ავტორი:

პორტუგალიელი ფეხბურთელებისგან უარყოფილი მწვრთნელის "ტკბილი შურისძიება" - პაულუ ბენტუს ახდენილი ოცნება სამხრეთ კორეასთან ერთად და გზა, რომელმაც მწვრთნელს დიდება მოუტანა

პორტუგალიელი ფეხბურთელებისგან უარყოფილი მწვრთნელის "ტკბილი შურისძიება" - პაულუ ბენტუს ახდენილი ოცნება სამხრეთ კორეასთან ერთად და გზა, რომელმაც მწვრთნელს დიდება მოუტანა

სამხრეთ კორეამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის საგზური სასწაულებრივად მოიპოვა. ფაქტობრივად, ბოლო წუთებზე პორტუგალიას მოგება გამოგლიჯა. მეორე მხრივ, კორეელებს განას მარცხი სჭირდებოდათ და ასეც მოხდა - აფრიკულმა ნაკრებმა ურუგვაისთან 2:0 წააგო. გატანილ გოლებს შორის სხვაობის წყალობით, სამხრეთ კორეამ ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია.

  • აღსანიშნავია, რომ მათ გადამწყვეტ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის გარეშე ითამაშეს, რადგან განასთან შეხვედრაში პაულუ ბენტუმ მსაჯ ენტონი ტეილორთან სკანდალი მოაწყო და მოედნიდან გააძევეს.

მე უბრალო კაცი ვარ და სტრესულ სიტუაციებში, შესაძლოა, არასწორი რეაგირება გამოვავლინო. მაგრამ ამ ჯენტლმენებს ინგლისიდან საღი აზრი აკლიათ. მატჩის დროს მე არ მომეწონა მსაჯების არათანმიმდევრულობა. ჩვენ შეგვეძლო მოგება და ოცნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მსაჯებმა ძვირფასი შანსი წაგვართვეს - განაცხადა მწვრთნელმა.

პორტუგალიასთან მატჩი კორეის მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი პირადი დაპირისპირებაც იყო. პაულუ პორტუგალიელია, მეტიც ერნანდუ სანტუშამდე ის იყო პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თუმცა შთამბეჭდავი შედეგებით ვერ გამოირჩეოდა.

ფეხბურთელის ამპლუაში ვარსკვლავი ვერ გახდა. "ბენფიკაშიც“ თამაშობდა და "სპორტინგშიც“, თუმცა მაღალ დონეზე ასასვლელად რაღაც აკლდა, ალბათ ხასიათი. თავად ბენტუ თვლის, რომ მოთამაშის კარიერის დროს მას აკლდა დისციპლინა და გამბედაობა.

33 წლის ასაკში "სირბილი მობეზრდა", 2002 წელს სამწვრთნელო კურსებზე ჩაეწერა

  • "წარმატება რაღაც სერიოზულს მოითხოვს. არასდროს მქონდა სურვილი, რომ რამე შემეწირა უკეთესი კარიერისთვის. ზუსტად ამან არ მომცა საშუალება, რომ ბოლომდე გავხსნილიყავი. ამაში მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ. სულ მინდოდა კომფორტის ზონაში ყოფნა და დიდი ფულის გამომუშავება. ახლა მწვრთნელი ვარ და მუდმივად ვცდილობ სხვადასხვა გამოწვევებში ვსინჯო თავი. ამას რაც შეიძლება ხშირად ვაკეთებ. ჩემი ახალი გზის ნაწილია“, - აღიარა პაულუმ Record-თან ინტერვიუში.

2004 საბოლოოდ დაასრულა ფეხბურთელის კარიერა და მწვრთნელობა დაიწყო. "სპორტინგმა“ ახალგაზრდული გუნდი ჩააბარა, მკაცრი მოთხოვნით - პირველივე სეზონში ახალგაზრდული ჩემპიონატის ტიტული მოეგოთ. ბენტუმ დავალება მარტივად შეასრულა და გუნდს დიდი სხვაობით გაამარჯვებინა. გაკვირვებულმა ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა სპეციალისტს ძირითადი შემადგენლობა ანდო.

მაშინ პაულუ 35 წლის იყო. Record-ის ინფორმაციით, ბენტუმ არამხოლოდ "სპორტინგი“ გააოცა, არამედ ევროპის ტოპ-კლუბები, მათ შორის - "მანჩესტერ იუნაიტედი“. ინგლისელები პორტუგალიელს ალექს ფერგიუსონის ერთ-ერთ ასისტენტად მოიაზრებდნენ. პაულუმ ბევრი იყოყმანა, თუმცა კეისრის იდეას მიემხრო - აირჩია "სოფელში“ ყოფილიყო პირველი, ვიდრე ქალაქში - მეორე.

