ავტორი:

"სისხლიანი ამანათების" საიდუმლო - უკრაინის საელჩოები ევროპის მასშტაბით "სისხლიან საჩუქრებს" იღებენ - რას აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში

"სისხლიანი ამანათების" საიდუმლო - უკრაინის საელჩოები ევროპის მასშტაბით "სისხლიან საჩუქრებს" იღებენ - რას აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში

ევროპის მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის საელჩოები "სისხლიან ამანათებს" იღებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება და საელჩოები განსაკუთრებული დაცვის რეჟიმის პირობებში მუშაობენ.

ბოლო ასეთი შემთხვევა ახლახან, საბერძნეთში მოხდა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, უკრაინის საელჩომ საბერძნეთში ანონიმური სისხლიანი ამანათი მიიღო. მისივე ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ნიკოლენკო აღნიშნავს, რომ გამგზავნის მისამართი იგივეა, რაც დანარჩენ კონვერტებზე, რომლებიც უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა მანამდე მიიღეს - Tesla-ს ავტომობილების შოურუმი გერმანიის ქალაქ ზინდელფინგენში

  • რა ვიცით "სისხლიანი ამანათების" შესახებ?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჯერ კიდევ გასულ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა 31 საეჭვო და მუქარის შემცველი ამანათი მიიღეს ევროპის 15 ქვეყანაში. მისი ცნობით, ყველა ამანათი გერმანიიდან, Tesla-ს შოურუმიდან იყო გაგზავნილი.

უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, ზოგიერთ "სისხლიან ამანათში" იყო ცხოველების თვალები, რომელიც სითხეში იყო მოთავსებული.

კულებას თქმით, ამანათები გაჰქონდათ ისეთი საფოსტო ოფისებიდან, რომლებიც არ იყო აღჭურვილი ვიდეოთვალთვალის სისტემით.

"კრიმინალები ასევე იღებდნენ ზომებს, რომ შეფუთვებზე არ დაეტოვებინათ დნმ-ის კვალი. ეს მიუთითებს საქმის შესრულების პროფესიონალურ დონეზე“, - ამბობს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. კულებას ცნობით, ასეთი ამანათები მიიღეს უკრაინის საელჩოებში იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმენთში, დანიაში, ხორვატიაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში მადრიდში, უკრაინის საელჩოში კონვერტით გაგზავნილი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც საელჩოს ერთი თანამშრომელი დაშავდა.