ავტორი:

"ბიჭებს საქართველოში 1500 მანეთად ყიდდნენ, გოგონებს - 1000 მანეთად" - სიცრუეზე აგებული გაშვილების საერთაშორისო სქემა და საქართველო: რას წერს "ტელეგრაფი"?

"ბიჭებს საქართველოში 1500 მანეთად ყიდდნენ, გოგონებს - 1000 მანეთად" - სიცრუეზე აგებული გაშვილების საერთაშორისო სქემა და საქართველო: რას წერს "ტელეგრაფი"?

"ვეძებ" - ასე ჰქვია "ფეისბუქში" ჯგუფს, სადაც ადამიანები ოჯახის გაშვილებულ წევრებს და პირიქით, გაშვილებულები თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს და ნათესავებს ეძებენ. ჯგუფმა, რომელიც თამუნა მუსერიძემ შექმნა, ბავშვებით ვაჭრობის სქემა გამოააშკარავა. ამ ჯგუფის შესახებ საქართველოში კარგად იციან, თუმცა აღნიშნულ საკითხზე ამჯერად ვრცელ სტატიას აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფი", სადაც საქართველოსთან ერთად, საუბარია სხვა ქვეყნებზეც, სადაც გაშვილების დროს მსგავსი სქემით მოქმედებდნენ.

  • როგორც "ტელეგრაფი“ წერს, 1950-იანი წლების შუა პერიოდიდან 1980-იანი წლების ბოლომდე, დაახლოებით, 200 000 ბავშვი იშვილეს ოჯახებმა აშშ-სა და ევროპაში სამხრეთ კორეიდან. ეჭვი იმის შესახებ, რომ ბავშვებს სამხრეთ კორეიდან ყალბი დოკუმენტების საფუძველზე აშვილებდნენ, ბოლო წლებში გაჩნდა. ახლა კი მიმდინარეობს კამპანია, რათა იმ პერიოდში გაკეთებული საბუთები - ბავშვის დაბადების დროს გაკეთებული ჩანაწერები გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის.

"ჩვენ გვსურს რეალური ინფორმაცია იმიტომ, რომ ვფიქრობთ, უფლება გვაქვს ვიცოდეთ ჩვენი იდენტობა“, - ამბობს დანიელი იურისტი, პიტერ მოლერი, რომელიც სამხრეთ კორეიდან 1970-იან წლებში გააშვილეს. ის ახლა ხელმძღვანელობს კორეელი დანიელებისგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც აღნიშნულ თემაზე მუშაობს.

ისინი სთხოვენ სამხრეთ კორეის მთავრობას და მათ შვილად აყვანის სააგენტოებს, გამოაქვეყნონ მასალები, რომლებიც გაკეთებულია "ბავშვების მასობრივად ექსპორტის" პერიოდში. "ვისურვებდი, რომ პასუხი აგონ იმისთვის, რაც გააკეთეს. მათ ბევრი ფული მიიღეს და ბავშვების გაყიდვით არაერთი ადამიანი გამდიდრდა“, - ამბობს ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი.

  • როგორც "ტელეგრაფი" წერს, მსგავსი შემთხვევები ხშირი იყო სხვა ქვეყნებშიც - საქართველოში, ისრაელში, გვატემალაში და ა.შ.

"ოფიციალური დოკუმენტების გაციფრულებამ, დნმ-ის კვლევის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, ასევე სოციალური ქსელის ძალამ მეოცე საუკუნის ბოლოს მსოფლიოში არსებულ ბავშვთა ვაჭრობის სქემას ახადა ფარდა და ზოგიერთი შემთხვევა დაუჯერებელია", - აღნიშნულია სტატიაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ როგორც წესი, გაშვილება დოკუმენტებში ახსნილია იმ მიზეზით, რომ გაითვალისწინეს "ბავშვის საუკეთესო ინტერესები", თუმცა რეალურად, უმეტეს შემთხვევაში, მიზეზი იყო ფინანსური მოგების მიღების შესაძლებლობა.

  • "თუ სადმე ნახავთ ვინმეს, ვინც მგავს მე, მთელი გულით გთხოვთ, მაცნობეთ“, - ეს მარიამ ქობელაშვილის სიტყვებია, რომელიც მან ცნობილ ქართულ "ფეისბუქ" ჯგუფში "ვეძებ" დაწერა. მარიამის სიტყვებს "ტელეგრაფი" ციტირებს და მკითხველს მის ამბავს უყვება.
მარიამ ქობელაშვილი

გამოცემა წერს, რომ მარიამი 1990 წლის დეკემბერში, საქართველოს დედაქალაქ თბილისის მთავარ სამშობიაროში დაიბადა. ის ორი ტყუპიდან ერთ-ერთია. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჩვილი ჯანმრთელი იყო, მარიამის დედას უთხრეს, რომ ერთი გარდაიცვალა და ქალმა საავადმყოფო მხოლოდ ერთ შვილთან ერთად დატოვა.

