ავტორი:

"ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და დემოკრატიზაციისკენ სვლა, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას" - ჯინ შაჰინი

"ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და დემოკრატიზაციისკენ სვლა, სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას" - ჯინ შაჰინი

სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის გარკვეულწილად უკუსვლა [დემოკრატიიდან] ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მიზანია ვნახოთ, რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ისინი წავახალისოთ,- ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

სენატორმა იმედი გამოთქვა,რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს იმ რეფორმებს ან წარმატებას მაინც მიაღწევს მათი შესრულების გზაზე, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება.

„ამერიკას და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ თვითონ განსაზღვრონ საკუთარი ბედი, ჰქონდეთ დემოკრატია, შეუერთდნენ დანარჩენ ევროპას და ნატო-ს. მახსოვს წლების განმავლობაში საქართველოში ვიზიტები, როცა ქართველები ავღანეთში გვეხმარებოდნენ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს ურთიერთობა და გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის გარკვეულწილად უკუსვლა [დემოკრატიიდან] ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მიზანია ვნახოთ, რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ისინი წავახალისოთ. მათ აქვთ ვალდებულება აღებული, რომ სურთ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ამისთვის ევროკავშირმა მათ სთხოვა, გაატარონ გარკვეული რეფორმები, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასადგომად. იმედია ისინი ამას გააკეთებენ, გადახედავენ ზოგიერთ ამ რეფორმას და შეძლებენ მათ შესრულებას... ან პროგრესის მიღწევას მაინც.

ჩვენ ვცდილობთ რეგულარულად შევაფასოთ ჩვენი პოლიტიკა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, ნებისმიერ რეგიონში, მთელ მსოფლიოში. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და დემოკრატიზაციისკენ სვლა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა ამის შესაცვლელად“,- განაცხადა ჯინ შაჰინმა.

მან, ამავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ ის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები დღემდე აკეთებს არ არის სწორი მიდგომა, მაშინ საჭიროა ფიქრი გზებზე, რისი გაკეთებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ საჭირო მხარდაჭერა იქნას უზრუნველყოფილი.

„თუ ის, რასაც დღემდე ვაკეთებთ, არ არის სწორი მიდგომა, მაშინ მოდით ვიფიქროთ გზებზე, თუ რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ საჭირო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ცხადია, რომ ქართველ ხალხს სურს დასავლეთისკენ სვლა, მათ სურთ დემოკრატია. მათ სურთ ყველა ის თავისუფლება, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები იმისთვის, რომ მათ ამაში ხელი შევუწყოთ და მთავრობამ გააცნობიეროს, რომ უკუსვლა, რომელიც მიმდინარეობს, არ არის პროდუქტიული და ის ვერ მიიყვანს მათ იქ, სადაც საქართველოს ხალხს სურს წასვლა“,- განაცხადა ჯინ შაჰინმა.