ავტორი:

"თხოვნის მიუხედავად, არ მიგვიღია პასუხი იარაღის და სხვა ტექნიკის მიწოდებაზე - ერთ დროს უკრაინა დაეხმარა საქართველოს..." - კასიანოვი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს

"თხოვნის მიუხედავად, არ მიგვიღია პასუხი იარაღის და სხვა ტექნიკის მიწოდებაზე - ერთ დროს უკრაინა დაეხმარა საქართველოს..." - კასიანოვი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს

"სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მისივე შეფასებით, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების თხოვნა სრულად გამართლებულია, რადგან უკრაინამ 1993 და 2008 წლის ომებში საქართველოს დიდი ჰუმანიტარული, სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია.

"ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. კვლავ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არ გადარჩენაზე, სიცოცხლისა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს.

ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან.

ასევე, ჩვენ უარვყოფთ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ამ თემაზე მუდმივი ბრალდებებითა და სპეკულაციებით“, - განაცხადა კასიანოვმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, ქართველი მამაცი მოხალისეების გმირობა და თავგანწირვა არის ქართველი ხალხის ფასდაუდებელი წვლილი ფაშისტურ რუსეთზე, ჩვენს საერთო მტერზე საბოლოო და შეუქცევად გამარჯვებაში.