რაჭაში, სოფელ მეორე ტოლაში მომხდარ მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 35 წლის გიორგი სოხაძემ 61 წლის ომარ გაბისიანს დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა, მეორე მეზობელმა კი გაქცევა შეძლო. მან შეატყობინა პოლიციას მომხდარის შესახებ და მისი დახმარებით მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
თვითმხილველის ოჯახის წევრი იხსენებს მომხდარს და ამბობს, რომ მეზობლებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
"გუშინ მეზობელმა ჩემს შვილს და კიდევ ერთ მეზობელს დახმარება სთხოვა. ტყეში წავიდნენ, იქ გიორგიმ დანით თითი გაიჭრა და მათთვის უთქვამს, ძმობა შევფიცოთო. ომარს უკითხავს, ეგაა ძმობა, ხელი გაიჭერიო? მოულოდნელად, ისე, რომ კონფლიქტი არ ყოფილა, დანა დაარტყა ოთხჯერ და ჩემი შვილისკენაც გაიწია. მან გაქცევა მოახერხა.
შეშინებული დაბრუნდა სახლში. როგორია, მეზობელი თვალწინ მოუკლეს? მან შეატყობინა პოლიციას. ტყეშიც წავიდნენ, რომ ეპოვათ გარდაცვლილი და გვიან ნახეს. აქამდე რამე კონფლიქტი არ ჰქონიათ, პირიქით, ერთად იყვნენ სულ. რაც მოხდა, ჩვენთვისაც მოულოდნელია. მგონი, ამ ბიჭს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და შესაძლოა, ეგ გახდა მიზეზი" - აცხადებს თვითმხილველის დედა დენიზა ლომთაძე.
დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.