ახლა, 32 წლის შემდეგ, მარიამი ეძებს თავის ტყუპ დას, რომელიც, მისი აზრით, გაყიდეს. ”სავარაუდოა, რომ ჩვენც იმ ბევრი ადამიანის ბედი გავიზიარეთ, რომლებმაც არ იციან რა დაემართათ თავიანთი ოჯახის წევრებს“, - ამბობს მარიამი.

  • "ტელეგრაფი" აღნიშნავს, რომ ქართული სქემა 1980-იანი წლებიდან იწყება და, როგორც ჩანს, ის 2005 წლამდე მოქმედებდა. "თვლიან, რომ ათასობით ბავშვს აცხადებდნენ გარდაცვლილად საავადმყოფოს ექიმები და ექთნები, ხოლო შემდეგ, ახალშობილებს ქვეყნის შიგნით, ან მის ფარგლებს გარეთ ყიდდნენ.

მშობლებმა კი მხოლოდ ახლა, წლების შემდეგ გაიგეს, რომ ბავშვები, რომლებზეც უთხრეს, რომ დაიღუპნენ, რეალურად, შესაძლოა ცოცხლები არიან", - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა წერს ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებლის, თამუნა მუსერიძის შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს ჯგუფი დაეხმარა ადამიანებს გამოევლინათ სქემა, რომლითაც საქართველოში რამდენიმე სამშობიარო მოქმედებდა.

"საბჭოთა კავშირის წლებში ბიჭებს, როგორც წესი, საქართველოში ყიდდნენ 1500 მანეთად, ხოლო გოგონებს 1000 მანეთად. 1993 წლის შემდეგ ბავშვებით ვაჭრობის ბაზარი უფრო გლობალური გახდა და მდიდარი დასავლური ოჯახები მოპარული ჩვილების სანაცვლოდ უფრო მეტ თანხას იხდიდნენ", - ამბობს მუსერიძე "ტელეგრაფთან." მისი თქმით, 1993 წლიდან ყოველთვიურად ქვეყნიდან 20-30 ბავშვი გაჰყავდათ.

"მაღალი ფასი იყო მიზეზი, რის გამოც მათ უცხოეთში ჩვილების გაყიდვა დაიწყეს. უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ოჯახები დაახლოებით 20 000 დოლარს იხდიდნენ. როგორც ვიცით, ბოლო შემთხვევა 2005 წელს დაფიქსირდა", - ამბობს მუსერიძე.

  • გამოცემის ცნობით, ექსპერტები ამბობენ, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებს შორის ბავშვებით ვაჭრობის სქემა მასობრივად 1800-იანი წლებიდან იწყება და საბუთებში მიზეზად თითქმის ყოველთვის სახელდება "ბავშვის საუკეთესო ინტერესები.“

მაგალითად, დიდი ბრიტანეთიდან მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში დაახლოებით, 150 000 ბავშვი გააშვილეს კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ბრიტანეთის სხვა სამფლობელოებში. 1950-დან 2021 წლამდე პერიოდში ქვეყნებს შორის სულ მცირე, 1,1 მილიონი ბავშვი გააშვილეს.

სქემაში ათობით "დონორი“ ქვეყანა იყო ჩართული, მათ შორის, სამხრეთ კორეა, რუსეთი, შრი-ლანკა, ჩინეთი, ვიეტნამი, გვატემალა და მექსიკა. 1970-იან წლებში მთავარი მიმღები ქვეყნები იყვნენ აშშ, შვედეთი, ნიდერლანდები, დანია და ნორვეგია. 1980-იან წლებში საფრანგეთი და იტალია შეუერთდნენ ხუთეულს, ხოლო დანია და ნორვეგია ამ სიიდან დაქვეითდა.

შვილად აყვანის საკითხების ექსპერტი, ნაიჯელ კანტველი ამბობს, რომ ტყუილი, რომლითაც სამხრეთ კორეასა და საქართველოში მოქმედებდნენ ბავშვების "მოსაპარად და გასაყიდად" (ახალშობილის გარდაცვლილად გამოცხადება) და რომელიც ამ ქვეყნებში ახლახან გამოვლინდა, იშვიათი არ იყო წარსულში სხვა ქვეყნებში.

”70-იან წლებში და განსაკუთრებით 80-იან წლებში, როდესაც ქვეყნებს შორის შვილად აყვანა იზრდებოდა, არ არსებობდა საერთაშორისო კანონმდებლობა და იყო ერთგვარი სამართლებრივი სიცარიელე და გაშვილება სწორედ ასეთი ტყუილით ხდებოდა", - ამბობს ექსპერტი.