ავტორი:

"იქ საშინელება ტრიალებს, მაგრამ ამ ბიჭების სისხლი არც რუსებს შერჩებათ და არც "კადიროველებს" - რა ხდება ბახმუტთან, სადაც ოკუპანტებთან ბრძოლისას ხუთი ქართველი გმირულად დაეცა

"იქ საშინელება ტრიალებს, მაგრამ ამ ბიჭების სისხლი არც რუსებს შერჩებათ და არც "კადიროველებს" - რა ხდება ბახმუტთან, სადაც ოკუპანტებთან ბრძოლისას ხუთი ქართველი გმირულად დაეცა

უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისინი დაბომბვაში მოჰყვნენ. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, ახლა დონეცკის ფრონტის ხაზის ცხელი წერტილია. სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქისათვის ბრძოლები ზაფხულის შუა რიცხვებიდან გრძელდება.

ადგილობრივების თქმით, ბახმუტი ფრონტზე სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზია, რომლის გარღვევასაც რუსეთის შეიარაღებული ძალები მთელი ძალისხმევით ცდილობენ. თუმცა, პასუხად, უკრაინის ჯარი აძლიერებს კონტრეშეტევის ტემპს კრემენო-სვატოვოს ხაზზე, რუსები კი, ბახმუტის აღების წარუმატებელ მცდელობებს განაგრძობენ.

ბახმუტთან დაღუპული ქართველი მეომრები

  • გუშინ ბახმუტთან ბრძოლებში გმირულად დაეცნენ ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი და რომეო ფიჩხაია. არსებული ინფორმაციით, ისინი ინტენსიური ბრძოლებისას, განაპირა სექტორის დაცვისას, დაბომბვაში მოჰყვნენ. ბოლო ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ რამდენიმე მეომარი. მათ გამოსაყვანად ბრძოლა გრძელდება...

ბოლო დღეებია რუსები ბახმუტის ალყაში მოქცევას ცდილობენ, თუმცა დიდი დანაკარგის მიუხედავად, ვერ ახერხებენ.

როგორც ცნობილია, ქართველი მებრძოლები ცხელ წერტილში არიან გადანაწილებულნი. მათი რაზმი დონეცკის რაიონში, ბახმუტთან იმყოფებოდა, სადაც საარტილერიო ბრძოლა კვლავ გრძელდება. იქ რუსული ტექნიკისა და ცოცხალი ძალის უდიდესი რაოდენობაა მობილიზებული, თუმცა, დანაკარგიც დიდი აქვთ. როგორც დაღუპული ბიჭების მეგობრები ამბობენ, ყველა მათგანი თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო და უკრაინაში იმისთვის იბრძოდნენ, რომ "საქართველოში რუსული ჭურვები არ ცვიოდეს."

"ბოლო დღეებია რუსები მთელი ძალით ცდილობენ ქალაქის საზღვრებში შეღწევას, მისი ალყაში მოქცევის მცდელობაც ჰქონდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. უდიდესი ადამიანური დანაკარგის მიუხედავად, წინსვლა არ აქვთ. ბახმუტის გარშემო ახლა ცეცხლი ანთია. ქართველებათან ერთად 50-მდე უკრაინელიც გმირულად დაეცა.

ახლა ყველანი უკრაინელები ვართ და აქ უკრაინის, საქართველოს, ბელარუსის, სომხეთის, მოლდოვის თავისუფლებისთვის, ბოროტების დასამარცხებლად ვიბრძვით. სამწუხაოდ, სიკვდილი ომის, თავისუფლებისთვის ბრძოლის თანმდევია.

მტერმა იცის, რომ ბახმუტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. თუ მის აღებას შეძლებს, დონეცკის ოლქის სხვა ქალაქებზე - სლავიანსკზე, კრამატორსკზე, კონსტანტინოვკასა და სევერსკიზე სწრაფი შეტევების შესაძლებლობა მიეცემა. ეს არ უნდა დავუშვათ, მტერმა მიზანს ვერ უნდა მიაღწიოს. ახლა ამაზე საუბარი ძნელია.

იქ საშინელება ტრიალებს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბიჭების სისხლი არც რუსებს შერჩებათ და არც გარუსებულ "კადიროველებს", რომლებიც თავიანთი "დონის" ყურმოჭრილი მონები არიან. მათი ტაქტიკა ასეთია - ჩასაფრებისას, მოწინააღმდეგეს დერეფანს უკეთებენ და შემდეგ ზურგში ურტყამენ. თუმცა არც ერთხელ შერჩენიათ და არც ახლა შერჩებათ", - ამბობს Ambebi.ge-სთან უკრაინაში მყოფი ერთ-ერთი ქართველი მებრძოლი.

  • ჩვენ გვესაუბრა უკრაინელი ანდრიანა ანდრეევა. მისი თქმით, უკრაინაში იციან ქართველების გმირობებისა და დანაკარგების შესახებ, არა მხოლოდ ბახმუტში, დანარჩენ უკრაინაშიც.

"ქედს ვიხრი, ქართველი გმირების ხსოვნის წინაშე. ვიცი, რა არის ომი. და რას ნიშნავს, როდესაც შენი ოჯახის წევრი ფრონტის ხაზზე გმირულად ეცემა. მადლობა თავდადებისთვის, გმირობისთვის. ჩვენ ახლა ერთად ვწერთ თავისუფალი უკრაინის, საქართველოს და სამყაროს ისტორიას, ჩვენი სისხლით და იმ გმირების სახელებით..

კიევში ვცხოვრობ, ახლა უკრაინაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, არ გვაქვს დენი, გათბობა, წყალი. რაც მთავარია, არ გვაქვს უსაფრთხოება, მაგრამ გავუძლებთ. თან ეს რა მოსატანია, იმასთან, რაც ფრონტის ხაზზე ხდება. ჩემი მშობლები ბახმუტში ცხოვრობდნენ, იქაურობა რამდენიმე დღის წინ დატოვეს, რადგან იქ გაჩერება შეუძლებელი იყო.

ბრძოლები გრძელდება, არტილერია ქალაქზე მასირებულ შეტევებს ახორციელებს. ხალხი ზურგით და თვითნაკეთი ორთვალებით შეშას და წყალს დაათრევს, დანგრეულია შენობები, სროლები, დაბობმვები არ წყდება. კიდევ კარგი გუშინდელ დღეს გამოასწრეს. ჩვენი ახლობლების ნაწილი სოლედარსა და კლიშიევკიში გაიხიზნა, მაგრამ იქაც საშინელება ხდება, დენი არ არის, არც კავშირი და არ ვიცი, რა მდგომარეობაში არიან.

რუსებს ძალიან დიდი დანაკარგი აქვთ, მაგრამ პუტინს ბახმუტი სჭირდება, პოლიტიკურად, სხვა კუთხითაც, თავის მოსახლეობას ხომ უნდა აჩვენოს, "დონბასის გათავისუფლებისას" დახოცილი ასობით მშიერი და ჩაუცმელი სამხედრო რას შეეწირა. ვფიქრობ, ბახმუტი რუსების ბოლო გაბრძოლებაა. უკრაინის გამარჯვება კი გარდაუვალია, რადგან ჩვენ თავს ვიცავთ მონსტრისგან", - ამბობს ანდრეევა.