უმძიმესი დანაშაული მოხდა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სალიბაურში. მამამთილმა 61 წლის ლევან ბალაძემ 40 წლის რძალი, თამუნა ჯიქიძე სანადირო თოფით მოკლა.
როგორც ირკვევა, მკვლელობამდე რძალსა და მამამთილს შორის კონფლიქტი მოხდა.
ძალოვნებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს და ოფიციალური ინფორმაციაც უკვე გაავრცელეს: "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 1982 წელს დაბადებული თ. ჯ.
პოლიციამ ლ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ირკვევა, ბალაძეების ოჯახში კონფლიქტები ხშირად იყო. ეს ამბავი თანასოფლელებმაც იცოდნენ. მართალია, დღეს ადგილობრივები დეტალებზე საუბარს ერიდებიან, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი იმასაც ამბობს, რომ ბრალდებულს მეზობლებთანაც ჰქონდა კონფლიქტი.
"რომ დათვრებოდა, მთელ სოფელს ეჩხუბებოდა. პათოლოგი, ავადმყოფი ადამიანია. ამიტომ, ყველა ცდილობდა, მასთან კონტაქტში არ შესულიყო. ხშირად სვამდა. 10 დღე ფსიქიატრიულშიც იწვა. პოლიციამაც იცოდა ეს ამბავი და სანამ ეს უბედურება არ მოხდა, არავინ არავითარი ზომა არ მიიღო", - ამბობს ადგილობრივი.
ჩვენი ინფორმაციით, დამნაშავემ რძალს ზურგიდან მაშინ ესროლა, როცა ქალი ოთახში შედიოდა.
"საშინელი ამბავია მომხდარი და ძალიან განვიცდით. მამამთილმა რძალს კონფლიქტის ნიადაგზე ესროლა სანადირო თოფიდან ტყვია. ორი შვილის დედა ადგილზე გარდაიცვალა.
წაკამათება და ჩხუბი რძალსა და მამამთილს შორის ხშირად ყოფილა, მაშინაც კი, როცა მოკლულის ქმარი საქართველოში იყო. ქმარი ერთი წელია, საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული და დღეს ჩამოდის. ეს უმძიმესი ამბავი დახვდება. ამ სახლში ცხოვრობდა მოკლული გოგო ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად და ასევე იქ ცხოვრობდნენ მისი დედამთილი და მამამთილი.
ლევან ბალაძე, როცა სვამდა, ნერვიული ხდებოდა, მერე ერთმანეთს არ უთმობდნენ არაფერს და ჩხუბობდნენ. გუშინ მანდარინის დასაკრეფად მუშები ჰყოლია მოყვანილი ლევანს, ეტყობა, მერე მუშებს დაალევინა სასმელი და თვითონაც დალია. რძალი სახლში რომ დაბრუნებულა, შეკამათებულან. რატომ იკამათეს, არ ვიცი. ლევანის მეუღლე და შვილიშვილები სახლში იყვნენ, ალბათ, იმათ მეტი დეტალი ეცოდინებათ. ლევანის მეუღლე არ მინახავს, მას არ დავლაპარაკებივარ. გააგრძელეთ კითხვა