ავტორი:

"პრეზიდენტ პუტინს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პასუხს ვაგებინებთ" - "დიდი შვიდეული"

"პრეზიდენტ პუტინს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პასუხს ვაგებინებთ" - "დიდი შვიდეული"

ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიული ომის ფონზე და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, - ამის შესახებ "დიდი შვიდეულის“ ლიდერების მიერ 12 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"დიდი შვიდეული“ გამოხატავს მზადყოფნას, უკრაინას რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმაროს.

"ვგმობთ რუსეთის მუდმივ არაჰუმანურ და სასტიკ თავდასხმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებზე, ასევე უკრაინის ქალაქებზე და ვაცხადებთ, რომ თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე, წარმოადგენს ომის დანაშაულს.

ჩვენ ასევე ვგმობთ მათ, ვინც ხელს უწყობს პუტინის უკანონო ომს. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას მისი კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთებაში, აღდგენასა და დაცვაში.

რუსეთმა უნდა გადაიხადოს მისი სასტიკი ომის შედეგად დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ის არ შეიძლება იყოს დაუსჯელი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკისთვის. პრეზიდენტ პუტინს და სხვა პასუხისმგებელ პირებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პასუხს ვაგებინებთ. ვიმეორებთ, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა მიუღებელია და რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება.

რუსეთის აგრესიული ომი უნდა დასრულდეს. დღემდე, ჩვენ არ გვინახავს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მდგრადი სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია. რუსეთს შეუძლია დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების შეწყვეტით და უკრაინის ტერიტორიიდან თავისი ძალების სრულად და უპირობოდ გაყვანით. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივას სამართლიანი მშვიდობისთვის”, - აღნიშნულია განცხადებაში.

"დიდი შვიდეული“ პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს და გააძლიერებს ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე.

"ვრჩებით უპრეცედენტოდ კოორდინირებული სანქციების ერთგული. შევინარჩუნებთ და გავაძლიერებთ ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე და მათზე, ვინც თავს არიდებს და ძირს უთხრის ჩვენს შემზღუდველ ზომებს. გავაგრძელებთ დაუცველი ქვეყნების დაცვას, რომლებზეც მძიმე გავლენას ახდენს რუსეთის აგრესიული ომის შედეგები და მის მიერ ენერგორესურსებისა და საკვების ომის იარაღად გამოყენება“, - აღნიშნულია განცხადებაში.