ავტორი:

"მაღაზიებში ყირგიზეთის, უზბეკეთის, ბელარუსის საქონელი შემოყარეს... ასეთი კრიზისი 90-იანი წლების მერე არ ახსოვთ" - რას ყვება რუსეთში მცხოვრები ქართველი

"მაღაზიებში ყირგიზეთის, უზბეკეთის, ბელარუსის საქონელი შემოყარეს... ასეთი კრიზისი 90-იანი წლების მერე არ ახსოვთ" - რას ყვება რუსეთში მცხოვრები ქართველი

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთში კორუფციის დონე 51%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები წერენ. newsnn.ru -ს ცნობით, კორუფციის ყველაზე დიდი წილი ბიზნეს სფეროზე მოდის, დანარჩენი კი, სხვადასხვა სფეროზე ვრცელდება. გამოცემის ინფორმაციით, 2023 წელი ქვეყნისთვის უარესი იქნება, რადგან ხელფასების კლებაა მოსალოდნელი.

"რაც დრო გადის, პრობლემები სულ უფრო გვიახლოვდება, თუ აქამდე რუსეთის დიდ ქალაქებში შედარებით სხვანაირი სიტუაცია იყო, ახლა მოსკოვმაც იგრძნო სანქციები, ფასებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაზე", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რომლის სახელს და გვარს მისივე უსაფრთხოების გამო არ ვასაჯაროებთ. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ყოველ დღე იზრდება ფასები, საბიუჯეტო უწყებებში ხელფასები შეამცირეს იმ მიზეზით, რომ "ქვეყანა ომშია ჩართული."

- გაგვაფრთხილეს, რომ შესაძლოა, კიდევ დაგვაკლონ ხელფასები, თუმცა, ვინც საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობს, მაინც გააქვს თავი, იმ ფონზე, როდესაც კერძო დაწესებულებები, ტანსაცმლის, ტექნიკის, პარფიუმერიის ბრენდული მაღაზიები დაიხურა, ასობით ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა.

სამაგიეროდ, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ბელარუსის საქონელი შემოყარეს, რომელიც თავისი "ხარისხით" აუცილებლად გაგახსენებთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ნაწარმს. თუმცა იმასაც ჰყავს მომხმარებელი. უფროსი თაობის ადამიანები მზად არიან შიდა ნაწარმზე იყონ. მათ პენსიებს არ დაჰკლებია და "ველიკაია დერჟავას" ხათრით, ძეხვსა და პურზეც გადავლენ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მათგანის ოჯახის წევრი, ვინც კერძო ორგანიზაციაში მუშაობდა, უმუშევარი დარჩა.

სანქციების ფონზე შემოაქვთ თურქული საქონელიც, მაგრამ ძალიან ძვირია და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითისთვის, ჩექმა 25-30 ათასი რუბლი და კიდევ უფრო ძვირია, რაც ქართული ვალუტით 800 ლარზე მეტია, ქურქის, ან სხვა თბილი მოსაცმელის ფასი კი 1000 ლარიდან იწყება. ეს არის საშუალო ფასი.

ხალხმა გამოსავალი იპოვა, სხვადასხვა საერთაშორისო საიტებიდან იწერენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთებსა და სხვა აქსესუარებს, ცოტა აგვიანდება, მაგრამ ადგილობრივები უკვე შეეჩვივნენ და თადარიგს იჭერენ, თავიდან კი ელოდნენ, რომ ყველაფერი მალე მოგვარდებოდა და ამხელა ბაზარს არავინ დაკარგავდა, მაგრამ ახლა ხვდებიან, რომ ყველაფერი მალე არ დასრულდება, ამიტომ თადარიგი დაიჭირეს და ზამთრისთვის საჭირო ნივთების გამოწერა შემოდგომის დასაწყისში დაიწყეს.

უმუშევრად დარჩენილები ამბობენ, ბანკის ვალებს კი ვიღებთ, მაგრამ როგორ დავაბრუნებთ, არ ვიცითო. სურსათის დეფიციტი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ყოველ დღე ყველაფრის ფასი მატულობს.

თავიდან ამბობდნენ, ასე იმიტომ ხდება, რომ ხალხში პანიკაა და ყველაფერს იმარაგებენო, მაგრამ ფასების ზრდა არ შეწყვეტილა.

პირველ ეტაპზე, ქვეყნიდან IT სპეციალისტების გადინება დაიწყო და ახლაც გრძელდება, ახლა მათ ბიზნესმენები მიჰყვებიან. ყიდიან, ან ხურავენ ბიზნესს და სხვა ქვეყანაში მიდიან. ამბობენ, რომ ზარალობენ, მაგრამ სულ ყველაფრის დაკარგვას, გარისკვა და სხვაგან გადასვლა ურჩევნიათ.

- თქვეს, რომ რაც დრო გადის, რუსეთიდან წასვლა რთულდება. ასეა?

- ქვეყნიდან წასვლა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მიდის ის ნაკადი, ვისაც ფული აქვს, რადგან სხვა ქვეყანაში ცხოვრების თავიდან აწყობა, ადვილი არ არის, მით უფრო ამ ვითარებაში, როდესაც ომის ფონზე, ყველგან ყველაფერი შეიცვალა, მაინც ცდილობენ, წასვლა მოასწრონ და სადმე სტაბილურ ქვეყანაში გადავიდნენ. უამრავი მიდის ამერიკაში, მათ შორის მექსიკის გზით. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი ეკონომიკური კრიზისი და მიგრაცია 90-იანი წლების მერე არ ახსოვთ.

ერთ-ერთ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში ვმუშაობ. სამუშაო საათები მოგვიმატეს, რადგან ჩვენი კლინიკადანაც უამრავი ადამიანი წავიდა. ამიტომ თუ ადრე 9-დან 6-მდე ვმუშაობდით, ახლა დილის 8-დან საღამოს 9-მდე გვიწევს. პაციენტების მეტი კონტროლისთვის დისპანსერიზაცია შემოიტანეს, ანუ ექიმს ჰყავს თანაშემწე, რომელსაც ჩვენთან აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებთან დარეკვა და გამოკითხვა ევალება - რამდენად კმაყოფილია ჩვენი მომსახურებით და სამკურნალოდ უცხოეთში ხომ არ გეგმავს წასვლას. ამით ინფორმაციასაც აგროვებენ, რადგან უამრავი ადამიანი გადის ქვეყნიდან იმ მიზეზით, რომ სხვა ქვეყანაში აპირებენ მკურნალობას.

უკმაყოფილების შემთხვევაში, ექიმებზე ტყდება ჯოხი. ყველა პაციენტთან 12 წუთი გვაქვს განსაზღვრული, რაც უმეტეს შემთხვევაში არასაკმარისია და საყვედურს ვიღებთ სხვა პაციენტებისგან, შემდეგ კი ადმინისტრაციისგან. ერთი სიტყვით, ქაოსია. რაღაც დანაზოგი რომ მქონდეს, აუცილებლად დავბრუნდებოდი ჩემს ქვეყანაში.

პაციენტები ჰყვებიან, რომ რეგიონებში უმძიმესი ვითარებაა, ჩრდილოეთ ოსეთი და ჩრდილოეთ კავკასია კაცებისგან დაცლილია. ვითომ მობილიზაცია შეწყდა, მაგრამ ხალხი მაინც მიჰყავთო... მოკლედ, არავინ იცის რა იქნება.