"სპორტინგში“ მან არაერთი ტალანტი აღმოაჩინა: ჟოაუ მოუტინიოდან დაწყებული ნანით დასრულებული. ნანიმ საერთოდაც განაცხადა, რომ "იუნაიტედში“ გადასვლაში ყველაზე დიდი წვლილი ბენტუს მიუძღოდა.

პაულუ - სისტემური მწვრთნელია, რომელიც მზად არის ვარსკვლავი გუნდის გამო გაწიროს. ის გამონაკლისს არც ერთი ფეხბურთელის გამო არ უშვებდა. სუპერვარსკვლავებით მაშინ "სპორტინგი“ არ გამოირჩეოდა, ამიტომ მწვრთნელს გუნდზე სრული კონტროლი ჰქონდა დამყარებული. 2009 წელს კი ყველაფერი ჩაიშალა, მაგრამ მწვრთნელი აცხადებს, რომ სწორედ იმ მომენტმა რადიკალურად შეცვალა მისი პიროვნება.

ამ თეატრში მე პატარა მსახიობი ვარ, მაგრამ გუშინ თავი კარგად არ ვიგრძენი. მივხვდი, რომ მშობლიური კლუბიდან უნდა წავიდე. ჩემი პირველივე დღიდან არ სჯეროდათ. როგორც კი გავხდი მთავარი მწვრთნელი, იმ დღიდან ვფიქრობდი წასვლაზე. ეს ციკლი 4 წელიწადს გაგრძელდა. ვფიქრობ, კარგი იყო. "სპორტინგი“ დამეხმარა, რომ საკუთარი ნიჭის მერწმუნა - თქვა პაულუმ კლუბიდან წასვლის დროს.

ნაკრებში 2010 წელს მოხვდა მაშინ, როცა გუნდი ნაწილებად იშლებოდა: მარტივად შეეძლოთ მოკრძალებული კვიპროსისგან 4 გოლი გაეშვათ და შემდეგ დეპრესიულ ნორვეგიასთან წაეგოთ, თანაც მაშინ ჰალანდიც არ ჰყავდათ - ის ჯერ სკოლაში სწავლობდა.

პრობლემები კარლუშ კეირუშის წასვლის შემდეგ დაიწყო. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შეკრებაზე კეირუშმა ანტიდოპინგურ სამსახურთან იჩხუბა და ერთი თვით გააძევეს. აგვისტოში განაჩენი ნახევარი წლით გაახანგრძლივეს, სექტემბერში კი საერთოდ, ნაკრებიდან გაათავისუფლეს.

შემცვლელს დიდხანს ეძებდნენ, ჟოზე მოურინიოს "შეტყუებაც" სცადეს, თუმცა "განსაკუთრებულს“ "რეალიდან“ წასვლა არ სურდა და სწორედ მან ურჩია ახალგაზრდა კოლეგა ნაკრებს.

2 კვირაში ბენტუ უკვე პორტუგალიის მაისურით პრესკონფერენციაზე თავს იწონებდა.

"მოურინიო ძალიან დამეხმარა. მე ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები. ჟოზე განსაკუთრებული ადამიანია, დიდებული მწვრთნელი, ჩემპიონად დაბადებული. მინდა, პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ახალ მწვერვალებზე ავიყვანო“, - ემოციებს ვერ მალავდა ნაკრების ახალი მწვრთნელი.

მწვრთნელის შეცვლამ შედეგები ნამდვილად გააუმჯობესა. პორტუგალიელები "ევრო 2012"-ზე მოხვდნენ. თუმცა ფეხბურთელებს პაულუ არ მოსწონდათ. ღიად აკრიტიკებდნენ და კონფლიქტსაც არ ერიდებოდნენ. მაგალითად, 2011 წელს ბენტუმ მცველი, რიკარდუ კარვალიო ნაკრებიდან გააძევა.

"ცენზურა რომ დავიცვა, ბენტუ უბრალოდ დაქირავებული კაცია. ასეთი ადამიანები ომში მიდიან არა სამშობლოს სიყვარულის, არამედ მხოლოდ ფულის გამო. ბენტუ - ზუსტად ეს შემთხვევაა. აი, მაგალითად, მე ნაკრებში ფულის გამო არ ვთამაშობ. ჩემი შეცდომა ისაა, რომ შეკრება ისე დავტოვე, არავის არაფერი ვუთხარი. მეგონა მწვრთნელები მენდობოდნენ, მაგრამ ასე არ ყოფილა“, - ამბობდა კარვალიო.

