ავტორი:

"გაიგეს, რომ საქართველოდან ვიღაც აფინანსებდა დიდ ტერაქტს" - ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ თბილისიდან ტერორისტული საფრთხე არსებობს

"გაიგეს, რომ საქართველოდან ვიღაც აფინანსებდა დიდ ტერაქტს" - ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ თბილისიდან ტერორისტული საფრთხე არსებობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამოწმებენ ინფორმაციას შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ.

"აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს საგამოძიებო ღონისძიებებს, რომლის მიზანიც არის აფხაზეთის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"უსაფრთხოების სამსახური" მოუწოდებს აფხაზებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, "არ წამოეგონ პროვოკაციებს და იყონ ყურადღებით."

  • აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების გამოქვეყნებამდე, "ტელეგრამზე" აფხაზურმა არხმა АМРА-life გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი და შეტყობინება სათაურით - "აფხაზეთში ტერორისტული თავდასხმები იგეგმება.“

ჩანაწერში ქალის ხმა ამბობს, რომ თითქოს, აფხაზეთის უშიშროების ძალებს უთხრეს, გაეძლიერებინათ მზადყოფნა შესაძლო ტერორისტული საფრთხის გამო.

"მათ გაიგეს, რომ საქართველოდან ვიღაც აფინანსებდა დიდ ტერაქტს, თუმცა არ იციან, ვინ, ვერ პოულობენ“, - ამბობს ქალი აუდიო ჩანაწერში. ქალის ვინაობა უცნობია. მისი თქმით, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა სკოლებში, ბაზრებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში სოხუმის პორტში აფხაზეთის "ძალოვანი სტრუქტურებისა" და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ერთობლივი ანტიტერორისტული წვრთნა გაიმართა.

წყარო