ავტორი:

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს - მისი სიცოცხლის გადარჩენის შანსია მხოლოდ საზღვარგარეთ გადაყვანა" - მელია

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს - მისი სიცოცხლის გადარჩენის შანსია მხოლოდ საზღვარგარეთ გადაყვანა" - მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს.

როგორც მან პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკოსები ყოველდღიურად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი მხოლოდ და მხოლოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანაა.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს. მნიშვნელოვანია აღსრულდეს მიღებული სხვადასხვა რეზოლუციები, აღსრულდეს სამედიცინო ექსპერტების მიერ დადებული დასკვნები, რომელიც ერთი და იმავეს ამბობს. პროფესორები, აკადემიკოსები ყოველდღიურად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა“,- განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ბოლო 4 თვის განმავლობაში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა სრულ თანხვედრაში იყო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების გეგმასთან.

"ბუნებრივად შეიქმნა ის მდგომარეობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას შეეხება. პარტია დღემდე ამ პირობას იცავს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება გაიგებს, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილისთვის, მიუხედავად ექსპერტთა ჯგუფების მიერ დადებული უმძიმესი დასკვნებისა, ბუნებრივია, ადეკვატური რეაგირება იქნება. ეს არის ის, რისი თქმაც ახლა მსურს. დანარჩენს საზოგადოება მომავალში იხილავს“, - განაცხადა მელიამ.

მან განმარტა, რომ უსაფუძვლოა პრეტენზიები იმის თაობაზე, თითქოს ის ნაკლებად აქტიურია.

"ვისურვებდი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ წევრში იყოს სურვილი, რომ უფრო აქტიურები გახდნენ. მე შეიძლება დამაბრალო ყველაფერი, შეიძლება სხვადასხვა ტიპის პრეტენზია არსებობდეს, მაგრამ თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში განსაკუთრებით, ეს პრეტენზია აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის“, - განაცხადა მელიამ.

გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პეტრე ცისკარიშვილი პარტიის ფინანსებს ჩამოშორდა.

"გენერალურ მდივანს აქვს წვდომა ყველა ფინანსურ-მატერიალურ და ტექნიკურ რესურსთან, განსხვავებით პარტიის თავმჯდომარისგან. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ, რომ აბსოლუტურად ნეიტრალურ ადამიანს დაეკისრება არჩევნებამდე ამ უფლებამოსილების განხორციელება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს შეეხო არა მხოლოდ პეტრე ცისკარიშვილს, ასევე ზურა მელიქიშვილს“, - განაცხადა მელიამ.