ავტორი:

"მედიკამენტები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას იწვევს" - შალვა ხაჭაპურიძე

"მედიკამენტები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას იწვევს" - შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, დაკითხვის დროს ექსპერტები იმ დიაგნოზებს გაასაჯაროებენ, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაშია ასახული.

როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა "ვივამედში" შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ ჩვენების მიცემას ამერიკელი ფსიქიატრი და ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი აპირებს.

"გუშინ ვისმენდი, რომ დიაგნოზები დასმული არ არისო. დიაგნოზი დასმულია, იმიტომაც იკითხებიან ექსპერტები, რომ გააჟღერონ დიაგნოზები, დაასაბუთონ, რა მეთოდით გამოიკვლიეს, როგორ მივიდნენ ამ დიაგნოზებამდე და ა.შ. ხვალ ჩვენების მიცემას აპირებს ამერიკელი ფსიქიატრი და მარიამ ჯიშკარიანი. არ გამოვრიცხავთ, რომ ინგლისელი ექსპერტიც ჩაერთოს, ისიც ფსიქიატრია. ჩვენი სქემა არის ასეთი - ჯერ ფსიქიატრები დაიკითხონ, შემდეგ ნევროლოგები და ასე გავყვებით", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, ფსიქიატრებმა ისეთი დიაგნოზი დასვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.

გარდა ამისა, ადვოკატმა აკრძალულ მედიკამენტებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ადვოკატებმა ჯერ კიდევ 2 თვის წინ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს არამიზნობრივი მედიკამენტებით მკურნალობდნენ.

"ეს წამლები აკრძალულია წამლის სააგენტოს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. იწარმოება რუსეთში და მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში არის დასაშვები. ნორმალურ სახელმწიფოში ეს მედიკამენტები პაციენტებს არ ეძლევათ იმიტომ, რომ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას იწვევს. გეუბნებოდით, ძალიან საინტერესო და სკანდალურ ამბებს ნახავთ ამ საქმეში-მეთქი და ხვალიდან იწყება ეს ყველაფერი. დიახ, საქართველოში ეს წამლები არ უნდა იყოს გამოყენებული და ამ დროს ათასობით ადამიანზე გაიცემა, მარტო სააკაშვილზე არ არის საუბარი", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მან აღნიშნა, რომ ხვალინდელ პროცესზე ეს მედიკამენტები დასახელდება და ისიც, თუ რა უკუჩვენებებს იწვევს.

ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტი აუკრძალეს.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი ნიკოტინის შემცველ ელექტროსიგარეტს ისედაც არ იყენებდა.

"რატომ აკრძალეს, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე. გუშინდელი მონაცემებით, როგორც ვიცი, აუკრძალეს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილს კუჭის ოპერაცია 2017 წელს ჩაუტარდა.

ადვოკატის თქმითვე, სასამართლო ამზადებს შესაბამის ტექნიკურ მოწყობილობას იმისთვის, თუ სააკაშვილი მისვლას ვერ შეძლებს, ვირტუალურად ჩაერთოს.

ხაჭაპურიძემ არ გამორიცხა ისიც, რომ ხვალინდელი პროცესის ნაწილი დაუხუროს.

"ჩვენ სასამართლო სხდომის დახურვას არ მოვითხოვთ. არ არის ეს იმ ტიპის დავა, სადაც სხდომა იხურება, თუმცა, თუ საკითხი დადგება და ექსპერტიზის ჩვენების დროს, რაღაც ისეთ პერსონალურ მონაცემებზე იქნება საუბარი, რომელიც შესაძლებელია არ გაჟღერდეს, რამდენიმე კითხვის პერიოდში შეიძლება დაიხუროს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.