ავტორი:

ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა „ბექას სკოლაში“ - პროგრამები, რომლებიც ასობით ადამიანს დაეხმარა

ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობა „ბექას სკოლაში“ - პროგრამები, რომლებიც ასობით ადამიანს დაეხმარა

ინგლისური ენა, უცხო ენებს შორის, დღეს ყველაზე საჭირო და მოთხოვნადია, რადგან ყველა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო რესურსი, უახლესი და სანდო კვლევები, ლიტერატურა, სწორედ ამ ენაზეა ხელმისაწვდომი.

ამასთან, მის გარეშე თითქმის შეუძლებელია მუშაობა, რადგან ყველა სფეროში სიახლეები ინგლისურ ენაზე იდება, ამ ენაზე ტარდება საერთაშორისო შეხვედრები და ა.შ. იმისათვის, რომ საქართველოში საერთაშორისო ენის შესწავლა უფრო გაემარტივებინა და მეტი ადამიანისთვის გაეხადა ხელმისაწვდომი, „ბექას სკოლამ“ დაიწყო სხვადასხვა უფასო პროგრამების განვითარება, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ინგლისურის შესწავლაში ეხმარება. მათ აქტივობებში მონაწილეობა უკვე ასობით ადამიანმა მიიღო და კიდევ ბევრს აქვს შანსი, ამ სკოლაში სრულიად უფასოდ მოხვდეს და განივითაროს თავისი ინგლისურის დონე.

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა „ბექას სკოლის“ უფასო პროექტებში და რა შედეგები აჩვენა აღნიშნულმა საქმიანობამ წლების განმავლობაში, ამის შესახებ სკოლის თანადამფუძნებელს ნატალი ქენქაძეს ვესაუბრეთ:

რატომ გადაწყვიტეთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროგრამების განხორციელება „ბექას სკოლაში“? რას ემსახურება აღნიშნული პროგრამები და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს ინგლისური ენის ცოდნის გარეშე რთულია, მიიღო ხარისხიანი თანამედროვე განათლება და გქონდეს წარმატებული კარიერა. მიგვაჩნია, რომ ინგლისურის ცოდნა პირდაპირ აისახება საქართველოს მოსახლეობის განათლების დონეზე, ინფორმირებულობაზე, კონკურენტუნარიანობაზე, ღირებულებით სისტემაზე, პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე და საერთო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე.

სწორედ ამიტომ, გვინდა, ინგლისურის შესწავლაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველას, ვისაც ამისი სურვილი აქვს. ჩვენს პროგრამებში მონაწილეობის უფასოდ მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 18 წლიდან, არის ის ჩვენი მოსწავლე თუ არა.

მოგვიყევით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, კონკრეტულად რა პროგრამებს ახორციელებს „ბექას სკოლა“ ინგლისურის შესწავლის მსურველებისთვის?

იქიდან გამომდინარე, რომ ყველას არ აქვს ჩვენი კურსების შეძენის ფინანსური შესაძლებლობა, სკოლის დაარსების დღიდან გადავწყვიტეთ, ყოველთვის გვქონოდა უფასო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს ექნებოდა შესაძლებლობა, უსასყიდლოდ შეესწავლა ენა.

ექვსი წლის მუშაობის შემდეგ, ჩამოვაყალიბეთ შემდეგი CSR მიმართულებები:

ინგლისური ენის არაფორმალური განათლების კლუბები;

სტიპენდიები ინგლისურის კურსებზე;

უფასო ვიდეოგაკვეთილები ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და ტიკტოკზე, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ვასწავლით ინგლისურ ენასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიც ქართველებს განსაკუთრებით გვიჭირს;

უფასო საჯარო ლექციები, ვორქშოფები, ონლაინ ვებინარები, რომელთაც პერიოდულად ვატარებთ;

Crowdsourcing პროექტი „სოციალური ლექსიკონი“, ჯგუფი ფეისბუქზე, სადაც წევრები ეხმარებიან ერთმანეთს თანამედროვე ტერმინების თარგმნაში ინგლისურიდან ქართულ ენაზე და პირიქით.

თქვენს „ფეისბუქ“ გვერდზე ხშირად თავსდება სხვადასხვა კლუბის ღონისძიება, რომლის მონაწილეებს ინგლისურ ენაში ცოდნის გაღრმავებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობა აქვს. კონკრეტულად, ვისთვის არის აღნიშნული პროექტები და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი განხორციელება?

დიახ, ყოველკვირეულად, რამდენიმე უფასო ღონისძიება იმართება „ბექას სკოლის“ სივრცეში. ჩვენი მიმდინარე კლუბებია:

  • ინგლისურის სასაუბრო კლუბი
  • კინოკლუბი სამაგიდო თამაშების კლუბი
  • ვორქშოფები
  • მაფია საღამოები.

მათი უმეტესი ნაწილი, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრთან” (ICPI) თანამშრომლობით და მას მასპინძლობენ ჩვენი უცხოელი მოხალისეები European Solidarity Corps პროგრამის ფარგლებში.

ჩვენი კლუბების მიზანია, არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში, დავეხმაროთ ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს:

  • ინგლისურის ცოდნის ამაღლებასა და დახვეწაში;
  • არსებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში;
  • არაფორმალურ კონტექსტში ახალი სიტყვების სწავლაში;
  • Listening და speaking უნარების განვითარებაში.

კლუბებზე დასწრებაც ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის არის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ თვალი უნდა ადევნოთ ჩვენს „ფეისბუქ“ გვერდს, სადაც პერიოდულად იდება ჩვენი კლუბების ღონისძიებები, დარეგისტრირდეთ და შემოგვიერთდით.

რაც შეეხება თქვენს ახალ პროექტს: კინოჩვენება-დისკუსია კინოთეატრ „ამირანში“, კანადელი რეჟისორის ფასილიტაციით, რა არის მისი მიზანი და შეუძლია თუ არა მასზე მოხვედრა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს?

დიდი ხანია უკვე, რაც კინოთეატრი “ამირანი” და “ბექას სკოლა” დამეგობრდნენ და ამ თვეში, უკვე საერთო პროექტიც წამოვიწყეთ კინოკლუბის სახით.

ამ ეტაპზე, კინოკლუბის ფარგლებში, მოკლემეტრაჟიან ფილმებს წარვადგენთ კინოთეატრ “ამირანში”, რომელსაც შემდგომ დისკუსია მოჰყვება ინგლისურ ენაზე. დასწრება ყველა მსურველისთვის სრულიად უფასოა. მას საქართველოში მცხოვრები კანადელი რეჟისორი Toby Andris მასპინძლობს და დისკუსიასაც ის უწევს ფასილიტაციას, მოწვეულ რეჟისორთან ერთად.

ტობი, თავად მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეჟისორია და ყოველთვის აწუხებდა ის ფაქტი, რომ ფესტივალებს მიღმა, მსგავსი ფილმები მაყურებლამდე ვერ აღწევს. სწორედ ამიტომ, მას დიდი ხანია, სურს მსგავსი სივრცის შექმნა, სადაც კინოხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს წარუდგენს ნიჭიერ რეჟისორთა ფილმებს.

თითოეულ ჩვენებაზე ის ერთ ქართულ და ერთ უცხოურ მოკლემეტრაჟიან ფილმს წარუდგენს მაყურებელს, ორივეს ინგლისური სუბტიტრებით. ფილმის შემდეგ კი, ღვინის თანხლებით, არაფორმალურ გარემოში განვიხილავთ ფილმებს ინგლისურ ენაზე.

თქვენს მიმდინარე პროექტებს შორის არის სტიპენდიის პროგრამაც. ვის და რა ფორმით შეუძლია მოგმართოთ სტიპენდიის მისაღებად?

ინგლისური ენის შესასწავლად სტიპენდიების გაცემა 2 წლის წინ დავიწყეთ და ამ დროის განმავლობაში 200-მდე ახალგაზრდას ჰქონდა შესაძლებლობა, უფასოდ გაევლო ინგლისური ენის კურსი ჩვენს სკოლაში.

მონაწილეების შერჩევა ხდება ასე: ძირითადად, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ შერჩეულ ბენეფიციარებს გადავცემთ სტიპენდიას ჩვენს კურსებზე. თუმცა, ყველა მსურველს, ვისაც ესაჭიროება ინგლისურის შესწავლა, მაგრამ, ამ ეტაპზე, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, შეუძლია შეავსოს ჩვენი ონლაინ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც საიტზეა განთავსებული და გახდეს “ბექას სკოლის” სტიპენდიატი.

განაცხადის შერჩევის შემთხვევაში, ჩვენ თავად დავუკავშირდებით აპლიკანტს მითითებულ ნომერზე. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია გადავიდა ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ამ ეტაპზე არ გვაქვს სასურველ კურსზე ადგილი, მონაცემები ინახება ბაზაში და შესაძლოა, მომავალში დავუკავშირდეთ აპლიკანტს.

დაბოლოს, რამდენი მონაწილე ჰყავდა უკვე თქვენს პროექტებს და როგორ შეაფასებდით, რამდენად უწყობს ხელს თქვენი პროგრამები ინგლისური ენის შესწავლის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას ისეთ პროფესიონალურ გარემოში, როგორიც „ბექას სკოლაა“?

შეგვიძლია ცალკეულად შევაჯამოთ ყველა მიმართულება და მაქსიმალურად ვეცადოთ, რიცხვებში ავსახოთ ისინი: ჩვენს ვიდეოგაკვეთილებს ასობით ათასი მაყურებელი ჰყავს, კლუბებს ყოველთვიურად საშუალოდ 200-მდე ადამიანი ესწრება, 2 წლის განმავლობაში, 200-მდე სტიპენდია გვაქვს გაცემული, ხოლო, „სოციალური ლექსიკონის“ ჯგუფში 30 000-მდე ადამიანია გაწევრიანებული.

იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში, სკოლის ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო შევძლებთ, გავზარდოთ ჩვენი უფასო პროგრამებისა და მათი მონაწილეების რაოდენობა, რადგან მთელ გუნდს გვჯერა, რომ ინგლისური ენის სწავლებით, ჩვენი მცირე წვლილი შეგვაქვს ჩვენი მოქალაქეების და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

R