ავტორი:

"არაფერი მაქვს დედის და მამის მსგავსი..." - როგორ ცხოვრობს ცნობილი ოჯახის შვილი, რომელსაც ბავშობიდან იცნობთ: ნატალია ყიფშიძე გეგმებზე, მშობლებსა და და-ძმებზე

"არაფერი მაქვს დედის და მამის მსგავსი..." - როგორ ცხოვრობს ცნობილი ოჯახის შვილი, რომელსაც ბავშობიდან იცნობთ: ნატალია ყიფშიძე გეგმებზე, მშობლებსა და და-ძმებზე

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მახსოვს და ვიცნობ, მასთან ასე ახლოს არასდროს მისაუბრია. ნატალია ყიფშიძე ცნობილი ოჯახის შვილი და შვილიშვილია. უკვე დიდია, 21 წლის გოგოა და ვფიქრობ, ბევრისგან თავისი მკვეთრად გამოხატული მოსაზრებით და სხვადასხვა საკითხის მიმართ დამოკიდებულებით გამოირჩევა. სტუდენტია, "ჯიპაში" ციფრულ მედია და კომუნიკაციაზე სწავლობს. ბოლო კურსზეა, სამომავლოდ გეგმები ჯერჯერობით მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ აქვს, თუმცა იცის, რა უნდა და კიდევ სად შეუძლია სწავლის გაგრძელება.

"შეიძლება სარეჟისოროზე ჩავაბარო, ან მაგ კუთხით კურსები უცხოეთში ავიღო. კარგად მაქვს მოსაფიქრებელი, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, რადგან ამ ეტაპზე სწავლას ვამთავრებ და მთლიანად ამაზე ვარ კონცენტრირებული" - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ნატალია.

- რატომ აირჩიე ეს ფაკულტეტი?

- იმიტომ, რომ აქ ბევრი სფეროა გაერთიანებული, პიარი, ჟურნალისტიკა, ეთიკა, ფროდაქშენი, გადასაღებ მოედანზე მუშაობა, ფოტოგრაფია, ბრენდინგი. კომუნიკაციის სპეციალისტი გამოვალ და თითიეული სფერო ყველაფერში დამეხმარება.

- საკმაოდ გამართული მეტყველება გაქვს...

- ალბათ ესეც ამ ფაკულტეტის დამსახურებაა. მისი დამთავრების შემდეგ ადამიანი კომუნიკაციის სპეციალისტი გამოდის... თავიდან მსახიობობა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან ისეთი პროფესია ავირჩიე, რომელშიც ჩემს თავს ვხედავდი. ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია.

- მსახიობობა რატომ გადაიფიქრე? ოჯახმა ხომ არ გითხრა - არ ღირსო?

- არა, რა თქმა უნდა. ბავშვობიდან ადამიანები ჩემს მშობლებს მადარებდნენ. დიდად არ მინდოდა, მათ სფეროებში ისე შევსულიყავი, რეალურად არ მცოდნოდა, მათ სფეროებში როგორი ვიყავი. რამდენიმე ფილმში პატარა ეპიზოდურ როლში კი გადამიღეს, მაგრამ მაშინ 100%-ით არ დავრწმუნებულვარ იმაში, რომ მსახიობის პროფესია უნდა ამერჩია. ამიტომ, სწორი არჩევანი იყო, რომ განათლება ამ კუთხით მივიღე. აქედან გავიგე, რომ გადასაღებ მოედანზე მუშაობა მსურს და სამომავლოდ ამ კუთხით კარგია განვვითარდე. ჩემებს გადასაღებ მოედანზე ბავშვობიდან დავყვებოდი, ამ ფაკულტეტზე სწავლისას უკვე "მეტროფროდაქშენთან" სტაჟიორიც ვიყავი. ვგრძნობდი, რომ კამერის უკან კომფორტულია ყოფნა. მათთან ერთად და უნივერსიტეტის ფარგლებში გადასაღები ჯგუფის შესახებ ყველაფერი შევიტყვე, ვისწავლე. ...ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთვის ვწერდი, 13-14 წლის ასაკში საბავშვო ჟურნალ "ზებრასთანაც" ვთანამშრომლობდი... მიმაჩნია, რომ წერა რაღაცნაირად ამ ყველაფერთან მეტადაა დაკავშირებული. მოკლედ სარეჟისორო კუთხით უცხოეთში სწავლის გაგრძელება მინდა.

