ავტორი:

"ძალიან მაგარი ბიჭები დავკარგეთ, მაგრამ რუსების მხარეს, დამიჯერეთ, 100-ჯერ დიდია მსხვერპლი" - რას ჰყვება ვანო ნადირაძე ბახმუტში არსებულ ვითარებაზე?

"ძალიან მაგარი ბიჭები დავკარგეთ, მაგრამ რუსების მხარეს, დამიჯერეთ, 100-ჯერ დიდია მსხვერპლი" - რას ჰყვება ვანო ნადირაძე ბახმუტში არსებულ ვითარებაზე?

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე აცხადებს, რომ ბახმუტთან ვითარება უცვლელია. ამ დროისთვის იქ უკრაინული მხარე კვლავ თავს იცავს. რაც შეეხება დაღუპული ქართელი მებრძოლების გამოყვანას ბრძოლის ველიდან, ნადირაძის თქმით, ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, თუმცა, იგეგმება მიცვალებულთა ცხედრების გაცვლა უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის.

"სიტუაცია იგივეა ბახმუტთან. დაღუპულები არ არიან გამოყვანილები. ჩვენც გვყავს იმათი მიცვალებულები და გაცვლა მოხდება.

40 ტაქტიკური ბატალიონი ჰყავს რუსეთს მაგ ტერიტორიაზე გადმოსროლილი. ბახმუტი არ წარმოადგენს რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქს. ამას რუსეთი აკეთებს თავისი აუდიტორიისთვის, დაანახონ ხალხს, რომ რაღაც დასახლებული პუნქტი აიღეს. ამ ქალაქის აღება ძნელია.

ბახმუტის მიმართულებით გადაისროლეს ყველაფერი, თუ რაიმე ბრძოლისუნარიანი გააჩნიათ რუსებს. ცალკე "ვაგნერის" დაჯგუფებას და "კადიროველებს "ვერ გამოვყოფ, იქ არიან ორივე დაჯგუფების წევრები", - განაცხადა ვანო ნადირაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში".

მისივე თქმით, ბახმუტთან გაცილებით მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ვიდრე უკრაინელი მეომრები.

"ჩვენ დავკარგეთ ძალიან მაგარი ბიჭები, მაგრამ რუსების მხარეს, დამიჯერეთ, 100-ჯერ დიდია მსხვერპლი. თითოეული შეტაკების შემდეგ ათეულობით მიცვალებული გაჰყავთ. ყოველგვარი ტაქტიკის გარეშე გადადიან შეტევაზე.

რუსები ბახმუტთან ხაფანგში არიან და ათეულობით მეომარი ეხოცებათ. უკვე შესულები არიან და უკან დახევასაც ვერ ახერხებენ", - ამბობს ნადირაძე.

ქართველი სამხედროს ინფორმაციით, რუსი მობილიზებულების 30% უკვე ლიკვიდირებულია, ხოლო 25%-მდე მობილიზებული ბრძოლი ველიდან გაიქცა.

"ევროპული დახმარება უკვე თვალში საცემია. ზაპოროჟიეს სამხრეთიდან გარბიან რუსის ჯარები.

მობილიზებულების 30% ლიკვიდირებულია, 20-25% კი უკან გაიქცა", - ამბობს ნადირაძე.