ავტორი:

"ჩვენ უკრაინელები ვართ, ყველაფერს გავუძლებთ" - მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე უმკაცრესი ზამთრის პირისპირ, "უძლეველი პუნქტები" და რუსები, რომლებიც მათ გაყინვას ნატრობენ (ფოტოები)

"ჩვენ უკრაინელები ვართ, ყველაფერს გავუძლებთ" - მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე უმკაცრესი ზამთრის პირისპირ, "უძლეველი პუნქტები" და რუსები, რომლებიც მათ გაყინვას ნატრობენ (ფოტოები)

უკრაინის ზოგიერთ ქალაქში ჰაერის ტემპერატურა - 6 გრადუსზე დაბალია. მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვს და ასეთ დროს მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. მიზეზი პუტინი და რუსი ოკუპანტები არიან, რომლებმაც უკრაინის ენერგოსისტემაზე შეტევა რუტინად აქციეს და ბოლო კვირებია თავს ესხმიან ენერგო ობიექტებს.

ოკუპანტები უტევენ სარაკეტო სისტემით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინელი ელექტროტექნიკოსები შეუჩერებლად მუშაობენ, გმირულად ცდილობენ მიღებული ზიანის აღმოფხვრას რაც შეიძლება სწრაფად, რათა მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეს, თუმცა როდესაც ერთ პრობლემას აღმოფხვრიან, ოკუპანტებს უკვე ახალი იერიში მიაქვთ და სხვა ობიექტი გამოდის მწყობრიდან.

კიევი

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა,10 დეკემბერს რუსულმა ძალებმა 15 ვერტმფრენით მიიტანეს იერიში. მათი ორი-მესამედი უკრაინის დავდაცვის სისტემამ გააუვნებლა, მაგრამ დარჩენილმა თვითმფრინავებმა ოდესის ქვესადგური გააფუჭეს. რის გამოც, კიდევ 1.5 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სარემონტო სამუშაოებს შესაძლოა, 2-3 თვე დასჭირდეს.

უკრაინელი მეხანძრეები შესვენებისას თბილ კარავში

10 დეკემბრამდე ოკუპანტებმა მასშტაბური შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოსისტემაზე - ელექტროსადგურებზე, გათბობის სადგურებზე, წყალმომარაგების კომპანიებსა და მათი განაწილების სისტემებზე. შედეგად, კიევის რეგიონის ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ხელოვანებმა კიევში, ბატარეებით განათებულ თეატრში გამართეს წარმოდგენა

ასეთი შეტევები ხშირია. პუტინი უკრაინელთა მორალურად გატეხვას ცდილობს. ის იმედოვნებს, რომ უკრაინელების გამძლეობას, რომლებმაც აქამდე უდიდეს განსაცდელს გაუძლეს, უშუქობა, გათბობისა და სხვა კომუნიკაციების საშუალებების არქონა გატეხავს და მათში საბრძოლო სულისკვეთებას ჩაახშობს.

ჩაბნელებული კიევი

მთლიანობაში, რუსეთმა მხოლოდ უკრაინის ენერგოსისტემაზე იერიშისთვის 1000-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა. შედეგად, დაზიანებულია ენერგოსისტემის 40%-ზე მეტი. აშშ დაჰპირდა უკრაინას 53 მლნ დოლარს სპეციალურად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, ნორვეგია 100 მლნ დოლარს გზავნის, ევროსაბჭო სთავაზობს 18 მილიარდი ევროს ოდენობით 10-წლიან სესხს ენერგო ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი ცდილობენ უკრაინას ახალი გენერატორები მიაწოდონ და ქსელი უზრუნველყონ აღჭურვილობით, ისევე როგორც სხვა დასავლური ქვეყნები და კერძო ენერგეტიკული კომპანიები. სამწუხაროდ, უკრაინის ენერგოქსელი საბჭოთა პერიოდისაა, მოძველებულია და დასავლეთში მასთან თავსებადი აღჭურვილობა რთულად საპოვნელია.

უკრაინელები დაზიანებულ წყლის მილს აკეთებენ

ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ ნოემბრის ბოლოს შეაფასა, რომ მილიონობით უკრაინელს სიკვდილის საფრთხე ემუქრება სიცივის გამო, ამ ფონზე დაავადებების გახშირების, ავადმყოფობის მკურნალობის შესაძლებლობის არარსებობის გამო. Human Rights Watch-მა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმები ომის კანონების დარღვევად შეაფასა, რადგან ეს ყველაფერი ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორისთვის.

რას ამბობენ რუსეთში?

უკრაინის გაყინვისა და შიმშილით მოკვლის მიზანმიმართული მცდელობა პუტინის გენოციდური მანიის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. სამწუხაროდ, ის ამ საქმეში მარტო არ არის. რუსებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევას. რუსმა დეპუტატმა ბორის ჩერნიშოვმა იმედი გამოთქვა, რომ "უკრაინელები გაიყინებიან". დეპუტატმა ანდრეი გურულიოვმა მოუწოდა რუსეთს "დაასრულოს“, გაანადგუროს უკრაინის ელექტროქსელი და შემდეგ გადავიდეს საბანკო სისტემაზე.

"თუ ჩვენ დავბომბავთ მათი საბანკო ოპერაციების ცენტრს, ისინი ვერ გადარიცხავენ, ბარათები არ იმუშავებს და ხალხი ვერ მიიღებს ხელფასს“, - ამბობს ის.

როგორ იქცევიან ასეთ ურთულეს დროს უკრაინელები?

რუსების გეგმა, მორალურად გატეხონ უკრაინელები, წარუმატებელია. უკრაინელებმა მსოფლიო და რა თქმა უნდა, რუსები უკვე არაერთხელ გააკვირვეს თავიანთი ბრძოლისუნარიანობით. ისინი მტკიცედ დგანან იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც გადაულახავი გვგონია. უკრაინელებმა იციან, რომ მათი მორალი არის ბრძოლის ველის ცენტრალური ხაზი და ეს არ არის ის ტერიტორია, რომელსაც პუტინს დაუთმობენ.

"უძლეველი სადგური" დაარქვეს იმ კარვებს, სადაც მოსახლეობას შეუძლია მივიდეს, გათბეს, ტელეფონი დამუხტოს და ცხელი ჩაი მიირთვას.

უკრაინაში შეიქმნა "უძლეველი პუნქტები“, ეს არის კარვები, სადაც მოსახლეობას შეუძლია მივიდეს, გათბეს, ჩაი დალიოს, სენდვიჩები მიირთვას, ტელეფონები და სხვა მოწყობილობები დამუხტოს.

"თუ პუტინს სურს, რომ ამით გაგვტეხოს, უკუშედეგს მიიღებს. ეს უბრალოდ აძლიერებს უკრაინელების რისხვას რუსეთის მიმართ, უფრო მეტად ვწყევლით და უფრო მეტად გვძულს ისინი“, - ამბობს უკრაინელი მარინა ჰონჩაროვა. მისი თქმით, უკრაინელები კიდევ უფრო მეტად გაერთიანდნენ.

"ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ და შეგვიძლია ამის გადალახვა. ჩვენ შეგვიძლია ყველანაირ პირობებში ცხოვრება“, - ამბობს 50 წლის უკრაინელი ქალი ანგელინა ანატოლიევა.