ავტორი:

"გამაღვიძეს და მითხრეს - "შეაგროვე შენი ნივთები“ - "სიკვდილის გამყიდველი" კალათბურთელის სანაცვლოდ: როგორ გაცვალეს პატიმრები აშშ-მა და რუსეთმა (ვიდეო)

"გამაღვიძეს და მითხრეს - "შეაგროვე შენი ნივთები“ - "სიკვდილის გამყიდველი" კალათბურთელის სანაცვლოდ: როგორ გაცვალეს პატიმრები აშშ-მა და რუსეთმა (ვიდეო)

რუსეთმა პატიმრობიდან გაათავისუფლა კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავი ბრიტნი გრინერი, სანაცვლოდ კი აშშ-მა გაათავისუფლა იარაღით მოვაჭრე, ვიქტორ ბუტი, რომელიც 12 წელია ამერიკულ ციხეში პატიმრობაში იმყოფებოდა.

  • გაცვლა აბუ-დაბიში შედგა და ყველაფერი ისე იყო, როგორც ფილმებში გინახავთ. ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან კერძო თვითმფრინავები დაეშვა, სადაც პატიმრობაში მყოფი პირები უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ. გაცვლის ამსახველი კადრები რუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.

კალათბურთელ ბრიტნი გრინერის გათავისუფლების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა და მან თქვა, რომ გრინერი ახლა უსაფრთხოდაა, გაერთიანებული არაბთა საემიროებიდან თვითმფრინავით სახლში ბრუნდება, თუმცა სივრცე და დრო სჭირდება ჩვეულ ფორმაში დასაბრუნებლად.

პარალელურად კი რუსული მედია იუწყება, რომ ბუტი, რომელიც ცნობილია მეტსახელით "სიკვდილით მოვაჭრე", მოსკოვში დაბრუნდა. "შუაღამისას, მათ უბრალოდ გამაღვიძეს და მითხრეს "შეაგროვე შენი ნივთები“, სულ ეს იყო“,- თქვა მან რუსეთში დაბრუნების შემდეგ ადგილობრივ მედიასთან.

"რუსეთის მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კალათბურთელი ბრიტნი გრინერი თებერვალში, მოსკოვის აეროპორტში დააკავეს. რუსულ საგამოძიებო უწყებაში აცხადებდნენ, რომ გრინერს კანაფის ზეთი ჰქონდა. ის სასჯელაღსრულების კოლონიაში გასულ თვეში გაგზავნეს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს ჯერ კიდევ ივლისში შესთავაზა პატიმრების გაცვლა, რადგან იცოდა, რომ მოსკოვი დიდი ხანია ცდილობდა ბუტის გათავისუფლებას.

  • არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა წამყვანი როლი შეასრულა რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებისას, რათა ეს გაცვლა შემდგარიყო. სწორედ ის იყო მთავარი მედიატორი, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანთან ერთად.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. სწორედ მისი ჩართულობით მოხერხდა სექტემბერში რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა.

აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა უარყო რაიმე შუამავლობა. მათი ცნობით, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების გარდა მოლაპარაკებებში ჩართული არცერთი ქვეყანა არ ყოფილა.

ნახეთ გაცვლის ამსახველი ვიდეო: