ავტორი:

"თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას, დავაყენებთ შუამდგომლობას, სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით... " - ადვოკატი

"თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლოზე დასწრებას, დავაყენებთ შუამდგომლობას, სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით... " - ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვალინდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა "ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს, შესაძლოა, დააყენონ საკითხი, რომ დისტანციურად ჩაერთოს ან პროცესი კლინიკაში გაიმართოს, თუმცა პირდაპირი ტრანსლაცია უზრუნველყოფილი იყოს.

"მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოწმეთა სია არ ჩაიხსნება, მაგრამ საქმის მსვლელობის დროს არ არის გამორიცხული, რამდენიმე მოწმე მოვხსნათ. ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, დავაკვირდებით სიტუაცია როგორ იქნება. მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ და მეეჭვება, მოწმეთა საკმაოდ ვრცელი სია სრულად დაიკითხოს. რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, ამ პროცესის გადადებას ჩვენ არ ვაპირებთ, პირიქით, რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას ვაპირებთ. პირველი, ეს არის სასჯელის მოხდის ან გადავადების დასაბუთება, მეორე, ჩვენ მიერ როგორც "ვივამედიდან", ისე სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია, რომელზეც პასუხები არ მიგვიღია. მესამე ინიციატივა იქნება, რომ თუ მოსვლას ვერ შეძლებს, ან ვიზუალურად ჩაერთოს ან კლინიკა "ვივამედში" ჩატარდეს პროცესი",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მან აღნიშნა, რომ კლინიკაში სასამართლოს ჩატარების პრაქტიკა არსებობს.

"თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას ან "ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო ხელისუფლება არ არის.

"ამ საქმეში გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლება იღებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მითუმეტეს ამ პროცესის დაწყების წინ, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან, ეს პროცესს მხოლოდ ავნებს",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.