ავტორი:

"უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 9 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს" - უკრაინის გენშტაბი

"უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 9 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს" - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 11 შეტევა მოიგერიეს და მოწინააღმდეგის 9 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკიივკას და სერებრიანსკის დასახლებებში და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკის, ბელოგოროვკას, სოლედარის, იურიევკას, კრასნოგოროვკას, მარინკას, ნოვომიხაილოვკასა და ვრემენკას დასახლებებში.

"მოწინააღმდეგემ 2 სარაკეტო შეტევა განახორციელა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, 11 საჰაერო დარტყმა ჩვენი ჯარების პოზიციებზე, ასევე განხორციელდა 60-ზე მეტი თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ქალაქ ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჩვენი ჯარების პოზიციებზე“, - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა მოწინააღმდეგის 9 სამეთაურო პუნქტს, პირადი შემადგენლობის თავმოყრის 17 ზონას და ოკუპანტების საბრძოლო მასალის 2 საცავს დაარტყეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დარტყმის განხორციელების საფრთხე კვლავ არსებობს.