ავტორი:

"არასოდეს მისწავლია სახელოვნებო სკოლაში" - გაიცანით "მშვიდობის მხატვარი": ვინ არის ქართველი დიპლომატი, რომლის შთამბეჭდავი ნახატები მსოფლიომ აღიარა

"არასოდეს მისწავლია სახელოვნებო სკოლაში" - გაიცანით "მშვიდობის მხატვარი": ვინ არის ქართველი დიპლომატი, რომლის შთამბეჭდავი ნახატები მსოფლიომ აღიარა

შოთა იმერლიშვილმა ამერიკის სახელოვნებო დაჯილდოებაზე (American Art Award) მონაწილეობა 2019 წელს მიიღო და მსოფლიოს 72 ქვეყნის 200 ნამუშევრიდან მისი ნახატი "სტოპ" საუკეთესო კუბისტურ ნამუშევრად დასახელდა... კონკურსს ატარებს ჰოლივუდის მსახიობი და ცნობილი რეჟისორი ტომ ბიერდი, რომლის ფავორიტიც სწორედ ქართველი მხატვრის ნახატი გახდა... მისი ნახატები მსოფლიოში კიდევ ბევრჯერ გახდა გამარჯვებული სხვადასხვა კონკურსებში და განსაკუთრებული ყურადღებაც მიიპყრო..

პროფესიით დიპლომატ შოთა იმერლიშვილს "მშვიდობის მხატვარს" უწოდებენ... იგი ინტერვიუში თავის მიღწევების შესახებ გვიამბობს:

- ბატონო შოთა, რა ასაკში დაიწყეთ ხატვა, ვინ აღმოაჩინა თქვენში ხელოვანი პირველად?

- ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. სამი წლის ვიყავი, როდესაც დედამ ჩემი ნამუშევრები შეამჩნია. ვხატავდი ყველგან და ყველაფერზე, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა იყო ხატვა, ხატვა კედელზე, იატაკზე, ავეჯზე ,ტანსაცმელზე და ასე შემდეგ... შესაბამისად მთელი სახლი მოხატული იყო, ყველა კუთხე და პატარა ნაწილიც კი.

- 8 წლისას რომ უკვე გარკვეული წარმატება გქონდათ (კავკასიელ ბავშვთა საერთაშორისო გამოფენა)...

- მიუხედავად ჩემი გატაცებისა ხელოვნების მიმართ, არასოდეს მისწავლია რომელიმე სახელოვნებო სკოლაში, აკადემიაში... შესაბამისად პროფესიონალური, სამხატვრო საფეხურები არ გამივლია. ერთადერთი, სადაც სახლის გარდა ვხატავდი, იყო სკოლის ხატვის წრე... ამ სივრცეში ბევრი საინტერესო და კარგი ნამუშევარი იყო გამოფენილი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემი სამხატვრო მიმდინარეობის, ხედვის ჩამოყალიბებაში. ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ყველა ის რჩევა თუ დარიგება, რასაც ვიღებდი ჩემი ხელოვნების, ხატვის მასწავლებლების ქალბატონი იზა თავაძისა და მაია კაციტაძისგან... მათ შეამჩნიეს ჩემი მისწრაფება, ნიჭი ხატვის მიმართ და ჩემი ნამუშევარი, სამხრეთ კავკასიის ბავშვთა სახელოვნებო კონკურსზე გააგზავნეს, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა 1998 წელს ქალაქ თბილისში. მე გავიმარჯვე, პირველ ადგილზე გავედი, ეს იყო ჩემი პირველი წარმატება, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემი, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში.

მას შემდეგ ძალიან ბევრ სახელოვნებო, პრესტიჟულ კონკურსსა და გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. განსაკუთრებულად ამერიკის სახელოვნებო დაჯილდოებას (American Art Award)ს გამოვყოფდი. კონკურსში მივიღე მონაწილეობა 2019 წელს და მსოფლიოს 72 ქვეყნის 200 ნამუშევრიდან ჩემი ნახატი “სტოპ’’, როგორც საუკეთესო კუბისტური ნამუშევარი დასახელდა. აღსანიშნავია რომ ამ კონკურსს ატარებს ჰოლივუდის მსახიობი და ცნობილი რეჟისორი - ტომ ბიერდი, სწორედ მისი ფავორიტი გახდა ჩემი ნახატი.

"სტოპ"

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში გამართული 2022 წლის სახელოვნებო ბაზარი(Swiss Art Expo), რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო, ცნობილ მხატვარს და ხელოვანს აერთიანებს. მნიშვნელოვანი წინსვლა და ჩემი როგორც მხატვრისათვის დიდი ნაბიჯი იყო ეს სივრცე, სადაც ჩემმა ნამუშევარმა "ბალანსმა’’ უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა და დიდი მოწონება დაიმსახურა. მანამდე იყო ჩემი გამოფენა საქართველოს საელჩოში, ქალაქ ბრიუსელში 2019 წლის ნოემბერში, სადაც წარმოდგენილი იყო ჩემი ნამუშევრები შექმნილი ერთ კონცეფციაში, ერთი იდეის გარშემო.