კარვალიოს გარდა, ბენტუმ ნაკრებში არც ჟოზე ბოსინგვა გამოიძახა.

"ამ ფეხბურთელებს არავითარი გამართლება აქვთ. ისინი "ევრო 2012"-ს სახლში უყურებენ. ნაკრების შემადგენლობას მე ვაკომპლექტებ. ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს თავის შეცდომებზე. კარვალიო და ბოსინგვა - გამონაკლისები ვერ იქნებიან“, - მკაცრად უპასუხა მწვრთნელმა ფეხბურთელების არწაყვანის საკითხთან დაკავშირებულ კითხვას.

2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რონალდუს მაგიით, პორტუგალიელებმა ნახევარფინალამდე მიაღწიეს. თუმცა დაძაბულობა არ მინელდა - ფეხბურთელები "თავხედობდნენ". მწვრთნელი კი მთავარ მეამბოხეებს ნაკრებიდან აძევებდა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც არაფერი შეიცვალა. გუნდი ტოტალურად ჩავარდა.

პირველ მატჩში გერმანიამ 4 გოლი გაუტანა, ამერიკასთან ფრე ითამაშეს და გაშვებული გოლების სხვაობის გამო, ფლეი-ოფში გერმანია-აშშ გავიდა, პორტუგალია კი სახლში დაბრუნდა. პაულომ კი თავის სტილში, პირდაპირ აღიარა, რომ გუნდი უბრალოდ არ იმსახურებდა ჯგუფიდან გასვლას.

A Bola-ს ინფორმაციით, ფეხბურთელები მწვრთნელს არ უჯერებდნენ და მის მითითებებს ხშირად აიგნორებდნენ. ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც "ევრო 2016"-ის შესარჩევის დროს, ალბანეთთან მარცხის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის ბოსს მწვრთნელის გაგდება მოსთხოვა. მოგვიანებით რონიმ ყველაფერი უარყო.

"არსებობს საფეხბურთო ციკლები. ბენტუს ციკლი ჩვენთვის სამწუხაროდ დასრულდა. საჭირო იყო სერიოზული ცვლილებები. ჩვენ მწვრთნელის წინააღმდეგ არაფერი გაგვიკეთებია. მეც მათ შორის, სხვა დანარჩენი ჭორია“, - განაცხადა რონალდუმ.

2016 წელს "კრუიზერო“ ჩაიბარა, რომელიც მაშინ ბრაზილიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო. თუმცა ბენტუს პერიოდში მე-19 ადგილზე ჩამოქვეითდა, დანიშვნიდან 2.5 თვეში კი პორტუგალიელი გაათავისუფლეს. იმავე წლის აგვისტოში პაულუ ბერძნულ "ოლიმპიაკოსში“ გადავიდა და კვლავ ცუდად დაასრულა.

ევროპის შემდეგ იყო ჩინეთი. "ჩუნცინ ლიანცსინმა“ პორტუგალიელი მიიწვია, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, თითქმის ნახევარ წელიწადში დაათავისუფლეს.

  • აჟამად პაულო სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და საკმაოდ ბედნიერიც არის. ის უკვე 4 წელიწადია, რაც ნაკრებს ავარჯიშებს.

"ეს მატჩი არაფრით განსხვავდება დანარჩენისგან. მაგრამ რაღაცები მაინც სხვანაირად არის. ემოციური თვალსაზრისით მიჭირს. ჩემთვის ეს თამაში ემოციური ატრაქციონი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში წავაგებ - მოედანზე თუ მის მიღმა. როგორ არ უნდა ვუგულშემატკივრო საკუთარ ნაკრებს? (გულისხმობს პორტუგალიის ნაკრებს).

მე დავიბადე პორტუგალიელად. მოვკვდები პორტუგალიელად. ამას ვერ შევცვლი“, - თქვა პაულუ ბენტუმ სამხრეთ კორეისა და პორტუგალიის მატჩამდე.

პორტუგალიიდან უარყოფილმა მწვრთნელმა, გუშინ ისტორია დაწერა. მისი თამაშის ფილოსოფიამ და სისტემამ საბოლოოდ გაამართლა და სამხრეთ კორეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე