ავტორი:

მისტიური ნასოფლარი ყაზბეგში, სადაც 2002 წლიდან უკვე აღარავინ ცხოვრობს - რომელი გვარის ხალხი ცხოვრობდა ბურმასიგში, სადაც განსაკუთრებით მკაცრი კლიმატია?

მისტიური ნასოფლარი ყაზბეგში, სადაც 2002 წლიდან უკვე აღარავინ ცხოვრობს - რომელი გვარის ხალხი ცხოვრობდა ბურმასიგში, სადაც განსაკუთრებით მკაცრი კლიმატია?

"...ბურმასიგი (ბურმახევი) - ასე გამოიყურება უკვე ნასოფლარად ქცეული დასახლება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, ზღვის დონიდან 2350 მეტრი, სტეფანწმინდიდან 41 კილომეტრი... 2002 წლიდან სოფელში უკვე აღარავინ ცხოვრობს" - ამ წარწერით უნიკალური ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა...

ეთნოლოგიის დოქტორი მირიან ხოსიტაშვილი სოფელ ბურმასიგზე გვიამბობს...

- ბატონო მირიან, როდიდან მოიხსენიება ეს სოფელი ისტორიულ წყაროებში?

- ეს სოფელი თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის სათავეში, მარცხენა ნაპირზე მდებარეობს... ფერდზეა გაშენებული, ძალიან საინტერესო ნაგებობაა. სახელწოდება ოსურ ენაზე გამოითქმის, როგორც ყვითელი კოშკი, რაც მის შეფერეილობაზე ზუსტად აისახება. ეს კომპლექსი მოყვითალო ფერისაა, გამოყენებულია სიპის ქვები, რომელსაც საქართველოს მთიანეთში იყენებდნენ. სიპის ქვა კლდის ნაშალისგან კეთდება და ხშირ შემთხვევაში დუღაბის გარეშე იყენებდნენ... ისევე როგორც ხევსურეთში, თუშეთში, აქაც ეს ნაგებობა დუღაბის გარეშეა ნაშენები... ზუსტი წერილობითი წყაროები არ არსებობს, თუ როდის აიგო ეს შენობა. თუ ანალოგიურ ვარიანტებს გავითვალისწინებთ, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში უნდა იყოს აშენებული.

დათვალიერებისას ერთობლივად წარმოადგენს საცხოვრებელ და თავდაცვის ტიპის ნაგებობას, დედა-ციხე, ანუ მთავარი დასაცავი კოშკის კომპლექსი და სოფელში არის კიდევ რამდენიმე კოშკი, სადაც განაწილებული იყო საცხოვრებელი ნაგებობა, საქონლის სადგომიც. მნიშვნელოვანია ის, არსებობს მოსახლეობის აღწერის დოკუმენტები, სადაც მოსახლეობის რაოდენობაზეა საუბარი... 1801 წელს, როდესაც რუსეთის იმპერია საქართველოში შემოვიდა, მოსახლეობის აღწერა დაიწყეს და ამ აღწერის მიხედვით 1802-1803 წელში დგინდება, რომ ამ ციხე-ქალაქში დაახლოებით ექვსი კომლი ცხოვრობდა... მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში რამდენჯერმეა აღწერილი მოსახლეობის რაოდენობა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხრა კომლს უცხოვრია ამ ტერიტორიაზე...

- ეს ხომ ძალიან ცოტაა?

- რასაკვირველია! ხშირად აღწერის დროს მოსახლეობათა რაოდენობა გამორჩებოდათ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ტერიტორიაზე დიდ ოჯახებათაც ცხოვრობდნენ. ანუ ოჯახის წევრთა რაოდენობა არა ოთხი-ხუთი, არამედ რვა-ათამდეც კი. თავად სოფელი არ არის იმხელა ფართობზე გაშენებული, რომ ბევრი ოჯახი დატეულიყო. მნიშვნელოვანია ისიც, საცხოვრებლად რომ ძალიან მკაცრი პირობებია, ალპური ზონაა.

ეს ტერიტორია, მთლიანად თრუსოს ხეობა საქართველოს ისტორიულ მხარეს - დვალეთს ემიჯნება. დვალეთი მოგეხსენებათ, 1858 საქართველოს რუსეთის იმპერიამ ჩამოაჭრა და იმპერიის სხვა ტერიტორიას შეუერთა. ეს არის კავკასიონის პირიქეთა ნაწილი...თრუსოში მოსახლეობა არაერთგვაროვანი იყო, მეთვრამეტე საუკუნეში იწყება ოსი მოსახლეობის გადმოსახლება ქართველები და ოსები ერთად ცხოვრობდნენ. ხოლო შემდეგ უკვე გადასახლება დაიწყო მოსახლეობამ ამ ტერიტორიიდან და ეს პროცესი იმდენად სწრაფად მიდიოდა, მეოცე საუკუნის, ოციან წლებში თითზე ჩამოსათვლელი იყო მთლიანად თრუსოს ხეობაში მოსახლეობის რაოდენობა...

