაწერების სახით. ასევე ინახება კომპოზიტორ იპოლიტოვ-ივანოვის ვოკალური ნაწარმოების სანოტო ხელნაწერი, რომელიც მან ამირეჯიბების ოჯახს მიუძღვნა. საოჯახო რელიკვიებს შორისაა ძველი ფოტოები, სურათები, სკულპტურები. დღესაც დგას "გრესელის" ფირმის ძველ შავ როიალზე იპოლიტოვ-ივანოვის მიერ ნაჩუქარი, მისივე მცირე ზომის ფიგურა. კედლებს ამშვენებს არაერთი ფოტო თუ ფერწერული ტილო, რომელთა შორის ყურადღებას იპყრობს კომპოზიტორის დის - ანასტასია ამირეჯიბის მიერ ზეთში შესრულებული სურათი - "ბარბარე როიალთან".

ბარბარე ამირეჯიბი ფართო განათლებითა და ერუდიციით გამოირჩეოდა. მან ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა მუსიკისადმი ინტერესი და სათანადო განათლებაც მიიღო: ჯერ თბილისის სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგ ისააკ მატკოვსკისთან ეზიარა მუსიკის საფუძვლებს, შემდეგ - მოსკოვის კონსერვატორიაში ჩაირიცხა პროფესორ ვასილ საფონოვის კლასში ფორტეპიანოს განხრით, რაც საარქივო წყაროებიდან ირკვევა. ამირეჯიბმა 1896 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ვერცხლის მედალზე და "თავისუფალი ხელოვანის" დიპლომით დაბრუნდა სამშობლოში. შემდგომ, სიცოცხლის ბოლომდე, პროფესიულ საქმიანობას მიუძღვნა თავი. საკმაოდ დატვირთული და მრავალმხრივი იყო ენერგიითა და ენთუზიაზმით აღსავსე მუსიკოსი ქალის ცხოვრება.

გაზეთი "ცნობის ფურცელი" გვამცნობს, რომ ცნობილ თბილისელ არტისტებთან ერთად ბარბარეს მონაწილეობა მიუღია საქველმოქმედო კონცერტში, რომელიც ჩატარებულა 1897 წლის 9 იანვარს, "ტფილისის კლუბში ქალაქის მეორე იაფფასიანი ბიბლიოთეკის სასარგებლოდ". ვრცელი სტატია ეთმობა ბარბარეს გამოჩენას საკონცერტო ესტრადაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ "თავადის ასულმა ლაზათიანად შეასრულა ლისტის ეტიუდი, ხოლო საზოგადოების თხოვნით კიდევ ორი პიესა დაუკრა. ახალგაზრდა არტისტ ქალს ეტყობოდა, რომ "პირველმა გამოსვლამ" ძალიან ააღელვა, მაგრამ საუცხოოდ გავარჯიშებულმა ტეხნიკამ და კნ. ამირეჯიბის დიდმა მუსიკალურმა გემოვნებამ თავისი გაიტანა: ახალგაზრდა პიანისტმა ქალმა საზოგადოებაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც პიესების ამორჩევამ, ისე მათმა შესრულებამ დაგვარწმუნა, რომ კნ. ამირეჯიბისას სრული მუსიკალური სწავლა მიუღია და ხელოვნებისათვის მარტო დროს გასატარებლად არ მოუკიდნია ხელი: ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ტფილისის მუსიკალურს წრეში კნ. ამირეჯიბისა პირველ რიგში დაიჭერს ალაგს".

ბარბარე ამირეჯიბი საქველმოქმედო კონცერტების ხშირი მონაწილე იყო. აღსანიშნავია არტისტული საზოგადოების თეატრის დარბაზში 1901 წელს ჩატარებული გრანდიოზული კონცერტი, რომლის მთელი შემოსავალი საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდს გადაეცა. რუსულენოვანი საზოგადოება კომპოზიტორს "ვარვარა ამირაჯიბით" მოიხსენიებდა, ხოლო საახლობლოში მოფერებით "ვარიუშას" ეძახდნენ.

უდიდესია მისი წვლილი ქართული ფილარმონიული საზოგადოების ცხოვრებაში. 1905 წელს საზოგადოების დამფუძნებელ კრებაზე გამგეობის ერთ-ერთ წევრად ბარბარე ამირეჯიბი აირჩიეს. ი. რჩეულიშვილი სტატიაში "მუსიკის მოამაგე" მუსიკოსი ქალის მოღვაწეობის საინტერესო დეტალებს აღნიშნავს: "ბარბარეს ჰქონდა უაღრესად ფაქიზი მუსიკალური გემოვნება და შესრულების მაღალი ტექნიკა, რაც სავსებით გამოავლინა ფილარმონიულ საზოგადოებაში ხანგრძლივი მუშაობის დროს. ძირითადი მოვალეობის შემდეგ ბარბარე ამირაჯიბი უსასყიდლოდ გამოდიოდა მუშათა საკვირაო საღამოებზე. 20-30-იანი წლების მუსიკალური სასწავლებელი სასწავლო-სავარჯიშო მასალის ნაკლებობას განიცდიდა, ამიტომ მას თვით პედაგოგი ქმნიდა. ბარბარე წერდა საფორტეპიანო პიესებს და შინ სავარჯიშოთ ატანდა მოწაფეებს".

ბარბარე ამირეჯიბს, როგორც პედაგოგსა და პიროვნებას იხსენებენ მისი ახლობლები, მოსწავლეები და კოლეგები. ამონარიდი სტატიიდან: "კომპოზიტორმა პეტრე ნალბანდიშვილმა გულთბილი სიტყვებით მოიხსენია თავისი პედაგოგი - ქართული მუსიკალური განათლების თავგამოდებული მოამაგე, იშვიათი ადამიანი და მაღალი გემოვნების მუსიკოსი იყოო. მისი ნაწარმოები "სალამური" ახლაც ზეპირად მახსოვსო, - თქვა და ქართული სალამური ახმიანდა..."

ბარბარე ამირეჯიბს, როგორც პედაგოგსა და პიროვნებას იხსენებენ მისი ახლობლები, მოსწავლეები და კოლეგები. ამონარიდი სტატიიდან: "კომპოზიტორმა პეტრე ნალბანდიშვილმა გულთბილი სიტყვებით მოიხსენია თავისი პედაგოგი - ქართული მუსიკალური განათლების თავგამოდებული მოამაგე, იშვიათი ადამიანი და მაღალი გემოვნების მუსიკოსი იყოო. მისი ნაწარმოები "სალამური" ახლაც ზეპირად მახსოვსო, - თქვა და ქართული სალამური ახმიანდა..."

პედაგოგი ელენე აბელიშვილი, რომელიც 1915 წლიდან ამირეჯიბის სიცოცხლის ბოლომდე კომპოზიტორთან ერთად მუშაობდა, იხსენებს: "ბარბარე არაჩვეულებრივად ლამაზად უკრავდა და ბევრ ორიგინალურ ნაწარმოებს წერდა. სამი მათგანი შემომრჩა შემთხვევით. ერთხელ ბარბარემ ნოტები მთხოვა. მათი უკან დაბრუნების შემდეგ, ნათხოვარი ნოტების გარდა, აღმოჩნდა მისი ორი პრელუდია და ძმის შვილიშვილისადმი მიძღვნილი პიესა. მათ ყოველთვის ვიყენებდი სასწავლო პროცესში".

კომპოზიტორის შემორჩენილ ნაწარმოებთა შორის არის საბავშვო რეპერტუარისთვის შექმნილი "პატარა გავოტი", რომლის სანოტო ფურცლები თითქმის 80 წელზე მეტია, არ აჟღერებულა. გამოირჩევა მისი საფორტეპიანო ციკლი "ბავშვთა ოთახში" (მძინარე ბავშვის ზმანებანი), ის ასახავს ბავშვის შთაბეჭდილებებს: თითქოს სათამაშოები ცოცხლდებიან - "დათვი", "კალის ჯარისკაცუნები", "მეარღნე თოჯინა"... აღმოჩენილია უცნობი საფორტეპიანო ნაწარმოებებიც - "აღმოსავლური ელეგია", "სალამური" და "ქართული მელოდია".

მოძიებული მასალის საფუძველზე შემუშავდა კომპოზიტორის ნაწარმოებთა ნუსხა (37 ნიმუში) და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია. სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწე პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალის ცხოვრება, როგორც გარდაცვალების ცნობით ირკვევა, 66 წლის ასაკში, 1939 წლის 3 აპრილს დასრულდა. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. კომპოზიტორს საიუბილეო თარიღი - დაბადებიდან 150 წელი, 2023 წელს სრულდება.

ჟურნალი "გზა"

ნანული ზოტიკიშვილი