- ე.ი. წერა სიამოვნებას განიჭებს?

- კი და სულ ვცდილობდი, სამყარო ჩემი თვალით დამენახა. ჩემებურად ვწერდი და დღემდე ასეა. უბრალოდ, ცოტა დროის ფაქტორი მიშლის ხელს, რადგან როგორც ვთქვი, მთლიანად კონცენტრირებული ვარ უნივერსიტეტის დამთავრებაზე... როცა ცოტა დათრგუნული პერიოდი მაქვს, წერა მდგომარეობიდან გამოსვლაში მეხმარება. მსახიობობაზე მიფიქრია, მაგრამ არა ოჯახიდან გამომდინარე. უბრალოდ მომწონს ახალი „კანის“ მორგება, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ამ „კანის“ შექმნა უფრო მაინტერესებს, ანუ რეჟისურა. მეტად საინტერესოა ჩემი სამყარო დავხატო და მერე მსახიობებს დავეხმარო იმაში, რომ ეს ახალი როლები მოირგონ.

- როგორც თქვი, 21 წლის ხარ. როგორია შენი თაობის თვალით დანახული დღევანდელობა...

- თაობას რომ ამბობენ, თაობის სახელით პასუხი მიჭირს, რადგან ყველა, ვინც ჩემი ასაკის არის, მგონია, რომ თითოეულს თავისებური ხედვა აქვს. ზოგი ახლა იწყებს სწავლას, ზოგმა დაოჯახება გადაწყვიტა, ზოგს მოგზაურობა აქვს გადაწყვეტილი, - ყველას სხვადასხვანაირი ეტაპი აქვს. ამიტომ შეხედულებებიც სხვადასხვანაირია. მე ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ მინდა, ზუსტად ვიცოდე, ვინ არის ნატალია, რა მოსწონს, რა უნდა. ამაზე აქტიურად ვფიქრობ. უცხოეთში წასვლა და სწავლა მჭირდება. ეს კი კომფორტის ზონიდან გამოსვლას ნიშნავს, რადგან ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და სრულიად კომფორტის ზონაში ვარ. მუდმივად ჩემების იმედი მაქვს, რომლებიც სულ ჩემ გვერდით მეგულებიან. ახლა ის მაინტერესებს, საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრებას როგორ შევძლებ.

- შექმნილ პრობლემებს, გარკვეულ ბარიერებს როგორ ართმევ თავს?

- პრობლემებს ხან ემოციურად ვუდგები, ხან - არა. რაც წლები გადის, გამოცდილება მემატება, ვცდილობ, პრობლემა გულთან არ მივიტანო. საერთოდ პრობლემა ორგვარი არსებობს, ერთი, რომელიც მოგვარდება და მერე, რომელიც არ მოგვარდება. პირველისთვის გონება უნდა დავძაბო, როგორ გამოვასწორო, მეორე შემთხვევაში უნდა ვეცადო, სხვა რამეზე გადავერთო. მგონი, რაღაც სხვანაირად ვუყურებ ჩემს ცხოვრებას. საკუთარ თავთან მარტო ყოფნის დროს ბევრი რამ გავათვითცნობიერე და ბედნიერების ფორმულა "დავამუღამე“...

- და როგორია ის?

- არ არის საჭირო, ყველაფერი თავის "თაროზე" იყოს შემოდებული და სიმშვიდე ასე მოვიპოვოთ. მთავარია, თუნდაც ყოველდღიური, ვითომ რომ გვგონია, პატარა, არაფერს რომ ნიშნავს, იმ ამბებით დავტკბეთ. ვისეირნოთ, ლამაზი ბუნებით და ცხოველებთან ურთიერთობით მივიღოთ სიამოვნება, ან დილით დედისგან შუბლზე კოცნით და ვიყოთ ბედნიერები.

- დედა ახსენე, კრისტი ყიფშიძე ცნობილი მოდელია. როგორია მისი როლი შენს ცხოვრებაში?

