ავტორი:

მდიდრული უძრავი ქონება, სასტუმროები, 11 კომპანიის მეწილეობა და მთავრობაში მომუშავე ქალიშვილი - რა ქონებას ფლობს მილიონერი ვიქტორ ჯაფარიძე და რას საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები?

მდიდრული უძრავი ქონება, სასტუმროები, 11 კომპანიის მეწილეობა და მთავრობაში მომუშავე ქალიშვილი - რა ქონებას ფლობს  მილიონერი ვიქტორ ჯაფარიძე და რას საქმიანობენ მისი ოჯახის წევრები?

პარლამენტარი ვიქტორი ჯაფარიძე 2004 წლიდან იკავებს საქართველოს პარლამენტში სავარძელს. "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში ყოფნისას მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი უწყვეტად იკავებდა მმართველი პარტიის საპარლამენტო სიაში ადგილს.

პოლიტიკოსი წელს ოცნებას "გაუწყრა" და 2022 წლის 4 ოქტომბერს მმართველი პარტიიდან გასულ იმ დეპუტატთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც ახალი მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს. ამავე დღეს მან ტელეკომპანია “პოს ტვ”-ის 52% წილი 520 000 ლარად იყიდა.

5 ოქტომბერს საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მილიონერი დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს...

ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს.

ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს - "ქართულ ოცნებას“ - 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს.

ორგანიზაციამ პირველად ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკურ ინტერესებზე კვლევა 2020 წელს გამოაქვეყნა. 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევით კი გაირკვა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 528,150 ლარის ოდენობის სუბსიდიაც მიიღო. მიმართვების მიუხედავად, ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობაზე სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან არ მომხდარა“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ განცხადებაში.

ვიქტორ ჯაფარიძე მეუღლესთან ერთად

ჯაფარიძეს ჰყავს მეუღლე ნათია ხვისტანი და შვილები - ოთარ, გიორგი და ეკატერინე ჯაფარიძეები. თუმცა 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მხოლოდ უმცროსი შვილი გიორგი ჰყავს მოხსენიებული, რომელიც 2004 წელს დაიბადა. ქონება კი, რომლის შესახებაც ზევით მოგახსენეთ, დეკლარაციაში არ ჩანს.

დეპუტატს დეკლარაციაში მითითებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი, შეტანილია, მხოლოდ ერთი აგარაკი ოქროყანაში, რომელიც 2017 წლიდან გასხვისებულია. ნათია ხვისტანმა 2013 წელს მსუბუქ ავტომობილში 20 ათასი დოლარი გადაიხადა.

ვიქტორ ჯაფარიძე შვილებთან ერთად

ნათია ხვისტანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს "ქცია 94 საქართველო, წალკა, დასახლება ხრამჰესი 1"-ის მეწილეა და 66,99%-ს ფლობს, საიდანაც 2020 წელს შემოსავლის სახით 418 652,9 ლარი მიიღო. ეს არის ყველაზე დიდი თანხა დეპუტატის მიერ შევსებულ დეკლარაციაში.

ვიქტორ ჯაფარიძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად

პოლიტიკოსს და მისი ოჯახის წევრებს არ აქვთ ბანკის არანაირი სასესხო ვალდებულება. დეკლარაციის თანახმად, ასევე არ არის ქონება უმცროსი ვაჟის სახელზე.

დეპუტატის ქალიშვილს, ეკა ჯაფარიძეს სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად საქართველოს მთავრობა აქვს მითითებული. ის ხშირად აზიარებს პრემიერ-მინისტრის ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში. უყვარს მოგზაურობა, მათ შორის ოჯახის წევრებთან ერთად. ეკატერინე ჯაფარიძე მამის დეკლარაციაში ბოლოს 2018 წელს მოხვდა. მის სამუშაო ადგილად მითითებული იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, გაეროს პროგრამის ხელმძღვანელი...

ვიქტორ ჯაფარიძე ქალიშვილთან ერთად

დეპუტატის უფროსი ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე მედიასთან არ ჩანს. სოციალურ ქსელში დახურული აქვს პროფილი... საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, შვიდ კომპანიაში ფლობს წილს ვიქტორ ჯაფარიძის შვილი, ოთარ ჯაფარიძე, მათ შორის იგი შპს “ექსპერტ ჰაუსის” 24% წილის მფლობელია.

შპს “ექსპერტ ჰაუსი” 2017 წლიდან დღემდე 14 ტენდერში მონაწილეობდა და 6 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 2,571,006 ლარი შეადგინა.

ოთარ ჯაფარიძე ასევე არის შპს “TOB კონსტრაქშენის” 50% წილის მფლობელი. 2018 წელს შპს სულ ორ ტენდერში მონაწილეობდა და ორივეჯერ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ორივე შემთხვევაში შემსყიდველი “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” იყო, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ კი 3,635,920 ლარი შეადგინა...