ავტორი:

"ჩვენი ოჯახი საფრთხის ქვეშაა... ხელისუფლება საშუალებას არ გვაძლევს, რომ ჩემმა 10 წლის ძმამ მშვიდად დაიძინოს" - სოსო გოგაშვილის შვილი

"ჩვენი ოჯახი საფრთხის ქვეშაა... ხელისუფლება საშუალებას არ გვაძლევს, რომ ჩემმა 10 წლის ძმამ მშვიდად დაიძინოს" - სოსო გოგაშვილის შვილი

ჩვენ ვნერვიულობთ მის უსაფრთხოებაზე, წინააღმდეგი ვიყავით, სასამართლო პროცესს დასწრებოდა, რადგან გადაადგილების პროცესში მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას , - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინო გოგაშვილმა განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი დახურულია, სასამართლომ გოგაშვილის ოჯახის წევრებს მისი ნახვის უფლება რამდენიმე წუთით მისცა.

"სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რატი ბრეგაძეს, თუკი, გადაადგილების პროცესში რამე საფრთხე შეექმნება. 5 თვეა, ჩვენი ოჯახი საფრთხის ქვეშაა, მამაჩემმა სხვადასხვა პრობლემასთან და შეცდომებთან დაკავშირებით ისაუბრა, მას შემდეგ მამაჩემის და ჩემი ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 5 თვეა, ეს სისტემა საშუალებას არ გვაძლევს მშვიდად ვიცხოვროთ. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი დაკავებულია, მოქმედი ხელისუფლება საშუალებას არ გვაძლევს, ჩემმა 10 წლის ძმამ მშვიდად დაიძინოს და სტრესის ქვეშ არ იყოს. ძალიან მაინტერესებს, ეს ოჯახები როგორ არსებობენ, როცა ასეთ საშინელებებს უკეთებენ ჩემს ოჯახს, მათაც ჰყავთ დები, მშობლები და აუცილებლად უკან დაუბრუნდებათ სიბოროტეები", - განაცხადა გოგაშვილმა.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება),157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.