ავტორი:

პანიკა აფხაზეთის სკოლებში - "გაჩნდა ანონიმური შეტყობინება ტერორისტულ აქტზე, რომელიც საქართველოდან დაფინანსდა": სოხუმში თვლიან, რომ ეს "ხელისუფლების" ხრიკია

პანიკა აფხაზეთის სკოლებში - "გაჩნდა ანონიმური შეტყობინება ტერორისტულ აქტზე, რომელიც საქართველოდან დაფინანსდა": სოხუმში თვლიან, რომ ეს "ხელისუფლების" ხრიკია

ოკუპირებულ აფხაზეთში გამნაღმველებმა სოხუმის ზოგიერთი სკოლა შეამოწმეს. abkhaz-auto.ru-ს ცნობით, ტელეგრამ-არხზე გაჩნდა ანონიმური შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც ვიღაცამ საქართველოდან მნიშვნელოვანი ტერორისტული აქტი დააფინანსა.

პარალელურად, აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა მოსახლეობა ტერორისტული აქტის მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებით გააფრთხილეს და მოუწოდეს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, სიმშვიდე და სიფრთხილე შეინარჩუნონ... თუმცა, მოსახლეობაში პანიკა მაინც დაიწყო და მშობლების ნაწილმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვა.

  • ადგილობრივების ნაწილმა ე.წ. უშიშროების სამსახურების გაფრთხილება და ზოგადად, ახალი საფრთხე მორიგ, არასერიოზულ ნაბიჯად და პრობლემებიდან ყურადღების გადასატან თემად მიიჩნია.

არიან ისეთებიც, ვინც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სათვალთვალო კამერების დაყენება მოითხოვა, რათა ყველა საეჭვო პირის კონტროლი შესაძლებელი იყოს, თუმცა მაშინვე მათ შეახსენეს, რომ მოსახლეობას ელექტროენერგია, ზოგჯერ დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში მიეწოდება და კამერების დაყენებასაც აზრი არ აქვს.

აფხაზეთის ე.წ. განათლების სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, სკოლებში თავად მშობლები თესავენ პანიკას. "თუმცა, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, სიფრთხილე საჭიროა და სპეციალისტები ახორციელებენ პრევენციულ ზომებს, რასაც ირონიული გამოსვლები კი არა, მხარდაჭერა სჭირდება" - ამბობს სოხუმის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასტანდა ტარკილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მე-2 სკოლაში სასწავლო განგაშის გამართვა იგეგმება, რასაც მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეებიც დაესწრებიან, რათა ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში ქცევის წესებს გაეცნონ.

სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ადლეიბამ, რომელმაც ადგილობრივებს თავი საწვავის ფასის გამო ერთკაციანი აქციებით დაამახსოვრა, რომელიც შემდეგ, საკმაოდ მწვავე პროტესტში გადაიზარდა, სოციალური ქსელის თავის გვერდზე დაწერა, რომ ეს არის ხელისუფლების ხრიკი, რათა ხალხს ყურადღება პრობლემებიდან სხვა რამეზე გადაატანინონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს უფრო გლობალური საფრთხეებიც არსებობს და ამას არიდებენ...

"გეყოფათ უკვე ხალხის დაზაფრვა! ნუ ამყოფებთ ხალხს შიშში! მშობლები პანიკაში არიან, ეშინიათ, რომ შვილები სკოლაში გაუშვან... უკაცრავად, მაგრამ სახელისუფლებო პირების სასახლეების გარშემო შემოვლებული მაღალი გალავნებიც ტერორიზმის საფრთხეა?!" - წერს აფხაზი ადლეიბა.

"დღეს ამით გადაატანინებს ხალხს ყურადღებას უშუქობასა და კატასტროფულად გაძვირებული ფასებიდან, ხვალ სხვა რამეს მოიფიქრებენ, იდეები კი აქვთ და პროპაგანდაც, რაღაც ნაწილში, მაინც მუშაობს... მაგრამ ხვალ თუ ზეგ, ხალხი აუცილებლად გამოიღვიძებს და მერე პროტესტისგან, ის მაღალი ღობეები ვერ დაიცავს..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი მზია ჩუკბარი.

"მტრები გვყავსო და საქართველოსკენ იშვერენ ხელს, თავად კი, ოცდაათი წელია ხალხის ფულით მართლაც სასახლეებს იშენებენ, შვილებს ევროპაში ასწავლიან, მათ მომავალზე ზრუნავენ, ჩვენ კი, დღე-ღამეში მხოლოდ ორი საათი გვაქვს დენი, ან როგორ ისწავლონ ჩვენმა შვილებმა, რა წაიკითხონ, როგორ განვითარდნენ. მეშვიდე და მერვე სართულზე შეშას ეზიდებიან... უკრაინას შუქი არ აქვს, მთელი მსოფლიო გლოვობს, ჩვენთან მშვიდობაა, მაგრამ ოცდაათი წელია ასე ვართ. ჩვენს შვილებს მომავალი წაართვეს, ამაზე მეტი ტერორიზმი რაღა გინდათ?" - წერს აფინა ნანბა.

მეტი სანდო ვერაფერი მოიგონეს?.. ერთი სკოლა ჰქონდათ ამ ბავშვებს, სადაც ერთმანეთთან ურთიერთობდნენ, რაღაცას ნახულობდნენ და ესეც ავკრძალოთ. სიბნელეში ყოფნა არ ჯობია, თქვენზე მეტი ტერორისტები ამ ქვეყანას არ ჰყოლია", - მიაჩნია ლია ადლეიბას.