ავტორი:

რა შემთხვევაში ჩაეთვლებათ მოხდილად სამხედრო სავალდებულო სამსახური 23 წლამდე ასაკის სტუდენტებს

რა შემთხვევაში ჩაეთვლებათ მოხდილად სამხედრო სავალდებულო სამსახური 23 წლამდე ასაკის სტუდენტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 23 წლამდე სტუდენტებს, რომელთაც სამხედრო წვრთნის გავლა მოუნდებათ, 4 წლის ვადაში შეეძლებათ, რომ წელიწადში დაახლოებით 1-თვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა სამხედრო ბაზებზე გაიარონ და მათ სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული ინტენსიური მომზადების პროგრამა სამხედრო ბაზებზე ჩატარდება.

ღარიბაშვილის შეფასებით, მას შემდეგ, რაც ეს პროგრამა სრულად ამოქმედდება, 10 წელიწადში, საქართველოს მინიმუმ 100 000-კაციანი მომზადებული, სამხედრო-საბრძოლო მომზადების მქონე რეზერვი ეყოლება.

"ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აუცილებელია მოქნილი სისტემის შეთავაზება სტუდენტებისთვის. გარდა იმისა, რომ უწყებას არ ექნება საშუალება, რომ ყველა მსურველი თუ წვევამდელი გაატაროს თუ მოამზადოს, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საჭირო არის უფრო მოქნილი შეთავაზება სტუდენტებისთვის. იმ 23 წლის ასაკამდე სტუდენტებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ სამხედრო წვრთნა უნდა გაიარონ სტუდენტობის პერიოდშივე, 4 წლის ვადაში შეეძლებათ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთონ. წელიწადში დაახლოებით 1-თვიანი ინტენსიური მომზადების პროგრამა ჩატარდება სამხედრო ბაზებზე და ისინი გაივლიან იდენტურ ან ძირითად სამხედრო-საბრძოლო მომზადების პროგრამას. 4-წლიანი პროგრამა იქნება, წელიწადში 1 თვე მოუწევთ სამხედრო ბაზებზე მომზადება და სტუდენტის დასრულებისთანავე, 4 წლის შემდეგ, მათ ჩავუთვლით სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოხდილად. მათ მიენიჭებათ რეზერვის რიგითი სამხედროს წოდება. ჯამში 4 წლის თავზე ჩვენ დაახლოებით 10 000 წვევამდელს მოვამზადებთ. აქედან ნახევარი იქნება სტუდენტები, ნახევარი კი ჩვეულებრივი წვევამდელები, რომლებიც გაივლიან ამ ინტენსიურ პროგრამებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს გაზრდის ჯარის პოპულარობას და ახალგაზრდებში ავამაღლებთ პატრიოტულ სულისკვეთებას, ისინი მიეჩვევიან სხვა უნარ-ჩვევებს, სამხედრო დისციპლინას და ვფიქრობ, რომ ეს წარმატებული რეფორმა გამოგვივა“, - განაცხადა პრემიერმა.