ავტორი:

"ექიმმა არ მიხედა... 3-ში გარდაიცვალა ბავშვი, 5 -ში ამშობიარეს. მანამდე ვერ დააყენეს საშველი" - 33 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა: რას ამბობენ ახლობლები?

"ექიმმა არ მიხედა... 3-ში გარდაიცვალა ბავშვი, 5 -ში ამშობიარეს. მანამდე ვერ დააყენეს საშველი" - 33 წლის ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა: რას ამბობენ ახლობლები?

33 წლის ქალი, მხატვარი მაია კუჭავა მშობიარობის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. მათი თქმით, მათ პაციენტს არასათანადოდ უმკურნალეს.

  • მაიკო აფხაზეთში დაიბადა, ომის შემდეგ ყაზახეთში ცხოვრობდა, სამხატვრო კოლეჯი და სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი საქართველოში დაამთავრა. ჰქონდა რამდენიმე მოდის ჩვენება და ჯგუფური გამოფენები. განსაკუთრებით უყვარდა პორტრეტების ხატვა.

"მყავს საყვარელი მეუღლე, რომლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ და ახლა ვემზადები დედობისთვის. მინდა ვთქვა, რომ ჩემი შთაგონების წყარო - სიყვარული და სილამაზეა. სამომავლოდ ძალიან მინდა პერსონალური გამოფენის გამართვა და ჩემი ტანსაცმლის ხაზზე ვოცნებობ", - ეს არის ამონარიდი ა.წ. ოქტომბერში ვებპორტალ "კვირისთვის" მიცემული ინტერვიუდან...

სამწუხაროდ, მაიკოს ოცნებებს ახდენა არ ეწერა...

როგორც მისი ახლობელი ambebi.ge -ს უყვება, მაია კუჭავასთვის ეს მეორე ორსულობა იყო. მისივე თქმით, პირველი ორსულობა მე-4 თვეზე შეწყდა, ამიტომაც ახალგაზრდა ქალი მეორე ორსულობას დიდი ყურადღებით ეკიდებოდა: ყველაფერი წინასწარ დაგეგმა, ორსულობის პირველივე თვიდან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

"მაიკოსთვის ეს არ იყო პირველი ორსულობა. მამა რომ გარდაეცვალა, 4 თვის ორსული იყო, ნერვიულობაზე მუცელი მოეშალა. მეორე ორსულობა წინასწარ დაგეგმა. გამოცდილ ექიმს ეძებდა, დიდ ყურადღებას აქცევდა, რომ მეორედ არ მიეღო ეს სტრესი. სამწუხაროდ, ბევრმა ურჩია ექიმი მამუკა ნემსაძე და კლინიკა "ღია გული“. პირველივე თვიდან მას უთანხმებდა ყველაფერს, მის გარეშე წყალსაც კი არ სვამდა.

7 თვემდე ყველაფერი კარგად იყო, მე-8 თვეში დაეწყო მაღალი წნევები. მივიდა ამ ჩივილით კლინიკაში. ექიმმა წამლები დაუნიშნა და უკან გამოუშვა. წნევა არ დარეგულირდა და მეორე დღეს ისევ მივიდა კლინიკაში და უკან აღარ გამოუშვა, დააწვინეს კლინიკაში, ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებაო. ექიმი გვაიმედებდა, საშიში არაფერიაო“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.

გარდაცვლილის და ია კუჭავა ამბობს, რომ ექიმმა, რომელიც წინასწარ აიყვანეს, პაციენტს სათანადოდ არ მიაქცია ყურადღება.

"ექიმმა პაციენტს არ მიხედა. სამი კვირა ჰქონდა წნევები - 120-ით დაეწყო და 140-ზე რომ ავიდა, ანალიზები აუღეს, იქ არაფერი გამოჩნდა. წნევა 180-ზე რომ ავიდა, წავიყვანეთ კლინიკაში, გაუშვეს ექოსკოპიაზე, იქ ბავშვის გულისცემა ისმოდა. ეს ექიმი (მამუკა ნემსაძე) არსად არ ჩანდა, ვერსად ვპოულობდით. მოკლედ ამ დღეს წამოვედი სახლში, ჩემი და კლინიკაში დავტოვე. მირეკავს ჩემი და ტირილით და მეუბნება, ბავშვს გული გაუჩერდაო. დავამშვიდე, კიდევ მოგცემს ღმერთი შვილს - მეთქი, თურმე რა დღე გველოდებოდა. ამასობაში კიდევ არ ჩანდა ეს ექიმი. ტელეფონზე უთხრა, - არ ინერვიულო გამშობიარებ კომფორტულადო. დეიდაჩემმა დაურეკა ტირილით, - მიხედე გოგოსო, ბავშვი ხო მოკალით და დედა მაინც გადაარჩინეთო. 3-ში გარდაიცვალა ბავშვი და 5 რიცხვში ამშობიარეს. მანამდე ვერ დააყენეს საშველი. ტკივილისგან ჩემი და კრუნჩხვებში ჩავარდა და ჟანგბადი არ მისცეს, ამან გამოიწვია ტვინის შეშუპება და გოგო ჩავარდა კომაში. ამ ყველაფრის მერე გამოჩნდა მამუკა ნემსაძე და გვეუბნებოდა, გოგოს სძინავს, ყველაფერი კარგად იქნებაო. შემდეგ დიღომში გადაიყვანეს, კატე უნდა გადავუღოთო, იქ გამოჩნდა ტვინის შეშუპება..."

