ავტორი:

"მთავრობა რასაც უნდა იმ ბრალდებას წაუყენებს და დაუმტკიცებს..." - რას აცხადებს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ძმების დედა?

"მთავრობა რასაც უნდა იმ ბრალდებას წაუყენებს და დაუმტკიცებს..." - რას აცხადებს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ძმების დედა?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა.

მათივე ცნობით, ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

"ტოხოსაშვილი, იგივე "ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა "ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი - "ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. ის სასჯელს საქართველოში იხდის. კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სუს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცისკარა ტოხოსაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდანაა (პანკისის ხეობა).

დაკავებულის დედა ამ ბრალდებას უარყოფს და მისი შვილის სირიაში ყოფნას გამორიცხავს.

"არ ვეთანხმები იმას, რასაც ედავებიან. 2015 წელს უკრაინაში იყო. იქ ბიჭი ჰყავს, იმას ნერვიულობს, რომ არ არის უკრაინიდან გამოსული. ბოლოს ჩემი შვილი თურქეთში ვნახე, 2 კვირა ვიყავი მასთან. ორი ოჯახი აქვს ჩემს შვილს - იქ და აქ. იქაურმა მეუღლემ დამირეკა, ძალიან მძიმედ არისო. როცა ჩავედი, საავადმყოფოში იყო. C ჰეპატიტი აქვს, კუჭი და თირკმელებიც აწუხებს. ფიზიკურად არაფრის გაკეთება შეეძლო, იქაური ცოლეურები ჰყავს შეძლებული და ისინი ეხმარებოდნენ", - განაცხადა დაკავებულის დედამ.

მისი თქმით, ის არც მეორე შვილისთვის წაყენებულ ბრალდებას ეთანხმება. "ისიც მეუბნებოდა თურქეთში ვარო. მთავრობა რასაც უნდა იმ ბრალდებას წაუყენებს და დაუმტკიცებს..." - ამბობს ის.

შეგახსენებთ, ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ის უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა. მისი საქართველოში ექსტრადირება 2020წლის მაისში მოხდა.