1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასასრულისკენ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ინგუშების ყოფილ საცხოვრებელ ტერიტორიაზე გადაასახლეს. ეს იმ ფაქტს ემთხევა, როდესაც ინგუშები გაასახლეს ჩრდილო კავკასიიდან... ამის შემდეგ ხდება ფაქტიურად გაუკაცრიელება ამ ტერიტორიისა... ბურმარსიგი ჩაკეტილი ხეობაა, ვიწრო გამოსასვლელი აქვს კობის მხარეს და სხვა ხალხთან ურთიერთობა, ეკონომიკური კავშირები ამ სოფელში შედარებით ნაკლები იყო... როგორც მოგახსენეთ ბევრი ინფორმაცია ამ სოფელთან დაკავშირებით ლიტერატურაში არ იძებნება.. .მაგალითად თრუსოს ხეობაში იყო სოფელი როხვა, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი, მაღალი სოფელი იყო - 2400 ზღვის დონიდან მეტრზე, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის დასაწყისში. იქ როდესაც მოსახლეობა გაქრა (გადასახლდა).

ცხოვრების კვალი თრუსოს ხეობას კარგად ეტყობა, იქ არის სამონასტრო კომპლექსი, სადაც ახლა მოქმედი მონასტერია და დედაოები არიან... მკაცრი პირობების გამო კი ხეობა მოსახლეობისგან დაცლილია... ოსური მოსახლეობა უფრო ვლადიკავკაზის მხარეს გადავიდნენ, სადაც საქალაქო ცხოვრება უფრო განვითარებული იყო, ვიდრე აქ. ქართველი მოსახლეობაც იწყებს გადასახლებას, როგორც ხევში, ისე საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე. ხევი საცხოვრებლად განვითარებული იყო, განსაკუთრებით სტეფანწმინდა, რადგან ჩრდილოეთით დამაკავშირებელი გზა იყო. ეკონომიკური, ძალიან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს სხვა ტერიტორიებთან, აგრეთვე ჩრდილოეთით მოსახლეობასთან.

- ითქვა, რომ ოსეთს ჰქონდა პრეტენზია ამ სოფელზე...

- არის ლიტერატურა, განსაკუთრებით რუსეთში, სადაც ცდილობენ რომ ეს ტერიტორია გამოაცხადონ ოსების ისტორიულ მიწა-წყლად... ეს არის აბსურდი! არაფრით არ უკავშირდება მათ ტერიტორიას, თავად იყვნენ გადმოსული, მიგრირებული ჩრდილო კავკასიიდან დვალეთშიც და თრუსოს ხეობაშიც. რა თქმა უნდა ეს არის საქართველოს ტერიტორია, ამის დასტურია ისტორიული დოკუმენტები და ტოპონიმიკა რაც თრუსოში დასტურდება, თუნდაც ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით ( რომელსაც გეოგრაფიულ აღწერილობაში მცირე ცთომილებები აქვს) აქ ოსების ძველი სამოსახლო დიდად არ დასტურდება... შედარებით გვიანდელი პერიოდის მოსახლეობაში ჩნდებიან, მაგრამ მოგვინო პერიოდში ტოვებენ, რადგან ვერ შეეგუენ, განსაკუთრებით მთის მკაცრ პირობებს. ისევ ჩრდილო კავკასიაში გადავიდნენ.

- რა გვარები ცხოვრობდნენ იქ?

- ძველად არ არის დადასტურებული რა გვარები ცხოვრობდნენ, მაგრამ პერიოდს გააჩნია... მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართული და ოსური გვარებიც იხსენიება. მაგალითად დვალეთში და ამ ტერიტორიის ნაწილშიც ცხოვრობდნენ - დვალები, დვალაძეები, დვალიშვილები, ჩოჩიშვილები და სხვა.

- ტურისტულად ეს სოფელი ათვისებულია ?

- რამდენიმე სააგენტოს მარშრუტში არის... თუმცა ტურისტულად აქტიური ზონა არ არის, ხევისგან განსხვავებით. სანახაობით უნიკალურია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სოფლის და სხვა სოფლების ხილვა. ძალიან საინტერესოა ბუნება, ალპური ზონა, თერგის სათავე განსაკუთრებულია და სასურველი იქნება ეს მხარე სამომავლოდ ტურისტულად დაიტვირთოს. ინფრასტრუტურა რომ მოეწყობა, ეს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული... თრუსოს ხეობაში სასტუმრო არ არის, ახლო სოფლებშია საოჯახო სასტუმროები... გზაც გრუნტიანია ძირითად ნაწილში, როგორც ვიცი ბოლო პერიოდში დაიწყო შეკეთება და იმედია მალე დასრულდება.

- თავის დროზე რა ახსნა აქვს ციხე-ქალაქების მშენებლობას?

- მთაში ასეთი ტიპის ციხე-ქალაქები კარგი თავდაცვის ობიექტები იყო... გარშემო საცხოვრებელი ნაგებობები. საინტერესოა რომ მაშინდელმა მოსახლეობამ კარგად იცოდა, როგორ უნდა აეგო თუნდაც ფრიალო ფერდობზე საცხოვრებელი ნაგებობა, ვთქვათ რომ ზვავისგან დაეცვა, გაეთვალისწინებინა კლიმატური, ეკოლოგიური პირობები...დაგროვებული ქონდა ცოდნა და ყველაფერი ამის გათვალისწინებით ასეთ ნაგებობებს აგებდნენ.

ფოტო: Magdalena Konik Photography