"ბალანსი"

ამავე წელს ამერიკაში, ქალაქ -ნიუ იორკში Jose Art Gallery-ის მიერ წლის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა ჩემი ნახატი - „სიზმარი“, რომელიც ჩემი მოღვაწეობის ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული ნახატია, შექმნილია ამერიკაში ცხოვრების პერიოდში.

"სიზმარი"

ჩემთვის წარმატებული და იღბლიანი აღმოჩნდა 2020 წელიც. ამავე წლის 9 თებერვალს The John Briant Award-ზე ჩემი ნახატი გავიდა ტოპ ხუთეულში მსოფლიოს 100 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, ასევე თებერვალში მე გავხდი ამერიკული პრესტიჟული ჯილდოს (Ashurst Emerging Art Prize) და Jackson Art Prize-ის ფინალისტი.

2022 წლის ნოემბერი იყო საინტერესო ჩემთვის, რადგან საქართველოში პირველად ჩატარდა ჩემი პერსონალური გამოფენა საქართველოს ხელოვნების სასახლე, კულტურის ისტორიის მუზეუმში და ასევე ბრიუსელის სახელოვნებო ჟურნალმა ‘’Bruxel Art Vue’’-მ დაასახელა ჩემი ნახატი ევროპის საუკეთესო 30 ნამუშევარს შორის და გამოიფინა ეს ნახატი ქალაქ ბრიუსელში.

ცალკე ეპიზოდი და განსხვავებული პერიოდი იყო ამერიკაში ცხოვრების დრო, როდესაც მომიწია დამოუკიდებლად, ცალკე სრულიად უცხო გარემოში გადასვლა. ამ დროს შექმნილი ჩემი ნამუშევრები ყველაზე განსხვავებული და მრავალფეროვანია, რადგან აღსავსე იყო სიახლეებითა და თავგადასავლებით, ასევე ფერებითა და ემოციებით... ხატვა მიყვარდა და მეყვარება ყოველთვის, რადგან ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ ქვეყანამ დამანახა და მასწავლა ის, რომ საკუთარი შრომითა და მიზანდასახულობით შეუძლებელი არაფერია! თუმცა შრომა, უდიდესი შრომა და იღბალიც აუცილებელია ამ ყველაფერთან ერთად.

- საქართველოში როგორი გარემოა ხელოვანისთვის?

- ჩემთვის ჩემს ქვეყანას, საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აქ ჰაერიც კი სხვანაირია და დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული თითოეული დღე!მიუხედავად ეკონომიკური თუ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი დაბრკოლებებისა, ჩვენი ქვეყანა - საქართველო არის ქვეყანა ემოციების, ურთიერთობებისა და დიდი სიყვარულის! შესაბამისად ჩემთვის აქ ყოფნა, აქ ცხოვრება უდიდესი პასუხისმგებლობაა.საქართველოში ხელოვნებას ყველგან ნახავ, ყველა სივრცეში, ნებისმიერ მომენტში და ადგილას შეიძლება ნახო ის საგანი, მოვლენა, შემთხვევა, რამაც შეიძლება მოგცეს უდიდესი მუზა და ინსპირაციის წყარო გახდეს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ თანადგომით და საერთო მიზნისაკენ დაუღალავი და უდიდესი შრომით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და განთავისუფლებას გარეშე მტრებისაგან! მჯერა თითოეული ქართველისათვის გაერთიანების, გაბრწყინების და ღირსეული ისტორიის გაგრძელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

- გვიამბეთ, თქვენზე როგორც პროფესიონალ დიპლომატზე...

- სკოლა დავამთავრე 2008 წელს და ჩავაბარე იმავე წელს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, დიდწილად ჩემი არჩევანი განაპირობა საქართველოში არსებულმა ომის შემდგომმა სიტუაციამ, ვითარებამ გარკვეულ წილად ეს იყო ჩემი პროტესტი და მიზანი იმის რომ მსურდა ჩემი ქვეყნის განთავისუფლება და საოკუპაციო სიტუაციიდან, მდგომარეობიდან გამოყვანა, სწორედ პირველი ნაბიჯი რაც გადავდგი ჩემი როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის რანგში იყო 2014 წლის აგვისტო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც მე ვიყავი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი, წარმომადგენელი.

მახსოვს რაოდენ საინტერესო და ემოციური იყო ჩემი გამოსვლა ახალგაზრდულ ტრიბუნაზე, ერთის მხრივ მე ვიყავი ჩემი ქვეყნის სახე და მსურდა გამეცნო მსოფლიოსათვის ჩემი უდიდესი ისტორიის მქონე სახელმწიფოს გასაჭირი და ვითარება, მეორეს მხრივ ვიყავი ძალიან ამაყი, რადგან ჩემს უკან იდგა ქვეყანა უდიდესი ისტორიით და მომავლით!

ასევე საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი აღმოჩნდა ჩემთვის 2019 წლის ბრიუსელის, ევროპარლამენტის ვიზიტი, სადაც მე დამასახელეს საქართველოს ახალგაზრდა ელჩად და ქვეყნის ახალგაზრდა წარმომადგენლად.ჩემი ქვეყნის გაერთიანება, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი და უდიდესი აზრია. მჯერა რომ ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთთან დგომით სწორი, გამიზნული და გონივრული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ ქვეყნის დეოკუპაციას.