ავტორი:

"ყველაფერი გავწირე, რათა მეგანის სამყაროში ვყოფილიყავი" - რას ამბობს პრინცი ჰარი მეგანთან ურთიერთობის შესახებ Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში

"ყველაფერი გავწირე, რათა მეგანის სამყაროში ვყოფილიყავი" - რას ამბობს პრინცი ჰარი მეგანთან ურთიერთობის შესახებ Netflix-ის ახალ დოკუმენტურ სერიალში

მართალია, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამბობდნენ, რომ დიდი ბრიტანეთიდან მედიისა და საზოგადოების ყურადღებას გაექცნენ, თუმცა სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, რეალურად მათი ნაბიჯები მედიის კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ჰარი და მეგანი თითქმის ყოველ დღე სხვადასხვა ონლაინ გამოცემების მთავარ გვერდს იკავებენ.

ოპრა ვინფრისთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ახლა უკვე თავიანთ ცხოვრებაზე სამეფო ოჯახიდან გაქცეული წყვილი "ნეტფლიქსის" დოკუმენტურ სერიალში გვიყვება.

სერიალი 6 ეპიზოდისგან შედგება, რომლის სამი ეპიზოდიც უკვე გამოვიდა. აღნიშნულ სერიებში ჰარი და მეგანი საუბრობენ თავიანთ ურთიერთობაზე, ბრიტანული პრესის თავდასხმაზე და პრობლემებზე, რომელიც სამეფო ოჯახმა მათი თქმით, მეგანს შეუქმნა.

ჰარი ამბობს, რომ მან "ყველაფერი შესწირა მეგანისთვის“, თუმცა მანამდე მეგანმა შესწირა ყველაფერი ჰარის გამო.

"მან (მეგანმა) გასწირა ყველაფერი, რაც ჰქონდა, მათ შორის თავისუფლება, რათა ჩემს სამყაროში შემოსულიყო და ამის შემდეგ საკმაოდ მალე, მე შევწირე ყველაფერი, რომ მის სამყაროში ვყოფილიყავი“, - ამბობს ჰარი.

პრინცმა კვლავ დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთის მედია და თქვა, რომ მათი ურთიერთობის შესახებ სიცრუეს ავრცელებდნენ და იკვებებოდნენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. ასევე კიდევ ერთხელ ისაუბრა სამეფო ოჯახში მეგან მარკლის მიმართ რასისტულ დამოკიდებულებაზე.

აღსანიშნავია, რომ ბუკინგემის სასახლეში ჯერჯერობით სერიალთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. პირველი ეპიზოდის დასაწყისში, ნათქვამია, რომ სამეფო ოჯახის წევრებმა უარი თქვეს რაიმე ეთქვათ სერიალის, მეგანისა და ჰარის შესახებ.