- კრისტი ჩემთვის ყველაფერია. ფაქტობრივად, მგონია, რომ მე და დედა ერთად გავიზარდეთ. 24 წლის იყო, რომ გამაჩინა, მაგრამ რაღაცნაირად ყველაფერი ერთად გამოვცადეთ. ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა პერიოდი, როცა ის არ ყოფილა. მთელი გულით მიყვარს და ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია. თუმცა ვფიქრობ, რომ ორი დედა მყავს - ბებიაჩემი კარინა და კრისტი. მათ გამზარდეს. როცა კრისტი ბევრს მუშაობდა, ბებოსთან ერთად ვიყავი. ამიტომ ეს ორი ქალია, რომლებიც პასუხისმგებელია ხოლმე ჩემს რაღაცებზე. როდესაც რაიმეა გადასაწყვეტი, სამივე ერთად ვწყვეტთ. როდესაც შვილის ყოლას დავაპირებ, რაც მათგან ვისწავლე, შვილთან ზუსტად ასეთ მიდგომას ავირჩევ...

მყავს ისეთი მეგობრები, რომლებსაც ჩემნაირი მშობლები ჰყავთ და ისეთებიც, რომლებიც მკაცრი მშობლების შვილები არიან. მკაცრი მშობლები ვისაც ჰყავს, მათ მეტი ინტერესი აქვთ გართობის, ან დამოუკიდებლობის მიმართ. იმიტომ, რომ რაღაცებში შებოჭილები იყვნენ. გახსნილი ურთიერთობა მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის ნდობა გააჩნდეთ. არ იყოს დაძაბული და დასტრესილი ურთიერთობა, რაღაცები არ შეეშალოთ. თუ რამე ისეთი საკითხია, მივალ და ოჯახის წევრებს ვესაუბრები. არის თემები, რომლებზეც მშობლებთან უპრობლემოდ ვსაუბრობ, ეს სხვებს უკვირთ. მე სხვანაირად ვფიქრობ, ამიტომაც არ გვაქვს უთანხმოება.

- დედა ცნობილი მოდელია - ეს რას ნიშნავს შენთვის?

- ჩემი ოჯახის წევრები - დედაჩემი, მამაჩემი თუ ბაბუაჩემი - ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყვნენ. ამ კითხვაზე პასუხი მიჭირს, რადგან ისინი ჩემთვის დედა, მამა, ბაბუა, მამიდა, დიდი ბებიაა. მათ ხალხი იცნობს, ყურადღებას აქცევს, თუმცა ეს ჩემთვის ისეთს არაფერს ნიშნავს, რადგან ოჯახის წევრები არიან. ერთადერთი ის არის, რომ ამ დროს მე მეტად მჭირდება საკუთარ თავში ჩამოყალიბებული კონკრეტული გზების არჩევა, რომ ჩემი თავი დამოუკიდებლად წარმოვაჩინო და არა ცნობილი მშობლების შვილად.

ყოფილა სიტუაციები, სადაც რაღაც საქმეში კარგი ვყოფილვარ (არ დავასახელებ რაში), მაგრამ იქ შეიძლება არ ავერჩიეთ იმის გამო, სხვებს არ ჰგონებოდათ, რომ ოჯახის გამო გამომარჩიეს. მსგავს სიტუაციებში რომ აღმოვჩენილვარ, ამის გამო უსიამოვნო შეგრძნება მქონია. ისე, ხალხი ოჯახის მიმართ ყურადღებას, სითბოს რომ გამოხატავს, რა თქმა უნდა, მიხარია და მეამაყება.

- ე.ი. მამასთან და ბაბუასთანაც მეგობრული ურთიერთობა გაქვს...

- კი, მამაჩემი და მე ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ბევრი ძმაკაცი მყავს, თავიდანვე ასე იყო და როგორი ურთიერთობაც მათთან მაქვს, ასეთი გახსნილი ურთიერთობა მაქვს მამაჩემთანაც. ყველა თემაზე ვსაუბრობთ. ერთად ვერთობით, ჩემს მეგობრებსაც იცნობს. უბრალოდ, ბოლო პერიოდში კოსმო და ლუნა (ჩემი და-ძმა) რომ დაგვემატნენ, ბევრი დრო აღარ აქვს და ან მხოლოდ თეატრში ვხვდებით, ან ბავშვების სანახავად რომ ავდივარ, მაშინ. მეც ბოლო დროს ძალიან დაკავებული ვარ. ადრე უფრო ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს, მეტს ვსაუბრობდით. ვეცდებით, მოვიცალოთ და მეტი დრო დავუთმოთ ისევ ერთმანეთთან კომუნიკაციას. ზურა ჩემი ტყუპის ცალი მგონია. ორივე წლის მიხედვით „გველები“ ვართ და ზოდიაქოს მიხედვით ლომები. რაღაც ერთნაირად ვაზროვნებთ და ერთნაირი მუსიკა გვიყვარს. ჩემნაირი ჰიპი ხარო - მეუბნება და მიხარია. ბებიაჩემი ლელა ჩემი ძმაკაცია, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და მიყვარს.

- შენს ძმებსა და დაზე რას გვეტყვი?

- მყავს ორი ძმა და ერთი და - ალექსანდრე 10 წლისაა (დედა ანი ჩიკვილაძე - ავტ.), კოსმო 3 წლის გახდება თებერვალში, ლუნა 2-ის - მაისში (დედა ენი - ავტ.). ალექსნდრე საოცარი ბავშვია, ძალიან ჭკვიანი, თავისი ასაკისთვის ზედმეტად ჩამოყალიბებულად ფიქრობს, აზროვნებს, ხატავს, თავისებურია, გერმანულს სწავლობს. ღამის 10 საათზე ვამთავრებ ლექციებს და რაღაცნაირად არ გამომდის მათთან აქტიური კომუნიკაცია და ეს ცოტა მაწუხებს. ახალ წელს მთელი არდადეგები მინდა, მათთან გავატარო. კოსმო და ლუნა პატარები არიან.

ალექსნდრე რაღაცებში მე მგავს, რაღაცებში - მამას, მაგრამ მაინც ჩემნაირია. წესრიგი და სისუფთავე უყვარს. ეს მასში მომწონს. ოთახში თავისი ნივთები ყოველთვის დალაგებული აქვს. ამას რომ ვუყურებ ხოლმე, ვამბობ, - ეს ჩემი ძმაა. მეც ასე სიმეტრიულად მიდევს ნივთები ჩემს ოთახში.

- მამას ხასიათით გავხარ?

- მგონია, რომ არც ერთს არ ვგავარ, ჩემს თავს პიროვნულად ვერც ერთს ვამსგავსებ. ძალიან ინდივიდუალური ტიპი ვარ გამოხატვის, ინტერესების, სურვილებს, პრიორიტეტების მხრივ. არაფერი მაქვს დედის და მამის მსგავსი, უბრალოდ, ორივეს ძალიან ვუგებ. ისინიც მიგებენ. საერთოდ ყველანი განსხვავებული ტიპები ვართ.

- ამ წლის ბოლოს და საახალწლოდ რას ისურვებდი?

- ყოველ წელს ვფიქრობ, რა უცნაური წელი იყო. წლევანდელი წელიც ასე იყო, რა კუთხითაც განვითარდა, ამას საერთოდ არ ველოდი. ბევრი რამ დავკარგე და ახალი შევიძინე, მერე ისიც დავკარგე და სხვა რაღაცები ვნახე. ნეგატიური რაღაცებიც მოხდა, მაგრამ იმ ყველაფერს წლის ბოლოს რომ ვუყურებ, მეღიმება. ზოგადად ასეა ხოლმე, რადგან ახალ გამოცდილებად ვიღებ. მადლიერიც ვარ, რომ ასე მოხდა. მერე ნაწერებში, რაც მე შემემთხვა, ვცდილობ, პერსონაჟებს მოვარგო ხოლმე.

საერთოდ, რაც ხდება, იმას ვერ გავექცევით, ამიტომ, უნდა გამოვიყენოთ და ამ მხრივ ამ წლით მაინც მადლიერი ვარ. ბევრი გამოცდილება მივიღე. პირველად ვიყავი თვეების მანძილზე განმარტოებული. არადა, წინა პერიოდში ვიტენებოდი სხვა ადამიებთან კომუნიკაციით. ბოლო რამდენიმე თვე საპირისპირო გავაკეთე, რაც ჩემთვის ზედმეტად უცხო აღმოჩნდა. ეს ნაბიჯი მე გადავდგი, რადგან რაღაც მომენტში გავაცნობიერე, - სანამ მე და მე არ დავსხდებით პირისპირ და არ მოვიფიქრებთ, როგორ გვსურს რაღაცების განვითარება, სხვადასხვა რამეზე ფიქრი, ისე არ გამოვა. კმაყოფილი ვარ, რომ ვისწავლე რა არის განმარტოების ხიბლი. ვიმედოვნებ, ახლა ამ ყველაფერს პრაქტიკაშიც გამოვიყენებ.