ავტორი:

"საქართველო დატყვევებული ქვეყანაა" - მწვავე შეფასებები ევროპარლამენტიდან: განცხადებები "ივანიშვილის გავლენაზე" და მოწოდება სააკაშვილთან დაკავშირებით

"საქართველო დატყვევებული ქვეყანაა" - მწვავე შეფასებები ევროპარლამენტიდან: განცხადებები "ივანიშვილის გავლენაზე" და მოწოდება სააკაშვილთან დაკავშირებით

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, სადაც მწვავე შეფასებები გაკეთდა საქართველოს მთავრობის მისამართით. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, დროულად იმოქმედონ და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ. მათ ასევე ისაუბრეს "ივანიშვილის გავლენებზე" ქართულ პოლიტიკაში.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: "დემოკრატიული უკუსვლის დაჩქარება გრძელდება. სასამართლო სისტემას კლანები მართავენ. ცნობილი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, როგორიცაა ნიკა გვარამიას გაუმართლებელი დაპატიმრება. მთავრობა პუტინის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოთი სარგებლობს და ავრცელებს ტყუილებს ევროკავშირის, აშშ-ისა და ნატო-ს წინააღმდეგაც კი. ეს არაფერია, თუ არა უსირცხვილო ტყუილი, რომ დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. მედიათავისუფლება უარესდება.

ათი წლის წინ ბიძინა ივანიშვილი გასაოცარ დემოკრატიას დაგვპირდა, სინამდვილეში კი, დატყვევებული ქვეყანა მოიტანა. ამ ყველაფრის გამო საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია და მათ, ვინც ამას ვერ შეასრულებს, მომავალი თაობებისთვის პასუხის გაცემა მოუწევთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მიშას გათავისუფლება ჰუმანიტარული მიზეზების გამო".

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე: "საქართველო ეკუთვნის ევროპას. ის საბჭოთა რუსეთმა ძალით ჩამოაშორა ევროპას. დღეს ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჰიტლერისა და სტალინის მიერ ევროპაში დაწესებული გამყოფი ხაზების ნარჩენები უნდა წაიშალოს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კი, ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკავშირს უფრო ძლიერს გახდის, მათ შორის უსაფრთხოების კუთხითაც. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივეა, რაც ქართველი ხალხის. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, ყველაფერი, რაც უნდა გააკეთონ, წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში და მათ უნდა შეასრულონ ის მანიპულაციებისა და თვალთმაქცობის გარეშე. მძიმედ ავადმყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა არ არის ევროპული ფასეულობა. ხალხის წამება ეს არის პუტინის პოლიტიკა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი თქვენს სინდისზე არ იყოს".

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი: "საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რეფორმების განხორციელების კუთხით ლიდერი ქვეყანა იყო. ეს კიდევ უფრო იმედის გამაცრუებელს ხდის უარყოფით ტენდენციებს, რომლებიც გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. უნდა ვაღიაროთ, გარკვეული პროგრესი ზოგიერთ სექტორულ რეფორმაში, მაგრამ არ შეიძლება უგულებელვყოთ დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის საერთო მდგომარეობა. პოლიტიკური ლიდერები ღრმად ყოფენ არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებას.

მმართველი პარტია განაგრძობს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების უგულებელყოფას. ერთ ოლიგარქს პოლიტიკურ ლანდშაფტზე კვლავ გადაჭარბებული ზეგავლენა აქვს. ვხედავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმებს, სასამართლო სისტემა არასწორად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლისთვის და პოლიტიკური პროცესები უარესდება. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ველით, რომ ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული პოლიტიკური ბრალდებები უნდა გაუქმდეს და ის უნდა გათავისუფლდეს. ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის გავლის საშუალება".

ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა: "საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. წლების განმავლობაში ვიმეორებთ, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური თავისუფლება და ადამიანის უფლებები საქართველოში მოიცავს საკითხებს, მრავალი ელემენტის გაუმჯობესების გარეშე, სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს შესახებ ანგარიში ცოტაოდენ კრიტიკულია. რეალური და სრულყოფილი რეფორმების განხორციელება და ამჟამინდელ კანონმდებლობაში ნაკლოვანებების მოგვარება აუცილებელია.

პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ადგილი არ არის. თუ ევროპული მომავლისა და კანდიდატის სტატუსის სურვილი თუ არსებობს, იქნება გზაც. საქართველომ უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების მიზნისკენ. პირდაპირ მივმართავ ქართველ პოლიტიკოსებს : გადადეთ გვერდზე თქვენი განსხვავებები, იმუშავეთ დავალების შესასრულებლად, უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელსაც შეუძლია თქვენი მოქალაქეების მისწრაფებების შესრულება".

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი: "სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას. მინდა, ხუთი შენიშვნა გავაკეთო. პირველი – პოლიტიკურმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ნდობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ აქტორებს შორის. მეორე – უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესის გადაჭარბებული გავლენა. მესამე – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, ეს გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას, გამჭირვალე მედია მფლობელობას და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტულ, მიუკერძოებელ არადისკრიმინაციულ გაშუქებას.

მეოთხე – საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები და ბოლოს, მე, როგორც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა".

ევროპარლამენტარი, სვენ მიქსერი: "რაც შეეხება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ვაფასებ საქართველოს მკაფიო პოზიციას სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. საქართველო ევროკავშირთან ერთად აძლევს ხმას რუსეთის აგრესიისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დასაგმობად. ამასთან, ღრმად ვარ შეშფოთებული ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკის გამო, რომლებიც ადანაშაულებენ ევროკავშირსა და ჩვენს პარტნიორებს, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ევროკავშირი მდგრადად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ევროპასა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს".