ავტორი:

"ქართული ოცნება" არის ის ხელისუფლება, რომელიც რეალურად ამ დაპირისპირებაში - თავისუფალ სამყაროს, უკრაინასა და რუსეთს შორის, გულშემატკივრობს რუსეთს" - სამადაშვილი

"ქართული ოცნება" არის ის ხელისუფლება, რომელიც რეალურად ამ დაპირისპირებაში - თავისუფალ სამყაროს, უკრაინასა და რუსეთს შორის, გულშემატკივრობს რუსეთს"  - სამადაშვილი

როგორც არ გვაქვს მოლოდინი, რომ მაგალითად, პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკრაინაში, მათ ჯართან ბრძოლაში დაღუპული მეომრების პანაშვიდზე მივლენ, ასევე არ გვაქვს ასეთი მოლოდინი "ქართული ოცნებისგან" - "ქართული ოცნება" ყოველდღიურად ადასტურებს, რომ არ გულშემატკივრობს უკრაინას, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფაა, რომ უკრაინაში თანამოქალაქეების დაღუპვას ხელისუფლება დუმილით ეგებება.

"ძალიან კარგად ესმის საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ თუ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მშვიდობაზე ჩვენს სახელმწიფოში, ამაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს არ იშურებენ დღეს უკრაინაში რუსეთთან დაპირისპირებაში. მსურს მივუსამძიმრო ოჯახებს, მეგობრებს და მთელ საქართველოს ის უზარმაზარი დანაკარგი, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო გასულ დღეებში. როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე, იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ხორციელდება აქტიური საომარი მოქმედებები რუსეთის მხრიდან, ამაში დამსახურება მიუძღვის იმ ადამიანებს, რომლებიც თავს სწირავენ უკრაინაში რუსეთთან ბრძოლას. ამიტომ სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის და თითოეული ქართველის შეურაცხყოფაა, რომ ქვეყანას დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც იმის ნებისყოფაც კი არ აქვს, რომ ეს ადამიანები მოიხსენიოს, სადაც მშვიდობაზე საუბრობს, მადლობა გადაუხადოს მათ და ახსენოს მათი ღვაწლი, მათი თავდადება მშვიდობის შენარჩუნებაში. ვფიქრობ, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, რაც არის შოკისმომგვრელი, არის ის, რომ სრული დუმილით ეგებება ხელისუფლება ჩვენი თანამოქალაქეების დაღუპვას უკრაინაში. სწორედ ეს არის ის მიზეზი, რატომაც ჩვენ გვესმის ხმამაღალი მოწოდებები, იქნება ეს გლოვის დღედ გამოცხადება თუ სხვა. როცა ჩვენი თანამოქალაქეები კვდებიან ჩვენი თავისუფლებისთვის და ამაზე ხელისუფლებისგან არანაირი რეაგირება არაა, ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

"ქართული ოცნება" არის ის ხელისუფლება, რომელიც რეალურად ამ დაპირისპირებაში - თავისუფალ სამყაროს, უკრაინასა და რუსეთს შორის, გულშემატკივრობს რუსეთს, სწორედ ამიტომ არ შეუძლიათ მათ არანაირ სამძიმარზე მისვლა, რადგან ჩვენ ხომ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მაგალითად პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივლენ სამძიმრის გამოსახატად უკრაინაში, მათ ჯართან ბრძოლაში დაღუპული მეომრების პანაშვიდზე, ასევე არ გვაქვს მოლოდინი "ქართული ოცნებისგან" და "ქართული ოცნება" ყოველდღიურად ადასტურებს იმას, რომ როცა ვსაუბრობთ, რომ სინამდვილეში არ არიან ისინი ამ ომში უკრაინის გულშემატკივრები, ეს არის რეალობა და ამას ჩვენ ვხედავთ ყოველდღე,"- განაცხადა სამადაშვილმა.