კიდევ ერთი ახლობელი შემდეგს გვიყვება:

"გვეგონა საკეისროს გაუკეთებდნენ, მაგრამ თავი გაიგიჟეს, ბუნებრივი გზით უნდა იმშობიაროსო. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, მშობიარობის დროსაც მაღალი წნევა ჰქონდა და ბუნებრივი მშობიარობა არაფრით შეიძლებოდა. მშობიარობას მაიკოს ქმრის ბიძაშვილი ესწრებოდა, შოკირებული იყო ბლოკიდან რომ გამოვიდა, - ეს რა ვნახეო. მშობიარობამდეც დამართნია კრუნჩხვა. მშობირობის პროცესშიც რამდენჯერმე დაემართა... მშობიარობის დასრულების შემდეგ, ექიმმა გვითხრა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პაციენტს ჩაეძინა, ახლა სიმშვიდე სჭირდებოდა, სანერვიულო არაფერი იყო და ჩვენც დამშვიდებულები წავედით შინ...“

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მშობიარობიდან ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდა ქალის ოჯახს ექიმები უმალავდნენ, რომ ქალი კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ნემსაძე მაიკოს ექიმი იყო, მშობიარობას არ დასწრებია. პრეტენზია რომ გამოვთქვი, რატომ არ ესწრებოდი მშობიარობას-მეთქი. ექიმი არ არის ვალდებული ყველას მშობიარობას დაესწროსო. ყველა მკვდარ ბავშვს ხომ არ აჩენს, ვალდებული როგორ არ იყავი-მეთქი? - ვკითხე... მოკლედ, მასთან საუბარში გამოიკვეთა, რომ პაციენტის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა. მარწმუნებდა, რომ პაციენტს სძინავს და რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში ეძინება, უკეთესი იქნებაო. გავგიჟდი, გაოგნებული ვიყავი. ბევრი ვიკამათეთ, მაგრამ რა აზრი ჰქონდა?“ - ამბობს მაიკოს ახლობელი.

მისი თქმით, ამ საუბრიდან რამდენიმე საათში პაციენტი დიღომში, ერთ-ერთ კლინიკაში, ტომოგრაფიაზე გადაიყვანეს.

"მამუკა ნემსაძემ დამირეკა და მითხრა, ძილის ფაზას გასცდა ეს ყველაფერი, კომატოზური მდგომარეობაა და კვლევებია საჭიროო. გავგიჟდი... მოკლედ გადაიყვანეს ტომოგრტაფიაზე, პირველადმა დასკვნამ აჩვენა, რომ პაციენტს ჰქონდა იშემიური ინსულტი, ყველაფერი იყო ძალიან რთულად. კლინიკაში მითხრეს, რომ კლინიკა "ღია გულში“ აღარ დააბრუნოთ პაციენტი, თორემ მოგიკლავენ, სადმე სხვაგან გადაიყვანეთო. შოკში ვიყავით, კლინიკაში საკუთარი ფეხით მისული ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეს. რადგან დიღომში ვიყავით, ვიფიქრეთ რომ "ღუდუშაურის“ კლინიკაში გადაგვეყვანა. მამუკა ნემსაძე რამდენიმე წუთით გაუჩინარდა და რომ მოვიდა, გვითხრა, "ღუდუშაურის’ კლინიკამ პაციენტის მიღებაზე უარი განაცხადა, ამიტომ ისევ წავიყვანოთ "ღია გულში“ და გავაგრძელოთ მედიკამენტოზური მკურნალობაო. იმ დროს სხვა გზა არ იყო. მივიყვანეთ ისევ "ღია გულში“, მაგრამ მამუკა ნემსაძეს ვუთხარი, ახლავე დარეკე ლევან რატიანთან და მასთან გავაგრძელოთ მკურნალობა - მეთქი. რატიანი დაგვთანხმდა პაციენტის მიღებაზე და გადავიყვანეთ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, - ამბობს ახლობელი.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტს გამოკვლევები ჩაუტარეს. ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ უმძიმესი სიტუაცია იყო და პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი იყო.

"ქირურგის თქმით, მას ერთადერთი რისი გაკეთებაც შეეძლო, ეს იყო ქირურგიული ჩარევა. თავის ქალა უნდა გაეჭრათ და თავის ტვინის შეშუპება აღარ გაგრძელებულიყო, მაგრამ ექიმმა გვითხრა, ტვინის ძირითადი ნაწილი არის შეშუპებული და რომც გადარჩეს, პაციენტი ვერასოდეს გაივლისო. ჩაუტარდა ოპერაცია 6 ნოემბერს და მაიკო ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში, სამწუხაროდ, ვერ გადარჩა... 33 წლის ქალი ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და დიდი იმედი გვაქვს, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით,“ - ამბობს გარდაცვლილი ქალის ნათესავი.

  • AMBEBI.GE დაუკავშირდა ექიმ მამუკა ნემსაძეს, რომელსაც ვკითხეთ, რას უპასუხებდა გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის ახლობლების ბრალდებებს? როგორც ექიმმა გვითხრა, ვერც ის და ვერც კლინიკა ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს.

ავტორი: თიკო გურაშვილი