ავტორი:

"ომში წასვლა ან პატიმრობა..." - ჩეჩნეთიდან მოსახლეობა გარბის: იძულებითი გაწვევა "პუტინის სპეცოპერაციაში", კადიროვის წნეხი და ადგილობრივების პროტესტი

"ომში წასვლა ან პატიმრობა..." - ჩეჩნეთიდან მოსახლეობა გარბის: იძულებითი გაწვევა "პუტინის სპეცოპერაციაში", კადიროვის წნეხი და ადგილობრივების პროტესტი

ჩეჩნეთიდან გაქცევას ყოველდღე ცდილობენ ადგილობრივები და რუსეთის რომელიმე რეგიონში ან ქალაქში იმალებიან, შემდეგ კი, მექსიკის ან სხვა ქვეყნის გავლით, ამერიკაში ლტოლვილად ბარდებიან...

  • "ეს ომში გაწვევიდან თავის არიდების ერთგვარი გამოსავალია..." - წერს რუსული მედია ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარების მიმოხილვისას.

kavkazr.com-ის ცნობით, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ კავკასიიდან 1598 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მათი დიდი ნაწილი, ჩეჩნეთიდანაა.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ადგილობრივმა კონტრაქტორმა მაგომედ ელემხენოვმა, ომში წასვლა სასამართლოში გააპროტესტა, საქმე წააგო, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს იმ მოტივით, რომ რუსეთისთვის ახალი ტერიტორიების შემოერთებისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში უარს ამბობს.

იურისტისა და უფლებადამცველის, არტემ მუგუნიანცის თქმით, კონტრაქტორს სრული უფლება აქვს უარი თქვას იმ ზონაში მიმდინარე სპეცოპერაციაში საომრად წასვლაზე, რომელსაც რუსეთი ჯერ კიდევ არ მიიჩნევს თავის ტერიტორიად. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება, სხვა თემაა, რა იქნება შედეგი..." ამბობს მუგუნიანცი.

რამდენიმე თვის წინ, ჩეჩნეთის სამხედრო სასამართლომ ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა ალი მუსაევს, რომელმაც ასევე უარი თქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე. თუმცა, სასჯელის მოხდის შემდეგ, ის მაინც გაუშვეს ომში, რათა ეს სხვებისთვის მაგალითი ყოფილიყო.

ასევე ომში წასვლა გააპროტესტა კიდევ ერთმა კონტრაქტორმა ზელიმხან ბუგუჩაევმა, რომელსაც გროზნოს გარნიზონის სამხედრო სასამართლომ დეზერტირობის ბრალდებით 7-დან 10-წლამდე პატიმრობა მიუსაჯა...

ამის შემდეგ, როგორც ჩეჩნეთში, ასევე, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებში, იმატა კონტრაქტორების უგზო-უკვლოდ გაქრობის ფაქტებმაც.

ხშირ შემთხვევაში ისინი თავიანთი ოჯახის წევრებსაც არ აყენებენ საქმის კურსში, იმის შიშით, რომ ისინი "კადიროველებისგან" წნეხს ვერ გაუძლებენ და მთელი ოჯახისთვის საფრთხის შექმნის შიშით, საიდუმლოს გასცემენ... ამიტომაც, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის არიან სამხედრო კონტრაქტორებიც, პოლიციელებიც და ის ახალგაზრდებიც, რომელთაც დღეს-ხვალ სავალდებულო სამხედრო გაწვევა უწევს. მით უფრო, რომ არსებული ინფორმაციით, 17 წლის ზემოთ ახალგაზრდებისთვის, მათ შორის, ქალებისთვის სამხედრო მომზადების სწავლებები იწყება, რაც იარაღის ხელში დაჭერის შესწავლის შემდეგ, პირდაპირ ომში მონაწილეობას გულისხმობს.

"უკრაინის ომში ასევე უამრავი ჩრდილო კავკასიელი იღუპება და მათ შესახებ ოფიციალური უწყებები ინფორმაციას არ ავრცელებენ. ზოგი მათგანი, პოლიციის თანამშრომლები გაუფრთხილებლად მიჰყავთ ომში, ანუ შინ არ ბრუნდებიან, ოჯახი კი, დაკარგულზე ძებნას აცხადებს... აბსურდის თეატრია, არა?!" - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი მუსაი ლომაევი ინტერნეტში.

"არის შემთხვევები, როდესაც კონტრაქტორები წყვეტენ საკონტრაქტო სამსახურს, მაგრამ მათ მაინც უწევთ ომში წასვლა, როგორც "მომზადებულ კადრს", რომლებიც სამხედრო მობილიზაციას ექვემდებარებიან... უამრავ კონტრაქტორს, რომელთაც ომამდე სხვადასხვა მიზეზის გამო, კონტრაქტი შეუწყვიტეს, ახლა გაწვევა მოუვიდათ, მაგრამ მათ არ უნდათ წასვლა...

პუტინი ყველას არწმუნებს, რომ მობილიზაცია დასრულდა, მაგრამ კონტრაქტორებს, რომელთაც კონტრაქტის ვადა ამოეწურათ, სამხედრო სამსახურიდან წასვლის უფლებას არ აძლევენ. არის შემთხვევები, როდესაც თავად კონტრაქტორები ამბობენ უარს კონტრაქტის გაგრძელებაზე, რადგან ისინი მის ფარგლებში, ერთხელ უკვე იყვნენ უკრაინაში და ისევ დაბრუნება არ სურთ" - ამბობს უფლებადამცველი ვალენტინა მელნიკოვა.

"ყველას, ვინც ბედავს და ომში წასვლაზე უარს ამბობს, 7-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან დეზერტირობას სხვა მუხლებიც ემატება, მაგალითად, არმიის დაკნინება, დემოტივაცია, ნეგატიური განწყობის შემოტანა შეიარაღებულ ძალებში, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ და სხვა... ამასთან, პრობლემები ექმნებათ მისი ოჯახის წევრებსაც. ასე რომ, წვევამდელებსა და კონტრაქტორებს ახლა უმძიმესი არჩევანის გაკეთება უწევთ - ან ომში თავის გაწირვა და მადლობა მის ოჯახს, ან პატიმრობა და წნეხი მის ოჯახს.." - წერს აქტივისტი ურსო სულეიმანოვი.